რომაელების მიმართ 8:1—39
-
სიცოცხლე და თავისუფლება სულის კანონის მეშვეობით მიიღწევა (1—11).
-
„შვილების სული მიიღეთ“ (12—17).
-
ქმნილება ელის ღვთის შვილთა დიდებულ თავისუფლებას (18—25).
-
„სული სწვდება ჩვენს გამოუთქმელ ოხვრას“ (26, 27).
-
ღმერთმა წინასწარ განაწესა თავისი განზრახვით მოხმობილნი (28—30).
-
ვერავინ ჩამოგვაშორებს ღვთის სიყვარულს (31—39).
8 ქრისტე იესოსთან ერთობაში მყოფთ მსჯავრი არ ედებათ,
2 რადგან სულის კანონმა, რომელიც სიცოცხლეს იძლევა ქრისტე იესოს მეშვეობით, ცოდვისა და სიკვდილის კანონისგან გაგათავისუფლათ.+
3 ის, რაც კანონმა ვერ შეძლო,+ რადგან მას ძალა დაუკარგა+ ცოდვილმა ხორცმა, ღმერთმა აღასრულა, როცა გამოგზავნა თავისი ძე,+ ცოდვილ კაცთა მსგავსი,+ ცოდვის აღმოსაფხვრელად. ამგვარად ის მსჯავრს სდებს ხორცში დამკვიდრებულ ცოდვას,
4 რათა კანონის სამართლიანი მოთხოვნები შევასრულოთ ჩვენ,+ ვინც ხორცით კი არ დავდივართ, არამედ სულით.+
5 ხორცით მავალნი ხორციელზე ფიქრობენ,+ ხოლო სულით მავალნი — სულიერზე.+
6 ხორციელზე ფიქრს სიკვდილი მოჰყვება,+ სულიერზე ფიქრს კი — სიცოცხლე და მშვიდობა,+
7 ვინაიდან ხორციელზე ფიქრი ღვთის მტრობას ნიშნავს,+ რადგან ხორცი არ ემორჩილება ღვთის კანონს და ვერც დაემორჩილება.
8 ასე რომ, ვინც ხორციელი სურვილებით ცხოვრობს, ვერ ასიამოვნებს ღმერთს.
9 თუ ღვთის სული ნამდვილად მკვიდრობს თქვენში, ხორციელ სურვილებს კი არ ხართ აყოლილნი, არამედ სულს მიჰყვებით;+ ვისაც ქრისტეს მსგავსი სულისკვეთება არა აქვს, ის ქრისტესი არ არის.
10 მართალია, თქვენი სხეული ცოდვის გამო კვდება, მაგრამ, თუ ქრისტესთან ხართ გაერთიანებულნი,+ სული სიცოცხლეს გიბოძებთ, რაკი მართლებად ჩაითვალეთ.
11 თუ თქვენში მისი სული მკვიდრობს, ვინც იესო მკვდრეთით აღადგინა,+ მაშინ ის თქვენს მოკვდავ სხეულებსაც გააცოცხლებს+ თქვენში დამკვიდრებული თავისი სულით.
12 მაშ ასე, ძმებო, ჩვენ იძულებულნი არ ვართ, დავემორჩილოთ ხორცს და მისი სურვილებით ვიცხოვროთ.+
13 თუ ხორციელ სურვილებს აჰყვებით, სიკვდილი არ აგცდებათ, მაგრამ, თუ ღვთის სულით სხეულის საქმეებს ჩაკლავთ,+ იცოცხლებთ,+
14 ვინაიდან ყველა, ვისაც ღვთის სული მიუძღვება, ღვთის ძეა.+
15 თქვენ არ მიგიღიათ მონობის სული, რომ კვლავინდებურად შიშით იყოთ მოცული, არამედ შვილების სული მიიღეთ, რომლითაც ვღაღადებთ: „აბბა*, მამა!“+
16 თავად ეს სული უმოწმებს ჩვენს სულს,+ რომ ღვთის შვილები ვართ.+
17 და, თუ შვილები ვართ, მემკვიდრენიც ვართ — ღვთის მემკვიდრენი და ქრისტეს თანამემკვიდრენი+ — ოღონდ მასთან ერთად უნდა ვიტანჯოთ,+ რომ მასთან ერთად განვდიდდეთ კიდეც.+
18 ამიტომ, ვფიქრობ, ახლანდელი ტანჯვა არაფერია იმ დიდებასთან შედარებით, რომელსაც ღმერთი ჩვენი მეშვეობით გააცხადებს.+
19 მთელი ქმნილება ხომ მოუთმენლად ელის ღვთის ძეების გამოცხადებას,+
20 ვინაიდან ქმნილება თავისი ნებით კი არ დაემორჩილა ამაოებას,+ არამედ მისი ნებით, ვინც ის დაუმორჩილა ამაოებას იმ იმედის საფუძველზე,
21 რომ ქმნილებაც გათავისუფლდებოდა+ ხრწნის მონობისგან და მიიღებდა ღვთის შვილთა დიდებულ თავისუფლებას,
22 რადგან ვიცით, რომ მთელი ქმნილება დღემდე ოხრავს და იტანჯება.
