რუთი 3:1—18

  • ნაომი არიგებს რუთს (1—4).

  • რუთი და ბოაზი კალოზე (5—15).

  • რუთი ნაომისთან ბრუნდება (16—18).

3  უთხრა დედამთილმა რუთს: „შვილო, თავშესაფარი მინდა მოგიძებნო,+ რომ არაფერი გაგიჭირდეს.  ჩვენი ნათესავი ბოაზი,+ რომლის მოახლეებთან ერთადაც იყავი, ამ საღამოს ქერს ანიავებს კალოზე.  დაიბანე, ნელსაცხებელი იცხე, გამოეწყვე და კალოზე ჩადი, ოღონდ არ შეგნიშნოს, სანამ ჭამა-სმას არ მორჩება.  სადაც დაწვება, შენც იქ მიდი, გადახადე ფეხებთან და მიუწექი. მერე ის გეტყვის, როგორ მოიქცე“.  მან მიუგო: „ყველაფერს ისე გავაკეთებ, როგორც მეუბნები“.  ჩავიდა იგი კალოზე და ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც დედამთილმა დაარიგა.  ამასობაში ბოაზმა ჭამა, სვა და გულიც გაუხალისდა. წავიდა და მარცვლეულის გროვასთან მიწვა. ცოტა ხანში რუთი უჩუმრად მივიდა, გადახადა ფეხებთან და მიუწვა.  შუაღამისას ბოაზი კანკალმა აიტანა, წამოიწია და დაინახა, რომ ქალი ეწვა ფეხებთან.  ჰკითხა: „ვინა ხარ?“ მან მიუგო: „რუთი ვარ, შენი მსახური. კალთა გადმოაფარე* შენს მსახურს, რადგან შენა ხარ გამომსყიდველი“.+ 10  მან უთხრა: „იეჰოვამ გაკურთხოს, შვილო. ახლა უწინდელზე მეტად გამოჩნდა შენი სიყვარული*,+ რადგან არ გაჰყევი ახალგაზრდას — არც მდიდარს და არც ღარიბს. 11  ნუ გეშინია, შვილო. რაც მთხოვე, ყველაფერს შეგისრულებ,+ რადგან მთელმა ქალაქმა იცის, რომ ღირსეული ქალი ხარ. 12  მართალია, მეც ვარ გამომსყიდველი,+ მაგრამ არის კიდევ ერთი კაცი, უფრო ახლო ნათესავი.+ 13  აქ გაათიე ღამე. თუ გამოგისყიდის დილით, ხომ კარგი,+ თუ არადა, ცოცხალ ღმერთს, იეჰოვას, ვფიცავ, მე გამოგისყიდი! იწექი აქ დილამდე“. 14  დილამდე მის ფეხებთან იწვა იგი და მაშინ ადგა, როცა ჯერ კიდევ ბნელოდა. ბოაზს არ უნდოდა, ვინმეს გაეგო, რომ კალოზე ქალი იყო. 15  უთხრა ქალს: „მოდი, გაშალე მოსასხამი“. მანაც გაშალა. ჩაუყარა რუთს ბოაზმა 6 საწყაო* ქერი, ააწევინა და სახლში გაატანა, თვითონ კი ქალაქში წავიდა. 16  შინ მისულ რუთს დედამთილმა ჰკითხა: „აბა, რა მოხდა, შვილო?“ რუთმა ყველაფერი უამბო. 17  მერე უთხრა: „ეს 6 საწყაო ქერი მომცა, დედამთილთან ხელცარიელი ნუ წახვალო“. 18  მან მიუგო: „მშვიდად იყავი, შვილო, ვიდრე შეიტყობდე, რა მოხდება, რადგან არ მოისვენებს ეგ კაცი, თუ დღესვე ბოლომდე არ მიიყვანს ამ საქმეს“.

სქოლიოები

სხვაგვარად — „მფარველობა გაუწიე“.
ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
შესაძლოა 6 სეა ანუ დაახლ. 20 კგ. იხ. დანართი ბ14.