მოციქულთა საქმეები 9:1—43

  • სავლე დამასკოს გზაზე (1—9).

  • ანანიას გაგზავნა სავლეს დასახმარებლად (10—19ა).

  • სავლე დამასკოში იესოს შესახებ ქადაგებს (19ბ—25).

  • სავლეს ჩასვლა იერუსალიმში (26—31).

  • პეტრე კურნავს ენეას (32—35).

  • ხელგაშლილი ტაბითას მკვდრეთით აღდგომა (36—43).

9  სავლე, რომელიც კვლავაც ემუქრებოდა უფლის მოწაფეებს+ და მათი დახოცვის სურვილი არ ასვენებდა, მივიდა მღვდელმთავართან  და დამასკოს სინაგოგებისთვის წერილები სთხოვა, რომ ვისაც უფლის გზაზე მოსიარულეს იპოვიდა,+ კაცი იქნებოდა თუ ქალი, შეებორკა და იერუსალიმში მიეყვანა.  დამასკოს რომ უახლოვდებოდა, უეცრად ციდან სინათლე მოეფინა,+  მიწაზე დაეცა და ხმა მოესმა: „სავლე, სავლე, რატომ მდევნი?“  სავლემ ჰკითხა: „ვინა ხარ, ბატონო?“ მან უპასუხა: „მე იესო ვარ,+ შენ რომ დევნი.+  ადექი, შედი ქალაქში და იქ გაიგებ, რა უნდა გააკეთო“.  მასთან მყოფნი ენაჩავარდნილები იდგნენ, ხმა ესმოდათ, მაგრამ ვერავის ხედავდნენ.+  წამოდგა სავლე, თვალები გახელილი ჰქონდა, თუმცა ვერაფერს ხედავდა. ხელი ჩაჰკიდეს მას და დამასკოში წაიყვანეს.  სამი დღე ვერაფერს ხედავდა,+ არც უჭამია და არც დაულევია. 10  დამასკოში იყო ერთი მოწაფე, სახელად ანანია.+ მას უფალმა ხილვაში მიმართა: „ანანია!“ მან მიუგო: „გისმენ, უფალო“. 11  უფალმა უთხრა: «ადექი, წადი ქუჩაზე, რომელსაც „სწორი“ ჰქვია, და იუდას სახლში იკითხე ტარსოსელი+ კაცი, სახელად სავლე. ის ლოცულობს; 12  მან ხილვაში იხილა, რომ კაცი, სახელად ანანია, შევიდა და ხელები დაადო მას, რათა მხედველობა დაჰბრუნებოდა».+ 13  ანანიამ უპასუხა: „უფალო, ბევრისგან გამიგია, რამხელა ზიანი მიაყენა ამ კაცმა შენს წმინდებს იერუსალიმში. 14  მას ახლა უფროსი მღვდლებისგან უფლებამოსილება აქვს, რომ შეიპყროს ყველა, ვინც შენს სახელს უხმობს“.+ 15  უფალმა უთხრა მას: „წადი! ეს კაცი ჩემი რჩეული ჭურჭელია,+ რათა ჩემი სახელი ამცნოს უცხოტომელებს,+ მეფეებსა+ და ისრაელებს. 16  ვაჩვენებ, რამდენი რამ უნდა გადაიტანოს ჩემი სახელისთვის“.+ 17  წავიდა ანანია, შევიდა იმ სახლში, ხელები დაადო მას და უთხრა: „სავლე, ძმაო, უფალმა იესომ, გზაზე რომ გამოგეცხადა, გამომგზავნა, რათა მხედველობა დაგიბრუნდეს და წმინდა სულით აღივსო“.+ 18  მას მაშინვე დაუბრუნდა მხედველობა, თითქოს თვალებიდან ლიბრი მოსცილდაო, ადგა და მოინათლა. 19  მერე შეჭამა და მოღონიერდა. რამდენიმე დღე მოწაფეებთან დარჩა დამასკოში.+ 20  მან დაუყოვნებლივ დაიწყო სინაგოგებში ქადაგება იმის შესახებ, რომ იესო ღვთის ძე იყო. 21  ყველა, ვინც მას უსმენდა, განცვიფრებული ამბობდა: „ეს ის კაცი არ არის, ამ სახელის მომხმობთ რომ არბევდა იერუსალიმში?!+ აქაც ხომ იმისთვის ჩამოვიდა, რომ შეებორკა ისინი და უფროს მღვდლებთან მიეყვანა?!