მოციქულთა საქმეები 15:1—41

  • წინადაცვეთის საკითხზე დავა ანტიოქიაში (1, 2).

  • წინადაცვეთის საკითხის იერუსალიმში განხილვა (3—5).

  • უხუცესებისა და მოციქულების შეკრება (6—21).

  • ხელმძღვანელი საბჭოს წერილი (22—29).

    • სისხლისგან თავის შეკავება (28, 29).

  • მიღებული წერილი კრებებს ამხნევებს (30—35).

  • პავლესა და ბარნაბას გზები იყრება (36—41).

15  იუდეიდან რამდენიმე კაცი ჩამოვიდა და ძმებს ასწავლიდა, წინადაიცვითეთ, როგორც ამას მოსეს კანონი მოითხოვს,+ თორემ ვერ გადარჩებითო.  როცა პავლესა და ბარნაბას მათთან დიდი დავა და უთანხმოება მოუვიდათ, გადაწყდა, რომ პავლე, ბარნაბა და ზოგიერთი ძმა მოციქულებთან და უხუცესებთან წასულიყვნენ იერუსალიმში+ ამ საკითხის გადასაჭრელად.  ისინი კრებამ გააცილა. ფინიკიისა და სამარიის გავლისას იქაურ ძმებს დაწვრილებით უყვებოდნენ უცხოტომელების მოქცევის შესახებ, რაც მათ ძალიან ახარებდათ.  იერუსალიმში რომ ჩავიდნენ, მოციქულებმა, უხუცესებმა და მთელმა კრებამ გულთბილად მიიღეს ისინი და მათგან ბევრი რამ მოისმინეს იმის შესახებ, რაც ღმერთმა მათი მეშვეობით მოიმოქმედა.  მაგრამ ფარისეველთა სექტის წევრები, რომლებმაც ირწმუნეს, წამოდგნენ და თქვეს: „აუცილებელია, რომ წინადაიცვითონ და მოსეს კანონი დაიცვან!“+  ამ საკითხის განსახილველად მოციქულები და უხუცესები შეიკრიბნენ.  დიდხანს იმსჯელეს; ბოლოს პეტრე ადგა და უთხრა მათ: „ძმებო, კარგად იცით, რომ თავდაპირველად ღმერთმა თქვენ შორის მე ამირჩია, რათა უცხოტომელებს ჩემგან მოესმინათ სასიხარულო ცნობა და ერწმუნათ.+  გულთამხილავმა ღმერთმაც+ დაანახვა მათ, რომ მოიწონა, როცა ჩვენსავით მათაც მისცა წმინდა სული.+  ჩვენ და მათ შორის არანაირი განსხვავება არ გაუკეთებია+ და მათი გულები მათივე რწმენის გამო განწმინდა.+ 10  მაშ, რატომ სცდით ღმერთს და რატომ ადგამთ მოწაფეებს კისერზე უღელს,+ რომლის ტარება ვერც ჩვენმა მამა-პაპამ შეძლო და ვერც ჩვენ?!+ 11  ჩვენ გვწამს, რომ უფალ იესოს წყალობამ+ ჩვენც გვიხსნა და ის ხალხიც“.+ 12  ამაზე ყველანი დადუმდნენ. მერე პავლემ და ბარნაბამ დაიწყეს ლაპარაკი და იმ მრავალი სასწაულისა და საკვირველების შესახებ ჰყვებოდნენ, რომლებიც ღმერთმა მათი მეშვეობით უცხოტომელთა შორის მოიმოქმედა. 13  როცა ლაპარაკი დაასრულეს, იაკობმა თქვა: «ძმებო, ყური დამიგდეთ. 14  სიმონმა+ ყველაფერი გვიამბო, თუ როგორ მოხედა ღმერთმა პირველად უცხოტომელებს და როგორ გამოარჩია მათგან ხალხი, რომ მისი სახელი ეტარებინათ.+ 15  ამას წინასწარმეტყველთა შემდეგი სიტყვებიც ადასტურებს: 16  „ამის შემდეგ დავბრუნდები, აღვმართავ დავითის დაცემულ კარავს, აღვადგენ მის ნანგრევებს და ხელახლა ავაგებ მას, 17  რათა გადარჩენილებმა და ჩემი სახელით წოდებულმა უცხოტომელებმა გულმოდგინედ ეძებონ იეჰოვა*, — ამბობს იეჰოვა*, რომელიც ამ ყველაფერს იქმს,+ 18  იმას, რაც დიდი ხნის წინ გადაწყვიტა“.+ 19  ამიტომ მე ვფიქრობ, არ გავუძნელოთ უცხოტომელებს ღვთისკენ მოქცევა;+ 20  მხოლოდ ის მივწეროთ, რომ მოერიდონ კერპთშენაწირს*,+ უზნეობას*,+ დამხრჩვალსა და სისხლს.