მოციქულთა საქმეები 4:1—37
4 როცა პეტრე და იოანე ხალხს ელაპარაკებოდნენ, თავზე დაადგნენ ტაძრის მცველთა უფროსი, მღვდლები და სადუკეველები,+
2 რომლებიც განრისხებულები იყვნენ იმის გამო, რომ ისინი ხალხს ასწავლიდნენ და იესოს მკვდრეთით აღდგომის შესახებ აუწყებდნენ.+
3 შეიპყრეს ისინი და ვინაიდან საღამო იყო, მეორე დღემდე დაპატიმრებული ჰყავდათ.+
4 თუმცა ბევრმა, ვინც მათი საუბარი მოისმინა, ირწმუნა. მორწმუნეთა* რიცხვმა 5 000-ს მიაღწია.+
5 მეორე დღეს შეიკრიბნენ იერუსალიმში მმართველები, უხუცესები და მწიგნობრები,
6 აგრეთვე უფროსი მღვდელი ანა,+ კაიაფა,+ იოანე, ალექსანდრე და უფროსი მღვდლის ყველა ნათესავი;
7 შუაში დააყენეს ისინი და დაკითხვა დაუწყეს: „რა ძალით ან ვისი სახელით გააკეთეთ ეს?“
8 მაშინ პეტრე წმინდა სულით აღივსო+ და უთხრა:
«მმართველებო და უხუცესებო,
9 რადგან ხეიბრისთვის სიკეთის გაკეთების გამო ვართ დღეს დაკითხვაზე+ და გაინტერესებთ, ვისი სახელით გამოჯანმრთელდა ეს კაცი,
10 თქვენც და მთელმა ისრაელმაც იცოდეს, რომ ეს ნაზარეთელი იესო ქრისტეს სახელით+ მოხდა, რომელიც თქვენ ძელზე გააკარით,+ ღმერთმა კი მკვდრეთით აღადგინა.+ მისი მეშვეობით დგას ეს კაცი საღ-სალამათი თქვენ წინაშე.
11 ის არის „ქვა, რომელიც თქვენ, მშენებლებმა, დაიწუნეთ, მაგრამ კუთხის თავში დასადებ ქვად იქცა“.+
12 სხვა არავის არ შეუძლია ხსნა, რადგან არ არსებობს ცის ქვეშ კაცთა შორის სხვა სახელი,+ რომელიც გვიხსნის».+
13 როცა დაინახეს პეტრესა და იოანეს გაბედულება და შეატყვეს, რომ უსწავლელი და უბრალო ადამიანები იყვნენ,+ გაუკვირდათ. ისიც გაახსენდათ, რომ ისინი იესოსთან იყვნენ ხოლმე.+
14 უყურებდნენ მათ გვერდით მდგომ განკურნებულ კაცს+ და ვერაფერს ამბობდნენ.+
15 მოციქულებს მათ სინედრიონის დარბაზის დატოვება უბრძანეს, თვითონ კი მსჯელობა დაიწყეს,
16 ამბობდნენ: „რა ვუყოთ ამათ?+ ნამდვილად მოახდინეს სასწაული და ამის შესახებ იერუსალიმის ყველა მკვიდრმა შეიტყო;+ ჩვენ ამას ვერ უარვყოფთ;
17 მაგრამ, ეს რომ მეტად აღარ გახმაურდეს, მოდი დავემუქროთ და ვუთხრათ, რომ აღარავის ელაპარაკონ ამ სახელით“.+
18 დაუძახეს მათ და უბრძანეს, აღარ ელაპარაკათ და აღარ ესწავლებინათ იესოს სახელით.
19 პეტრემ და იოანემ კი მიუგეს: „თავად განსაჯეთ, რამდენად სწორია ღვთის თვალში, თქვენ მოგისმინოთ და არა ღმერთს.
20 ჩვენ ვერ შევწყვეტთ იმაზე ლაპარაკს, რაც ვიხილეთ და მოვისმინეთ“.+
21 კიდევ ერთხელ დაემუქრნენ; მერე გაათავისუფლეს, რადგან მათ დასასჯელად ვერანაირი საბაბი ვერ იპოვეს; ისიც გაითვალისწინეს, რომ ხალხი მომხდარის გამო ღმერთს განადიდებდა.+
22 ის კაცი, რომელიც სასწაულებრივად განიკურნა, 40 წელს იყო გადაცილებული.
23 გათავისუფლების შემდეგ ისინი თავისიანებთან მივიდნენ და შეატყობინეს, რაც უფროსმა მღვდლებმა და უხუცესებმა უთხრეს.
24 ამის გაგებისთანავე მათ ღმერთს ხმამაღლა მიმართეს ლოცვით:
«უზენაესო უფალო, შენ შექმენი ცა და დედამიწა, ზღვა და ყოველივე მათში არსებული,+
25 და წმინდა სულის მეშვეობით ჩვენი წინაპარი დავითის,+ შენი მსახურის, პირით თქვი: „რატომ ბობოქრობენ ერები და რატომ ფიქრობენ ხალხები ამაოებაზე?
26 აღდგნენ დედამიწის მეფეები და შეიკრიბნენ მმართველები იეჰოვასა* და მისი ცხებულის წინააღმდეგ“.+
27 ჰეროდე* და პონტიუს პილატე+ უცხოტომელებთან და ისრაელებთან ერთად შეიკრიბნენ ამ ქალაქში შენი წმინდა მსახურის, იესოს, შენი ცხებულის წინააღმდეგ,+
28 რათა ის გაეკეთებინათ, რაც შენი ძალით და შენი ნებით წინასწარ გქონდა განსაზღვრული.+
29 იეჰოვა*, ნახე, როგორ გვემუქრებიან; ძალა მიეცი შენს მონებს, რომ შენი სიტყვა გაბედულად ილაპარაკონ;
30 კვლავაც გაიწოდე ხელი განსაკურნავად, მოახდინე სასწაულები და საკვირველებები+ შენი წმინდა მსახურის, იესოს, სახელით».+
31 გულმხურვალე ლოცვის შემდეგ ადგილი, სადაც შეკრებილები იყვნენ, შეირყა; ყველანი წმინდა სულით+ აღივსნენ და დაიწყეს ღვთის სიტყვის გაბედულად ქადაგება.+
32 უამრავი მორწმუნე ერთ მუშტად იყო შეკრული; არცერთი მათგანი არ ამბობდა თავის ქონებაზე, ჩემიაო, ყველაფერი საერთო ჰქონდათ.+
33 მოციქულები დიდი გულმოდგინებით განაგრძობდნენ ქადაგებას უფალ იესოს აღდგენის შესახებ.+ ღვთის წყალობა არავის აკლდა.
34 არცერთ მათგანს არ უჭირდა,+ რადგან ყველანი, ვისაც მინდვრები და სახლები ჰქონდათ, ყიდდნენ და ფული
35 მოციქულებთან მიჰქონდათ;+ შემდეგ თითოეულს საჭიროებისდა მიხედვით უნაწილებდნენ.+
36 ლევიანმა იოსებმაც, წარმოშობით კვიპროსელმა, რომელსაც მოციქულებმა ბარნაბა+ შეარქვეს (რაც „ნუგეშის ძედ“ ითარგმნება),
37 გაყიდა თავისი ნაკვეთი და ფული მოციქულებთან მიიტანა.+
სქოლიოები
^ სიტყვასიტყვით — „კაცების“.
^ იხ. დანართი ა5.
^ იგულისხმება ჰეროდე ანტიპა, ჰეროდე დიდის ვაჟი.
^ იხ. დანართი ა5.