მოციქულთა საქმეები 24:1—27

  • პავლეს ბრალს სდებენ (1—9).

  • პავლე თავს იცავს ფელიქსის წინაშე (10—21).

  • პავლეს საქმის ორი წლით გადადება (22—27).

24  ხუთი დღის შემდეგ ჩამოვიდნენ მღვდელმთავარი ანანია,+ რამდენიმე უხუცესი და ორატორი ტერტულუსი და გამგებელს+ პავლეს წინააღმდეგ საჩივარი წარუდგინეს.  პავლესთვის ბრალის დასადებად ტერტულუსი რომ გამოიძახეს, მან დაიწყო: „თქვენი წყალობით გვაქვს დიდი მშვიდობა და თქვენი შორსმჭვრეტელობით ხდება ამ ერში გარდაქმნები.  ამას, თქვენო აღმატებულებავ, ფელიქს, ყოველთვის და ყველგან აღვნიშნავთ და დიდად მადლიერნი ვართ.  ახლა, თავი რომ არ შეგაწყინოთ, მოკლედ გეტყვით სათქმელს და უმორჩილესად გთხოვთ, მოგვისმინოთ თქვენთვის ჩვეული გულისხმიერებით.  ეს კაცი შფოთის ამტეხია,+ ნაზარეთელთა+ სექტის წინამძღოლია და მთელ ქვეყანაზე იუდეველებს ამბოხებისკენ მოუწოდებს.+  ის ტაძრის შებღალვასაც შეეცადა, მაგრამ შევიპყარით.+  *——  დაჰკითხეთ და თავად შეიტყობთ მისგან, თუ რატომ ვდებთ ბრალს“.  მას იუდეველებმაც აუბეს მხარი და ირწმუნებოდნენ, მართალს ამბობსო. 10  გამგებელმა თავის დაქნევით ანიშნა პავლეს, ილაპარაკეო, და მანაც დაიწყო: „თქვენ მრავალი წელია, ამ ერის მოსამართლე ბრძანდებით, ამიტომ თამამად ვილაპარაკებ და დავიცავ თავს.+ 11  მას შემდეგ, რაც იერუსალიმში ჩავედი თაყვანსაცემად, 12 დღეც არ გასულა;+ ეს შეგიძლიათ თავადვე გადაამოწმოთ. 12  მათ არც ტაძარში ვუნახივარ ვინმესთან მოკამათე და არც სინაგოგებსა თუ ქალაქში შემიყრია ხალხი აურზაურის ასატეხად. 13  ვერც იმას დაამტკიცებენ, რასაც მაბრალებენ. 14  მინდა, მოგახსენოთ, რომ რასაც ესენი სექტას უწოდებენ, ჩემთვის ჩემი მამა-პაპის ღმერთისთვის მსახურებაა;+ მე ყველაფერი მწამს, რაც კანონში და წინასწარმეტყველთა წიგნებში წერია.+ 15  ამათ მსგავსად მეც მაქვს ღვთის იმედი, რომ იქნება მკვდრეთით აღდგომა,+ მართლებისაც და უმართლოებისაც.+ 16  ამიტომ ყოველთვის ვცდილობ, სუფთა სინდისი მქონდეს ღვთისა და კაცთა წინაშე.+ 17  მრავალი წლის შემდეგ ჩემს ხალხთან შემოწირულობის მისატანად+ და ღვთისთვის შესაწირავის გასაღებად დავბრუნდი. 18  სწორედ მაშინ მნახეს მათ ტაძარში; იქ არც ხალხი შემიყრია და არც აურზაური ამიტეხია. იმ დროისთვის განწმენდის წესი უკვე შესრულებული მქონდა.+ იქ აზიიდან ჩამოსული იუდეველებიც იყვნენ. 19  კარგი იქნებოდა, ისინიც აქ ყოფილიყვნენ თქვენ წინაშე და ბრალი დაედოთ ჩემთვის, თუკი შეძლებდნენ.+ 20  ანდა აქ მყოფებმა თქვან, რაში დამედო ბრალი, როცა სინედრიონის წინაშე ვიდექი; 21  მხოლოდ ის ვთქვი, მკვდრეთით აღდგომისთვის მასამართლებენ-მეთქი დღეს თქვენ წინაშე!“+ 22  ფელიქსმა ბევრი რამ იცოდა უფლის გზის+ შესახებ, ამიტომ დაითხოვა ისინი და უთხრა: „როცა ათასისთავი ლისია ჩამოვა, მაშინ გადავწყვეტ თქვენს საქმეს“. 23  მან ასისთავს უბრძანა, პატიმრობაში დაეტოვებინა პავლე, თუმცა გარკვეული თავისუფლება მიეცა, და ახლობლებისთვის მასზე ზრუნვის ნება დაერთო. 24  რამდენიმე დღის შემდეგ ფელიქსი თავის იუდეველ ცოლთან, დრუზილასთან ერთად მივიდა; გამოიძახა პავლე და ქრისტე იესოსადმი რწმენაზე ალაპარაკა.+ 25  მაგრამ, რაკი პავლე სიმართლეზე, თავშეკავებასა და მომავალ სასამართლოზე+ ლაპარაკობდა, ფელიქსს შეეშინდა და უთხრა: „ახლა წადი და, როცა მოვიცლი, ისევ გამოგიძახებ“. 26  თანაც იმედოვნებდა, რომ პავლე ფულს მისცემდა. ამიტომ ხშირ-ხშირად უხმობდა მას და ესაუბრებოდა. 27  ორი წლის შემდეგ ფელიქსი პორციუს ფესტუსმა შეცვალა. ვინაიდან ფელიქსს იუდეველთა კეთილგანწყობის მოხვეჭა უნდოდა,+ პავლე პატიმრობაში დატოვა.

სქოლიოები