+ 21  მოსეს სიტყვებს ხალხი ხომ ისედაც ძველი დროიდან ქადაგებს ყველა ქალაქში და ყოველ შაბათს ხმამაღლა კითხულობს სინაგოგებში».+ 22  მაშინ მოციქულებმა და უხუცესებმა მთელ კრებასთან ერთად გადაწყვიტეს, რომ თავიანთგან აერჩიათ იუდა, რომელსაც ბარსაბასაც ეძახდნენ, და სილა,+ ხელმძღვანელი ძმები, და პავლესთან და ბარნაბასთან ერთად ანტიოქიაში გაეგზავნათ. 23  მათი ხელით ასეთი წერილი გაგზავნეს: „ძმები, მოციქულები და უხუცესები, მოგესალმებით უცხოტომელთაგან მოქცეულ ძმებს ანტიოქიაში,+ სირიასა და კილიკიაში! 24  გავიგეთ, რომ ზოგიერთმა ჩვენგანმა თავიანთი ნალაპარაკევით აგაფორიაქათ+ და შეეცადა თქვენი რწმენის შერყევას, თუმცა მათთვის არანაირი მითითება არ მიგვიცია. 25  ამიტომ მივიღეთ ერთსულოვანი გადაწყვეტილება, რომ აგვერჩია ძმები და გამოგვეგზავნა ჩვენს საყვარელ ბარნაბასთან და პავლესთან ერთად, 26  რომლებიც ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს, სახელისთვის სიცოცხლესაც კი საფრთხეში იგდებენ.+ 27  ვგზავნით იუდასა და სილას, რომლებიც ამას სიტყვიერადაც გადმოგცემენ.+ 28  წმინდა სულმა+ და ჩვენ მართებულად მივიჩნიეთ, მეტი აღარაფერი დაგვეკისრებინა თქვენთვის იმ აუცილებლის გარდა, 29  რომ მოერიდოთ კერპთშენაწირს,+ სისხლს,+ დამხრჩვალს+ და უზნეობას*.+ თუ ამ ყოველივეს მოერიდებით, ხელი მოგემართებათ. მშვიდობით*!“ 30  ჩავიდნენ ეს ძმები ანტიოქიაში, შეკრიბეს მოწაფეები და წერილი გადასცეს. 31  წაიკითხეს მათ ეს გამამხნევებელი წერილი და გაიხარეს. 32  იუდა და სილა, რადგან ისინიც წინასწარმეტყველები იყვნენ, სიტყვით გამოდიოდნენ, ძმებს ამხნევებდნენ და განამტკიცებდნენ.+ 33  იქ რამდენიმე ხანი დაჰყვეს და, როცა მოციქულებთან და უხუცესებთან დაბრუნება დააპირეს, ძმებმა მშვიდობიანი მგზავრობა უსურვეს. 34  *—— 35  პავლე და ბარნაბა ანტიოქიაში დარჩნენ, ასწავლიდნენ და სხვებთან ერთად ქადაგებდნენ სასიხარულო ცნობას, იეჰოვას* სიტყვას. 36  რამდენიმე დღის შემდეგ პავლემ ბარნაბას უთხრა: „მოდი ახლა დავბრუნდეთ და მოვინახულოთ ძმები ყველა ქალაქში, სადაც იეჰოვას* სიტყვას ვაუწყებდით, და ვნახოთ, როგორ არიან“.+ 37  ბარნაბას იოანეს წაყვანა უნდოდა, რომელსაც მარკოზსაც+ ეძახდნენ, 38  მაგრამ პავლეს არ უნდოდა მისი წაყვანა, რადგან ის მათ პამფილიაში ჩამოშორდა და საქმეზე არ გაჰყვა.+ 39  ამის გამო ორივენი გაცეცხლდნენ და ერთმანეთს დასცილდნენ. ბარნაბამ+ მარკოზი წაიყვანა და ხომალდით კვიპროსში წავიდა, 40  პავლემ კი, მას შემდეგ, რაც ძმებმა ილოცეს, რომ მას იეჰოვას* წყალობა არ მოჰკლებოდა, სილა აირჩია და წავიდა.+ 41  სირიისა და კილიკიის გავლისას ის კრებებს განამტკიცებდა.

სქოლიოები

ბერძნ. „პორნია“. იხ. „სექსუალური უზნეობა“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
სიტყვასიტყვით — „კერპებით წაბილწულს“.
სიტყვასიტყვით — „იყავით ჯანმრთელად“.
ბერძნ. „პორნია“. იხ. „სექსუალური უზნეობა“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).