ფილიპელების მიმართ 3:1—21
3 ბოლოს, ჩემო ძმებო, კვლავაც იხარეთ უფალში.+ ისევ იმის მოწერა, რაც მოგწერეთ, ძნელი არ არის ჩემთვის, რადგან ეს თქვენს დაცვას ემსახურება.
2 უფრთხილდით ზნედაცემულ ადამიანებს*, უფრთხილდით მათ, ვისაც ზიანი მოაქვთ, და უფრთხილდით სხეულის დამსახიჩრებლებს.+
3 წინადაცვეთილნი ისინი კი არა, ჩვენ ვართ,+ ვინც ღვთის სულით ვმსახურობთ, ვამაყობთ ქრისტე იესოთი+ და ხორცზე არ ვამყარებთ იმედს.
4 თუმცა, თუ ვინმეს აქვს ხორცზე დაიმედების საფუძველი, პირველ რიგში, მე მაქვს.
თუ ვინმე ფიქრობს, რომ ხორცზე დაიმედების საფუძველი აქვს, მე მით უმეტეს:
5 მერვე დღეს ვარ წინადაცვეთილი,+ ისრაელი ერის შვილი, ბენიამინის ტომიდან, ებრაელი მშობლების ნაშობი ებრაელი,+ კანონის დამცველი, ფარისეველი.+
6 თუ მოშურნეობაზე მიდგა საქმე, კრებების მდევნელი,+ და, თუ სიმართლეზე, რომელიც კანონითაა განსაზღვრული, ბრალდაუდებელი.
7 მაგრამ, რაც ჩემთვის მონაგები იყო, წაგებად მივიჩნიე ქრისტეს გულისთვის.+
8 მეტიც, ყველაფერს წაგებად მივიჩნევ ჩემი უფლის, ქრისტე იესოს შესახებ უძვირფასესი ცოდნის მისაღებად. მისთვის დავკარგე ყველაფერი და ამ ყველაფერს ნაგვად ვთვლი, რათა ერთობაში ვიყო ქრისტესთან*,
9 მასთან ერთობაში ვიყო არა ჩემი სიმართლით, რომელიც კანონს ეფუძნება, არამედ იმ სიმართლით, რომელიც ქრისტესადმი+ რწმენას+ ახლავს და რომელსაც რწმენის საფუძველზე ღმერთი იძლევა.+
10 ჩემი მიზანი ისაა, რომ ვიცნობდე მას და ვიცოდე, რა ძალა აქვს მის აღდგომას,+ მის მსგავსად ვიტანჯო,+ მის მსგავსად მოვკვდე,+
11 იქნებ როგორმე მათ შორის აღმოვჩნდე, ვინც პირველები აღდგებიან მკვდრეთით.+
12 ეს ჯილდო ჯერ არ მიმიღია და არც სრულყოფილებისთვის მიმიღწევია; ამიტომ ვისწრაფვი,+ რომ მოვიპოვო ის, რისთვისაც ამირჩია ქრისტე იესომ.+
13 ძმებო, არ ვფიქრობ, რომ უკვე მოვიპოვე ჯილდო, მაგრამ ერთ რამეს გეტყვით: ვივიწყებ იმას, რაც უკან დარჩა,+ და ვისწრაფვი იმისკენ, რაც წინ არის,+
14 ვისწრაფვი მიზნისკენ, ღვთის მიერ ზეციური მოწოდების+ ჯილდოსკენ+ ქრისტე იესოს მეშვეობით.
15 მაშ, მოდი ყველამ, ვინც მოწიფულები ვართ,+ ასე ვიაზროვნოთ, და, თუ სხვაგვარად აზროვნებთ, ღმერთი გაგიმჟღავნებთ, როგორ უნდა იაზროვნოთ.
16 როგორც არ უნდა იყოს, კვლავაც განვაგრძოთ აღებული გეზით სვლა იმის მიუხედავად, ვინ რამდენად მოწიფულია.
17 ძმებო, მომბაძეთ,+ და დააკვირდით მათ, ვინც იმ მაგალითს მიჰყვება, რომელიც ჩვენ მოგეცით.
18 ბევრი მათგანი — ვისზეც თქვენთვის ხშირად მომიყოლია, ახლა კი ტირილით ვიხსენებ — ისე იქცევა, როგორც ქრისტეს წამების ძელის* მტერი.
19 მათი ბოლო დაღუპვაა, მათი ღმერთი მათი მუცელია და მათი დიდება მათი სირცხვილია; ისინი მიწიერზე ფიქრობენ.+
20 ჩვენ ზეცის+ მოქალაქეები+ ვართ, საიდანაც მოუთმენლად ველით მხსნელს, უფალ იესო ქრისტეს,+
21 რომელიც ჩვენს დამდაბლებულ სხეულს თავისი დიდებული სხეულის შესაბამისად გარდაქმნის თავისი დიადი ძალით,+ რომლითაც შეუძლია ყველაფერი დაიმორჩილოს.+
სქოლიოები
^ სიტყვასიტყვით — „ძაღლებს“.
^ სიტყვასიტყვით — „შევიძინო ქრისტე“.
^ იხ. „ძელი, წამების ძელი“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).