23 ჩვენც, ვისაც გვაქვს ჩვენი მემკვიდრეობის საწინდარი* ანუ სული, ვოხრავთ+ და მთელი გულით ველით შვილებას,+ ჩვენი სხეულებიდან გათავისუფლებას გამოსასყიდით.
24 ამ იმედით გადავრჩით. გამართლებული იმედი კი იმედი აღარ არის, რადგან, როცა იმედი მართლდება, განა მას კვლავ იმედი ჰქვია?!
25 მაგრამ, თუ ჯერ კიდევ არ გამართლებულა+ ჩვენი იმედი,+ მას მოთმინებით+ ველით.
26 ამასთანავე, სული გვეხმარება უძლურებისას,+ რადგან, როცა არ ვიცით, რაზე ვილოცოთ, სული სწვდება ჩვენს გამოუთქმელ ოხვრას და გვშუამდგომლობს;
27 გულთამხილავ ღმერთსაც+ ესმის, რას გამოთქვამს სული, რადგან ის ღვთის ნებისამებრ შუამავლობს წმინდებს.
28 ჩვენ ვიცით, რომ ღმერთი ყველაფერს თავის მოყვარულთა, თავისი განზრახვით მოხმობილთა სასიკეთოდ აკეთებს;+
29 ისინი, ვისი არსებობაც მან თავიდანვე განსაზღვრა, იმისთვის განაწესა, რომ თავისი ძის მსგავსები ყოფილიყვნენ,+ რათა ის პირმშო გამხდარიყო+ მრავალ ძმას შორის.+
30 გარდა ამისა, ვინც განაწესა,+ მათ მოუხმო კიდეც,+ და ვისაც მოუხმო, მართლადაც მიიჩნია.+ დაბოლოს, ვინც მართლად მიიჩნია, განადიდა კიდეც.+
31 ამაზე რაღას ვიტყვით? თუ ღმერთი ჩვენ მხარესაა, ვინ რას გახდება ჩვენ წინააღმდეგ?!+
32 ის, ვინც საკუთარი ძე გაიმეტა და ყველას შემოგვწირა,+ განა მასთან ერთად სხვა ყველაფერსაც არ გვიბოძებს?!
33 ვინ დასდებს ბრალს ღვთის რჩეულებს?+ ისინი ხომ თვით ღმერთმა მიიჩნია მართლად.+
34 ვინ დაგვდებს მსჯავრს? ვერავინ! ქრისტე იესო ხომ მოკვდა და აღდგა, ღვთის მარჯვნივ არის+ და გვშუამავლობს კიდეც!+
35 განა ჩამოგვაშორებს რამე ქრისტეს სიყვარულს?!+ განა ჩამოგვაშორებს მას გასაჭირი, ვაება, დევნა, შიმშილი, სიშიშვლე, საფრთხე თუ მახვილი?!+
36 როგორც დაწერილია: „შენი გულისთვის ყოველდღე სასიკვდილოდ გვიმეტებენ, დასაკლავ ცხვრებად მიგვიჩნევენ“,+
37 მაგრამ ჩვენ ყველაფერში სრულად ვიმარჯვებთ მისი წყალობით,+ ვინც შეგვიყვარა,
38 რადგან მჯერა, რომ ვერც სიკვდილი, ვერც სიცოცხლე, ვერც ანგელოზები, ვერც ხელისუფლებები, ვერც აწმყო, ვერც მომავალი, ვერც ძალები,+
39 ვერც სიმაღლე, ვერც სიღრმე, ვერც ვერავითარი სხვა ქმნილება ვერ ჩამოგვაშორებს ღვთის სიყვარულს, რომელიც ჩვენს უფალ ქრისტე იესოშია!
სქოლიოები
^ არამეული ან ებრაული წარმოშობის სიტყვა; ალერსობითი და, იმავდროულად, თავაზიანი მიმართვა მამისადმი.
^ სიტყვასიტყვით — „პირველი ნაყოფი“.