“+ 22  სავლე კი უფრო და უფრო ძლიერდებოდა და დამასკოში მცხოვრებ იუდეველებს საგონებელში აგდებდა თავისი ლოგიკური მსჯელობით, რომ იესო იყო ქრისტე.+ 23  გავიდა დრო. იუდეველებმა მოითათბირეს, რომ მოეკლათ იგი.+ 24  გაიგო სავლემ მათი შეთქმულების შესახებ. მას კარიბჭეებთანაც კი სდარაჯობდნენ მოსაკლავად დღისითაც და ღამითაც. 25  ამიტომ ღამით იგი მისმა მოწაფეებმა წაიყვანეს და გალავნიდან გოდრით ჩაუშვეს.+ 26  იერუსალიმში რომ ჩავიდა,+ უნდოდა, მოწაფეებთან ერთად ყოფილიყო, მაგრამ მათ ეშინოდათ მისი, ვერ იჯერებდნენ, რომ მოწაფე იყო. 27  ამიტომ მას ბარნაბა+ დაეხმარა, მოციქულებთან წაიყვანა და დაწვრილებით უამბო მათ, თუ როგორ იხილა სავლემ უფალი გზაზე,+ როგორ ელაპარაკა მას უფალი და როგორ ქადაგებდა ის გაბედულად იესოს სახელით დამასკოში.+ 28  სავლე მათთან დარჩა, თავისუფლად დადიოდა იერუსალიმში და გაბედულად ქადაგებდა უფლის სახელით. 29  ესაუბრებოდა ბერძნულენოვან იუდეველებს და გაცხარებით მსჯელობდა მათთან; ისინი კი მის მოკვლას ცდილობდნენ.+ 30  ეს რომ ძმებმა შეიტყვეს, სავლე კესარეაში ჩაიყვანეს და ტარსოსში გაგზავნეს.+ 31  მთელ იუდეაში, გალილეასა და სამარიაში+ კრებას მშვიდობიანი დრო დაუდგა; ძლიერდებოდა და იეჰოვას* შიშითა და წმინდა სულით+ ნუგეშცემული რიცხობრივად იზრდებოდა. 32  პეტრემ მთელი ის მხარე მოიარა, ლიდაში მცხოვრებ წმინდებთანაც ჩავიდა.+ 33  იქ ერთი დამბლადაცემული კაცი ნახა, სახელად ენეა, რომელიც რვა წელი ლოგინად იყო ჩავარდნილი. 34  პეტრემ მას უთხრა: „ენეა, იესო ქრისტე გკურნავს.+ ადექი, გაასწორე ლოგინი“.+ ისიც მაშინვე ადგა. 35  როცა ენეა შარონის ველისა და ლიდის მკვიდრებმა ნახეს, ირწმუნეს უფალი. 36  იოპეში ცხოვრობდა ერთი მოწაფე, სახელად ტაბითა, რაც „ქურციკად“ ითარგმნება. ის გაჭირვებულებს ეხმარებოდა და ბევრ სხვა კარგ საქმესაც აკეთებდა. 37  იმ დღეებში ის ავად გახდა და გარდაიცვალა. დაბანეს და ზედა ოთახში დაასვენეს. 38  როცა მოწაფეებმა შეიტყვეს, რომ პეტრე იოპესთან ახლოს, ქალაქ ლიდაში იმყოფებოდა, ორი კაცი გაუგზავნეს და შეუთვალეს: „გთხოვთ, დაუყოვნებლივ ჩამოდი“. 39  პეტრეც ადგა და გაჰყვა მათ. როცა იქ მივიდა, ზედა ოთახში აიყვანეს; მას იქ ქვრივები დახვდნენ, რომლებიც ტიროდნენ და ქურციკის შეკერილ ტანსაცმელსა და მოსასხამებს უჩვენებდნენ. 40  პეტრემ ყველანი გარეთ გაუშვა,+ მუხლი მოიდრიკა, ილოცა, შემდეგ ცხედრისკენ მიბრუნდა და თქვა: „ტაბითა, ადექი!“ მანაც თვალები გაახილა და, როცა პეტრე დაინახა, წამოჯდა.+ 41  პეტრემ ხელი გაუწოდა მას და წამოაყენა, შემდეგ დაუძახა წმინდებს, რომელთა შორის ქვრივებიც იყვნენ, და ცოცხალი წარუდგინა მათ.+ 42  ეს ამბავი მთელ იოპეში გავრცელდა და მრავალმა ირწმუნა უფალი.+ 43  პეტრე დიდხანს დარჩა იოპეში ერთ მეტყავესთან, რომელსაც სიმონი+ ერქვა.

სქოლიოები