მოციქულთა საქმეები 16:1—40

  • პავლე ტიმოთეს ირჩევს (1—5).

  • ხილვაში ნანახი მაკედონელი კაცი (6—10).

  • ლიდიას გაქრისტიანება ფილიპეში (11—15).

  • პავლესა და სილას დაპატიმრება (16—24).

  • საპყრობილის ზედამხედველი და მისი სახლეულობა ინათლება (25—34).

  • პავლე მობოდიშებას მოითხოვს (35—40).

16  პავლე დერბეში ჩავიდა, იქიდან კი ლისტრაში+ გაემგზავრა. იქ იყო ერთი მოწაფე, სახელად ტიმოთე,+ მორწმუნე იუდეველი ქალის შვილი, მამით ბერძენი.  ლისტრელი და იკონიონელი ძმები მას დადებითად ახასიათებდნენ.  პავლემ მისი წაყვანის სურვილი გამოთქვა, წაიყვანა კიდეც და წინადაცვითა იქ მცხოვრები იუდეველების გამო,+ რადგან ყველამ იცოდა, რომ ბერძენი მამა ჰყავდა.  ქალაქებში გავლისას იქაურებს მოციქულებისა და უხუცესების მიერ იერუსალიმში მიღებულ დადგენილებებს გადასცემდნენ.+  კრებები რწმენაში მტკიცდებოდა და დღითი დღე რიცხობრივად იზრდებოდა.  წმინდა სულმა მათ აზიაში ღვთის სიტყვის ქადაგება აუკრძალა, ამიტომ ისინი ფრიგიისა და გალატიის+ გავლით  მისიაში ჩავიდნენ. იქიდან ბითინიაში+ წასვლა დააპირეს, მაგრამ იესოს სულმა იქაც არ გაუშვა.  ამიტომ მისია გაიარეს და ტროაში ჩავიდნენ.  ღამით პავლეს ხილვა ჰქონდა: ერთი მაკედონელი კაცი მის წინ იდგა და ეხვეწებოდა, ჩამოდი მაკედონიაში და დაგვეხმარეო. 10  როგორც კი მან ეს ხილვა იხილა, მაკედონიაში გადავწყვიტეთ წასვლა, რადგან დავასკვენით, რომ ღმერთმა მიგვანიშნა, მათთვის გვეუწყებინა სასიხარულო ცნობა. 11  ამიტომ გავცურეთ ტროადან და პირდაპირ სამოთრაკიაში ჩავედით; მეორე დღეს ნეაპოლისში გავემგზავრეთ, 12  იქიდან კი ფილიპეში+ წავედით, რომელიც რომის კოლონია და მაკედონიის მთავარი ქალაქია. ამ ქალაქში რამდენიმე დღე დავრჩით. 13  შაბათს კარიბჭის გარეთ გავედით, მდინარის პირას, სადაც სამლოცველო ადგილი გვეგულებოდა. დავსხედით და შეკრებილ ქალებს დავუწყეთ ლაპარაკი. 14  მსმენელთა შორის იყო ერთი ღვთისმოშიში თიატირელი+ ქალი, სახელად ლიდია, ძოწეულით მოვაჭრე. იეჰოვამ* მას გული გაუხსნა, რომ ყურადღებით მოესმინა პავლესთვის. 15  როცა ის და მისი სახლეულობა მოინათლნენ,+ ხვეწნა დაგვიწყო, თუ იეჰოვას* ერთგულად მთვლით, ჩემთან მოდით სახლში და დარჩითო, და დაგვიყოლია. 16  ერთხელ, სამლოცველო ადგილზე რომ მივდიოდით, შეგვხვდა ერთი მოახლე გოგონა. მას დემონი ჰყავდა, სული, რომელიც მკითხაობის ძალას აძლევდა.+ მისი მკითხაობით მისი ბატონები დიდ ფულს შოულობდნენ. 17  ის აგვედევნა და ყვიროდა: „ეს კაცები უზენაესი ღვთის+ მონები არიან და ხსნის შესახებ გაუწყებენ!“ 18  ასე იქცეოდა მრავალი დღის განმავლობაში. ბოლოს პავლე შეწუხდა, მიბრუნდა და სულს უთხრა: „იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებ, გამოდი მისგან!“ ისიც მაშინვე გამოვიდა.