რომაელების მიმართ 5:1—21
5 ვინაიდან რწმენის გამო მართლებად ჩავითვალეთ,+ გავიხაროთ ღმერთთან მშვიდობით* ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მეშვეობით.+
2 მისდამი რწმენის საფუძველზე გზა გაგვეხსნა ღვთისკენ მისი წყალობის მისაღებად და ვიღებთ კიდეც მას.+ მაშ, მოდი ვიხაროთ* ღვთისგან განდიდების იმედით!
3 და არა მარტო ამით, არამედ გასაჭირშიც ვიხაროთ,+ რადგან ვიცით, რომ გასაჭირი მოთმინებას წარმოშობს,+
4 მოთმინების შედეგი ღვთის მოწონებაა,+ ღვთის მოწონებისა კი — იმედი,+
5 ხოლო იმედი არ გაგვაწბილებს,+ რადგან გულში ღვთის სიყვარული ჩაგვეღვარა ჩვენთვის ბოძებული წმინდა სულის წყალობით.+
6 ქრისტე უღვთოთათვის მოკვდა დანიშნულ დროს, როცა ჯერ კიდევ ცოდვილნი* ვიყავით.+
7 ძნელად თუ მოკვდება ვინმე მართლისთვის, თუმცა კარგი* კაცისთვის შეიძლება მოკვდეს კიდეც ვინმე.
8 ღმერთმა კი სიყვარული იმით დაგვიმტკიცა, რომ ქრისტე მაშინ მოკვდა ჩვენთვის, როცა ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით.+
9 მეტიც, რაკი მისი სისხლით მართლებად ჩავითვალეთ,+ ღვთის რისხვასაც გადავურჩებით მისი მეშვეობით.+
10 თუკი მაშინ, როცა მტრები ვიყავით, ღმერთს მისი ძის სიკვდილით შევურიგდით,+ მით უმეტეს ახლა, შერიგებულნი, გადავრჩებით მისი სიცოცხლით.
11 ამასთანავე, ჩვენ ღმერთთან ურთიერთობით ვხარობთ ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მეშვეობით, რომლის წყალობითაც შევურიგდით მას.+
12 ერთი ადამიანის მეშვეობით შემოვიდა ცოდვა ქვეყნიერებაში და ცოდვის მეშვეობით — სიკვდილი,+ ამგვარად სიკვდილი გავრცელდა ყველა ადამიანზე, რადგან ყველამ შესცოდა. . .+
13 კანონამდე ცოდვა უკვე იყო ქვეყნიერებაში, მაგრამ კანონის გარეშე ცოდვა დანაშაულად არ ითვლება.+
14 მიუხედავად ამისა, სიკვდილი იყო გაბატონებული ადამიდან მოსემდე მათზეც, ვისაც არ შეუცოდავს ადამივით, რომელიც იმის მსგავსი იყო, ვინც უნდა მოსულიყო.+
15 შეცოდებისგან განსხვავებით ძღვენმა საპირისპირო შედეგი მოიტანა: თუ ერთი კაცის შეცოდების გამო მრავალი მოკვდა, ერთი კაცის, იესო ქრისტეს მიერ გამოვლენილი წყალობით მრავალმა+ უხვად მიიღო ღვთის წყალობა და ძღვენი.+
16 იმისგან განსხვავებით, რაც ერთი კაცის შეცოდებას მოჰყვა,+ ძღვენმა საპირისპირო შედეგი მოიტანა: ერთ შეცოდებას შედეგად მსჯავრი მოჰყვა,+ ხოლო მრავალ შეცოდებას — ძღვენი, გამართლება.+
17 თუ ერთი კაცის შეცოდების გამო სიკვდილი გამეფდა მისი მეშვეობით,+ მით უფრო სარწმუნოა ის, რომ ერთი კაცის, იესო ქრისტეს მეშვეობით+ იცოცხლებენ და იმეფებენ+ ისინი, ვინც უხვად იღებენ წყალობასა და ძღვენს, მართლად გამოცხადებას.+
18 ამრიგად, როგორც ერთი შეცოდების შედეგად დაედო მსჯავრი ყველას,+ ასევე ერთი სწორი მოქმედებით გამართლდა ყველანაირი ადამიანი,+ რომ იცოცხლონ.+
19 როგორც ერთი კაცის ურჩობით გახდა ბევრი ცოდვილი,+ ასევე ერთის მორჩილებით გამართლდება მრავალი.+
20 კანონი ცოდვათა სიმრავლის წარმოსაჩენად მოგვეცა,+ მაგრამ, როცა ცოდვა გამრავლდა, წყალობამ ცოდვათა სიმრავლეს გადააჭარბა.
21 რას მოემსახურა ეს? იმას, რომ, როგორც ცოდვა მეფობდა სიკვდილთან ერთად,+ ისევე ემეფა წყალობას სიმართლით ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მეშვეობით მარადიული სიცოცხლის მისაღებად.+
სქოლიოები
^ ან შესაძლოა: „ღმერთთან მშვიდობა გვაქვს“.
^ ან შესაძლოა: „ვხარობთ“.
^ სიტყვასიტყვით — „სუსტნი“.
^ იხ. „სიკარგე“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).