მოციქულთა საქმეები 2:1—47
2 ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე+ ყველანი ერთად იყვნენ შეკრებილნი.
2 უეცრად ციდან ხმაური გაისმა, თითქოს ძლიერმა ქარმა დაჰბერაო; ხმაური მთელ სახლში ისმოდა, სადაც ისინი ისხდნენ.+
3 მათ დაინახეს, რომ თითქოს ცეცხლის ენები ეშვებოდა თითოეულ მათგანზე.
4 ყველანი წმინდა სულით აღივსნენ+ და სხვადასხვა ენაზე ალაპარაკდნენ; თითოეული იმ ენაზე ალაპარაკდა, რომელზეც წმინდა სულმა აალაპარაკა.+
5 იმ დროს იერუსალიმში თავი მოეყარათ ღვთისმოშიშ იუდეველებს ცისქვეშეთში მცხოვრები ყველა ერიდან.+
6 როცა ხმაური გაისმა, დიდძალი ხალხი შეიკრიბა და ყველა საგონებელში ჩაცვივდა, რადგან ესმოდათ, რომ მათ ენებზე ლაპარაკობდნენ.
7 ისინი განცვიფრებულები ამბობდნენ: „შეხედეთ! ესენი, ვინც ახლა ლაპარაკობენ, გალილეელები+ არ არიან?!
8 მაშ, როგორ ლაპარაკობენ ჩვენს მშობლიურ ენებზე?!
9 პართელებს, მიდიელებს,+ ელამელებს,+ შუამდინარეთის, იუდეის, კაპადოკიის, პონტოს, აზიის,+
10 ფრიგიის, პამფილიის, ეგვიპტის და კირენეს მახლობლად მდებარე ლიბიის მხარეთა მკვიდრთ, რომიდან ჩამოსულ იუდეველებსა და პროზელიტებს,+
11 კრეტელებსა და არაბებს — ყველას გვესმის, როგორ ლაპარაკობენ ჩვენს ენებზე ღვთის დიდებული საქმეების შესახებ“.
12 ყველანი განცვიფრებულები იყვნენ, საგონებელში ჩაცვენილნი ერთმანეთს ეკითხებოდნენ, ნეტავ ეს რას უნდა ნიშნავდესო.
13 თუმცა ზოგი დასცინოდა მათ და ამბობდა, ახალი ღვინით დამთვრალანო.
14 წამოდგა პეტრე თერთმეტ მოციქულთან+ ერთად და ხმამაღლა მიმართა მათ: «იუდეველნო და იერუსალიმის მკვიდრნო, ყური დამიგდეთ, მომისმინეთ!
15 ესენი მთვრალები არ არიან, თქვენ რომ გგონიათ, რადგან ახლა დღის მესამე საათია*.
16 ამით იოელ წინასწარმეტყველის სიტყვები სრულდება:
17 „ბოლო დღეებში, — ამბობს ღმერთი, — გადმოვღვრი ჩემს სულს ყველანაირ ადამიანზე; თქვენი ვაჟები და ასულები აწინასწარმეტყველდებიან, თქვენი ჭაბუკები ხილვებს იხილავენ და თქვენი მოხუცები სიზმრებს ნახავენ.+
18 მაშინ ჩემს მონებსა და მხევლებზეც გადმოვღვრი ჩემს სულს და ისინიც აწინასწარმეტყველდებიან.+
19 მაღლა ცაში ნიშნებს მოვავლენ და დაბლა მიწაზე — სასწაულებს: სისხლს, ცეცხლსა და კვამლის ბოლქვებს.
20 მზე დაბნელდება და მთვარეს სისხლისფერი დაედება იეჰოვას* დიდი და გასაოცარი დღის მოსვლამდე.
21 ყველა, ვინც იეჰოვას* სახელს უხმობს, გადარჩება“.+
22 ისრაელებო, მომისმინეთ! იესო ნაზარეთელი ღმერთმა მოგივლინათ; ეს ცხადი გახდა, როცა ღმერთმა თქვენ შორის მისი მეშვეობით სასწაულები, საკვირველებები და ნიშნები მოახდინა,+ რაც თავადაც კარგად იცით.
23 ეს კაცი, რომელიც თქვენ ღვთის ნებითა და განჭვრეტით გადმოგეცათ,+ ძელზე გააკარით უკანონობის მოქმედთა ხელით და მოკალით.+
24 მაგრამ ღმერთმა ის სიკვდილის ტკივილებისგან* დაიხსნა და აღადგინა,+ რადგან შეუძლებელი იყო, სიკვდილის ტყვეობაში დარჩენილიყო.+
25 დავითმა მისი სათქმელი თქვა: „ყოველთვის თვალწინ მიდგას იეჰოვა*. არ წავიფორხილებ, რადგან მხარში მიდგას იგი.