+ 19  მიხვდნენ გოგონას ბატონები, რომ ფულს ვეღარ იშოვიდნენ,+ შეიპყრეს პავლე და სილა და მოედანზე მიათრიეს,+ 20  მიიყვანეს მაგისტრატებთან და მოახსენეს: „ამ კაცებს დიდი არეულობა შემოაქვთ ჩვენს ქალაქში.+ იუდეველები არიან 21  და ისეთ ჩვეულებებს ავრცელებენ, რომელთა მიღება და დაცვა ჩვენთვის, რომაელებისთვის, დაუშვებელია“. 22  აღდგა ხალხი მათ წინააღმდეგ. მაგისტრატებმა მათ ტანსაცმელი შემოახიეს და მათი გაჯოხვა ბრძანეს.+ 23  მაგრად რომ სცემეს, საპყრობილეში ჩაყარეს და საპყრობილის ზედამხედველს უბრძანეს, დაპატიმრებულნი მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ ჰყოლოდა.+ 24  ამ ბრძანების შემდეგ მან შიდა საკანში ჩაყარა ისინი და ფეხებზე ხუნდები დაადო. 25  შუაღამისას პავლე და სილა ლოცულობდნენ და სიმღერით ღმერთს ხოტბას ასხამდნენ,+ პატიმრები კი უსმენდნენ მათ. 26  უეცრად ძლიერი მიწისძვრა მოხდა და საპატიმროს საძირკველი შეირყა. უცებ ყველა კარი გაიღო და პატიმრებს ბორკილები დაეხსნათ.+ 27  საპყრობილის ზედამხედველს რომ გაეღვიძა და საპყრობილის კარები ღია დაინახა, მახვილი იშიშვლა და თავის მოკვლა დააპირა, იფიქრა, პატიმრები გაქცეულანო.+ 28  მაგრამ პავლემ ხმამაღლა დაუძახა, თავს არაფერი დამართო, ყველანი აქა ვართო. 29  მან სანათი მოითხოვა, შიგნით შევარდა და, აკანკალებული, პავლესა და სილას წინაშე დაემხო. 30  მერე გარეთ გამოიყვანა ისინი და ჰკითხა: „ბატონებო, რა გავაკეთო, რომ გადავრჩე?“ 31  მათ მიუგეს: „ირწმუნე უფალი იესო და გადარჩებით შენც და შენი შინაურებიც“.+ 32  მერე იეჰოვას* სიტყვა აუწყეს მას და მთელ მის სახლეულობას. 33  მან ისინი იმ ღამესვე წაიყვანა, ჭრილობები მოჰბანა და ის და მთელი მისი სახლეულობა დაუყოვნებლივ მოინათლნენ.+ 34  მერე სახლში მიიყვანა ისინი, სუფრა გაუშალა და დიდად ხარობდა თავის შინაურებთან ერთად, რადგან ღმერთი ირწმუნა. 35  როცა გათენდა, მაგისტრატებმა ხელქვეითები გაუგზავნეს საპყრობილის ზედამხედველს და შეუთვალეს: „გაათავისუფლე ის კაცები“. 36  საპყრობილის ზედამხედველმა მათი დანაბარები პავლეს გადასცა: „მაგისტრატებმა ხელქვეითები გამომიგზავნეს, რომ გაგათავისუფლოთ. გამოდით და წადით მშვიდობით“. 37  პავლემ მიუგო: „ჩვენ, რომის მოქალაქეები, გასამართლების გარეშე სახალხოდ გვცემეს+ და საპყრობილეში ჩაგვყარეს, ახლა კი ჩვენი ფარულად გაშვება უნდათ? არავითარ შემთხვევაში, მოვიდნენ და თვითონ გაგვიყვანონ!“ 38  ხელქვეითებმა ეს სიტყვები მაგისტრატებს მოახსენეს. მათ კი შეეშინდათ, როცა გაიგეს, რომ ისინი რომის მოქალაქეები იყვნენ.+ 39  მივიდნენ და მათი გულის მოლბობას შეეცადნენ, გამოიყვანეს და სთხოვეს, ქალაქი დაეტოვებინათ, 40  მაგრამ ისინი საპყრობილიდან ლიდიას სახლში მივიდნენ. იქ ძმებს შეხვდნენ, გაამხნევეს+ და წავიდნენ.