მოციქულთა საქმეები 28:1—31
28 ნაპირზე უვნებლად რომ გავედით, მერეღა შევიტყვეთ, რომ ეს კუნძული მალტა ყოფილა.+
2 იქაურმა* მოსახლეობამ დიდი კაცთმოყვარეობა გამოიჩინა; ცეცხლი დაგვინთეს და ყველანი შეგვიფარეს წვიმასა და სიცივეში.
3 როცა პავლემ ფიჩხი მოაგროვა და ცეცხლს დაუმატა, სიცხეზე გველგესლა გამოძვრა და მას ხელზე შემოეხვია.
4 იქაურებმა მის ხელზე დაკიდებული შხამიანი გველის დანახვაზე ერთმანეთს გადაულაპარაკეს: „ეს კაცი ნამდვილად მკვლელია. ზღვას კი გადაურჩა, მაგრამ სამართალი* მაინც არ აცოცხლებს“.
5 მან კი ხელი დაიქნია და გველი ცეცხლში ჩააგდო, ისე რომ არაფერი ვნებია.
6 ისინი ელოდებოდნენ, რომ პავლე ან დასივდებოდა, ან უცბად მოკვდებოდა. დიდი ხნის ლოდინის შემდეგ დაინახეს, რომ მას არაფერი ევნო და აზრი შეიცვალეს, ამბობდნენ, ღმერთიაო.
7 პუბლიუსმა, რომელიც კუნძულის თავკაცი იყო და იქვე ახლოს მამულები ჰქონდა, სტუმართმოყვარულად მიგვიღო და სამი დღე გვიმასპინძლა.
8 პუბლიუსის მამას ციებ-ცხელება და დიზენტერია ჰქონდა და იწვა. პავლე შევიდა მასთან, ილოცა, ხელები დაადო და განკურნა.+
9 ამ შემთხვევის შემდეგ კუნძულზე მცხოვრები სხვა ავადმყოფებიც მოდიოდნენ და იკურნებოდნენ.+
10 მათ პატივი გვცეს, საჩუქრებით აგვავსეს, და როცა გამგზავრება დავაპირეთ, ყოველივე აუცილებლით მოგვამარაგეს.
11 კუნძულზე სულ სამი თვე დავრჩით. შემდეგ ალექსანდრიის ხომალდით გავემგზავრეთ, რომელიც მთელი ზამთარი კუნძულთან იდგა და რომელსაც ქიმზე ზევსის ვაჟების* გამოსახულება ჰქონდა.
12 შევედით სირაკუსეს ნავსადგურში და იქ სამი დღე დავრჩით.
13 იქიდან რეგიუმში ჩავედით. მეორე დღეს სამხრეთის ქარი ამოვარდა და პუტეოლიში მესამე დღეს ჩავედით.
14 იქ ძმებს შევხვდით, რომლებიც შეგვეხვეწნენ, შვიდი დღე დავრჩენილიყავით მათთან. შემდეგ რომისკენ ავიღეთ გეზი.
15 იქაური ძმები, რომლებმაც ჩვენი ამბავი გაიგეს, წამოვიდნენ და ზოგი აპიუსის მოედანზე შეგვხვდა, ზოგი კი — „სამ ფუნდუკთან“. მათ დანახვაზე პავლემ ღმერთს მადლობა შესწირა და გამხნევდა.+
16 რომში რომ ჩავედით, პავლეს ნება დართეს, ცალკე ეცხოვრა ჯარისკაცის მეთვალყურეობის ქვეშ.
17 სამი დღის შემდეგ მან გავლენიანი იუდეველები მიიწვია. როცა შეიკრიბნენ, პავლემ მიმართა: „ძმებო, მე ჩვენი ხალხისა და ჩვენი მამა-პაპის ჩვეულებების საწინააღმდეგო არაფერი ჩამიდენია,+ თუმცა დამაპატიმრეს იერუსალიმში და რომაელებს გადამცეს.+
18 დაკითხვის+ შემდეგ ჩემი გათავისუფლება მოინდომეს, რადგან ჩემი სიკვდილით დასჯის მიზეზი არ ჰქონდათ.+
19 მაგრამ, რაკი იუდეველებმა თავისი არ დაიშალეს, იძულებული გავხდი, კეისართან გამესაჩივრებინა,+ თუმცა არა იმიტომ, რომ ჩემი ხალხი რამეში დამედანაშაულებინა.
20 ამიტომაც გთხოვეთ, რომ შემხვედროდით და მელაპარაკა, რადგან ამ ჯაჭვით იმ იმედის გამო ვარ შეკრული, რომელიც ისრაელსაც აქვს“.+
21 მათ უთხრეს: „ჩვენ არც წერილები მიგვიღია იუდეიდან შენ შესახებ და არც ჩამოსული ძმებიდან უთქვამს რომელიმეს ცუდი შენზე,
22 მაგრამ, ჩვენი აზრით, კარგი იქნება, შენგან გავიგოთ შენი შეხედულებები, რადგან ვიცით, რომ ყველგან ამ სექტის+ წინააღმდეგ ლაპარაკობენ“.+
23 ამის შემდეგ დღე დაუთქვეს და მასთან უფრო მეტი ხალხი მივიდა. ის დილიდან საღამომდე უხსნიდა მათ ყველაფერს, საგულდაგულოდ უქადაგებდა ღვთის სამეფოზე და დამაჯერებლად ელაპარაკებოდა იესოზე+ მოსეს კანონიდან+ და წინასწარმეტყველთა წიგნებიდან.+
24 ზოგმა ირწმუნა მისი ნათქვამი, ზოგმა — არა.
25 მათ შორის უთანხმოება ჩამოვარდა და წასვლა დააპირეს. პავლემ მიაძახა:
«წმინდა სულმა სწორად უთხრა თქვენს მამა-პაპას ესაია წინასწარმეტყველის პირით:
26 „წადი ამ ხალხთან და უთხარი: მოისმენთ, მაგრამ ვერ გაიგებთ; შეხედავთ, მაგრამ ვერ დაინახავთ.+
27 უგრძნობი გაუხდა ამ ხალხს გული, ყურით კი ესმით, მაგრამ ამაოდ; დახუჭეს თვალები, რომ არ დაინახონ, დაიხშეს ყურები, რომ არ მოისმინონ, გულით არ იგრძნონ და არ მობრუნდნენ, რომ განვკურნო“.+
28 ამიტომ იცოდეთ: ღმერთი უცხოტომელებს იხსნის.+ ისინი ნამდვილად მოისმენენ».+
29 *——
30 პავლე ორი წელი ნაქირავებ სახლში ცხოვრობდა+ და ყველას გულთბილად იღებდა;
31 უქადაგებდა მათ ღვთის სამეფოზე და გაბედულად და დაუბრკოლებლად ასწავლიდა უფალ იესო ქრისტეზე.+
სქოლიოები
^ სხვაგვარად — „უცხოენოვანმა“.
^ ბერძნ. „დიკე“. შესაძლოა იგულისხმებოდეს სამართლიანობის ქალღმერთი დიკე.
^ იგივე დიოსკურები.
^ იხ. დანართი ა3.