26 ამიტომ გამხიარულდა ჩემი გული და დიდად გაიხარა ჩემმა ბაგეებმა. იმედიანად ვარ,
27 რადგან არ დამტოვებ* სამარეში* და არ გაიმეტებ შენს ერთგულს გასახრწნელად.+
28 შენ მასწავლე სიცოცხლის გზით სიარული, დიდად გავიხარებ შენ წინაშე, რადგან შენ ამავსებ სიხარულით“.+
29 ძმებო, ჩვენ ხომ ეჭვი არ გვეპარება იმაში, რომ მამამთავარი დავითი მოკვდა, დამარხეს+ და მისი სამარხი დღემდე ჩვენს ქალაქშია.
30 ის წინასწარმეტყველი იყო და იცოდა, რომ ღმერთი მის შთამომავალს დასვამდა ტახტზე, რადგან მისთვის ფიცი ჰქონდა მიცემული.+
31 ამიტომ მან განჭვრიტა და თქვა, რომ ქრისტე აღდგებოდა; ის არ იქნებოდა სამარეში მიტოვებული და მისი სხეული არ გაიხრწნებოდა.+
32 ღმერთმა აღადგინა იესო, რისი მოწმენიც ყველანი ვართ.+
33 რაკი ის ამაღლდა, ღვთის მარჯვნივ დაჯდა+ და მამისგან დაპირებული წმინდა სული მიიღო,+ ამიტომაც გადმოგვაფრქვია ის, რასაც ხედავთ და ისმენთ.
34 მართალია, დავითი არ ასულა ზეცაში, მაგრამ აი, რა თქვა: „იეჰოვამ* ჩემს უფალს უთხრა, იჯექი ჩემ მარჯვნივ,
35 სანამ შენს მტრებს შენს ფეხსადგამად არ ვაქცევო“.+
36 დაე მთელმა ისრაელმა იცოდეს, რომ იესო, რომელიც თქვენ ძელზე გააკარით,+ ღმერთმა უფლად და ქრისტედ აქცია».+
37 ეს რომ მოისმინეს, სულით ხორცამდე შეიძრნენ და პეტრესა და დანარჩენ მოციქულებს ჰკითხეს: „ძმებო, როგორ მოვიქცეთ?“
38 პეტრემ მიუგო: „მოინანიეთ+ და მოინათლეთ+ იესო ქრისტეს სახელით, რათა ცოდვები მოგეტევოთ,+ და მიიღებთ ძღვენს — წმინდა სულს,
39 რადგან ეს დანაპირები+ თქვენთვის, თქვენი შვილებისა და ყველა შორს მცხოვრებისთვისაა, ყველასთვის, ვისაც იეჰოვა*, ჩვენი ღმერთი, მოუხმობს“.+
40 სხვა მრავალი უტყუარი მტკიცებულებაც მოჰყავდა და მოუწოდებდა მათ: „ჩამოსცილდით მაგ უკუღმართ თაობას!“+
41 ვინც მთელი გულით ერწმუნა მას, ყველა მოინათლა.+ იმ დღეს დაახლოებით 3 000 სული შეემატათ.+
42 ისინი მოციქულებისგან გამუდმებით სწავლობდნენ, ყველაფერს ერთმანეთს უზიარებდნენ, ერთად ჭამდნენ+ და ლოცულობდნენ.+
43 მაშინ მოციქულებმა მრავალი სასწაულისა და ნიშნის მოხდენა დაიწყეს და ყველა შიშმა მოიცვა.+
44 ვინც ირწმუნა, ყველანი ერთად იყვნენ და ყველაფერი საერთო ჰქონდათ.
45 ისინი ყიდდნენ თავიანთ მიწებსა და ქონებას+ და რასაც იღებდნენ, ყველას საჭიროებისამებრ უნაწილებდნენ.+
46 ერთი აზრით გაერთიანებულნი ყოველდღე ერთად იყვნენ ტაძარში. ისინი ხან ერთთან იკრიბებოდნენ და ხან მეორესთან, მიჰქონდათ საჭმელი და მთელი გულითა და სიხარულით უზიარებდნენ ერთმანეთს.
47 განადიდებდნენ ღმერთს და ხალხის თვალში კეთილგანწყობას იხვეჭდნენ, იეჰოვა* კი ყოველდღე მატებდა მათ ხალხს, რომელიც ხსნის გზას ადგებოდა.+
სქოლიოები
^ დაახლ. დილის 9 სთ.
^ იხ. დანართი ა5.
^ იხ. დანართი ა5.
^ ან შესაძლოა: „სიკვდილის საბელებისგან“.
^ იხ. დანართი ა5.
^ ბერძნ. „ჰადეს“. იხ. „სამარე“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
^ სიტყვასიტყვით — „ჩემს სულს არ დატოვებ“. ბერძნ. „ფსიქე“. იხ. „სული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
^ იხ. დანართი ა5.
^ იხ. დანართი ა5.
^ იხ. დანართი ა5.