პირველი წერილი კორინთელების მიმართ 10:1—33
10 მინდა, იცოდეთ, ძმებო, რომ ჩვენი წინაპრები ყველანი ღრუბელქვეშ+ დადიოდნენ და ყველამ გადაკვეთა ზღვა;+
2 ისინი ყველანი მოინათლნენ ღრუბლითა და ზღვით, როცა მოსე მიუძღოდა მათ,
3 ყველა ერთსა და იმავე სულიერ საკვებს ჭამდა+
4 და ყველა ერთსა და იმავე სულიერ სასმელს სვამდა.+ იმ სულიერი კლდიდან სვამდნენ, რომელიც მათ თან დაჰყვებოდა, და ის კლდე ქრისტეს განასახიერებდა*.+
5 და მაინც, ღმერთმა არ მოიწონა მათი უმეტესობა და ისინი უდაბნოში დაიხოცნენ.+
6 ეს ჩვენთვის გაკვეთილია, რათა ბოროტება არ მოვისურვოთ მათ მსგავსად.+
7 ნურც კერპთაყვანისმცემლები გავხდებით ზოგიერთი მათგანივით, როგორც წერია კიდეც მათზე: „დასხდა ხალხი, ჭამეს და სვეს, მერე კი სამხიარულოდ წამოიშალნენ“;+
8 ნურც უზნეოდ* მოვიქცევით ზოგიერთი მათგანივით, რის გამოც ერთ დღეში 23 000 დაეცა;+
9 ნურც იეჰოვას გამოვცდით,+ როგორც ზოგიერთმა მათგანმა გამოსცადა და გველებისგან დაგესლილი დაიღუპა;+
10 ნურც ჩივილს მოვყვებით,+ როგორც ზოგიერთი მათგანი ჩიოდა და შემმუსვრელმა დახოცა.+
11 რაც მათ დაემართათ, ჩვენთვის გაკვეთილია და ჩვენ გასაფრთხილებლად დაიწერა,+ ვინც ამ წყობის* დასასრულის ჟამს ვცხოვრობთ.
12 ამიტომ, ვინც ფიქრობს, რომ დგას, გაფრთხილდეს, რომ არ დაეცეს.+
13 არ გქონიათ ცდუნება, გარდა ადამიანისთვის ჩვეული ცდუნებისა,+ თანაც ღმერთი ერთგულია და არ დაუშვებს ისეთ ცდუნებას, რომლის ატანასაც ვერ შეძლებთ,+ და გამოსავალსაც გიჩვენებთ, რომ ბოლომდე მოითმინოთ.+
14 ამიტომ, ჩემო საყვარელნო, ნუ ჩაებმებით კერპთაყვანისმცემლობაში*!+
15 მოგმართავთ, როგორც საღად მოაზროვნეთ; თავად განსაჯეთ, რასაც ვამბობ.
16 განა კურთხევის სასმისი, რომლისთვისაც ლოცვას წარმოვთქვამთ, იმას არ ნიშნავს, რომ ქრისტეს სისხლს ვეზიარებით?!+ ანდა პური, რომელსაც ვამტვრევთ, იმას არ ნიშნავს, რომ ქრისტეს სხეულს ვეზიარებით?!+
17 პური ერთია, ჩვენ კი თუმცა ბევრნი ვართ, მაინც ერთი სხეული ვართ,+ რადგან ერთ პურს ვჭამთ.
18 შეხედეთ ისრაელებს: ისინი, ვინც მსხვერპლად შეწირულს ჭამენ, განა სამსხვერპლოს მოზიარენი არ ხდებიან?!+
19 განა იმიტომ ვამბობ ამას, რომ კერპთშენაწირი ან თავად კერპი ნიშნავს რამეს?!
20 არა, ამას იმიტომ ვამბობ, რომ ყველაფერს, რასაც უცხოტომელები სწირავენ, დემონებს სწირავენ და არა ღმერთს;+ მე კი არ მინდა, რაიმე გქონდეთ საერთო დემონებთან.+
21 შეუძლებელია იეჰოვას სასმისსაც სვამდეთ და დემონების სასმისსაც. შეუძლებელია, იეჰოვას სუფრიდანაც+ ჭამდეთ და დემონების სუფრიდანაც.
22 ნუთუ იეჰოვას განრისხებას ვბედავთ?!+ განა მასზე ძლიერები ვართ?!
23 ყველაფერი ნებადართულია, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია. ყველაფერი ნებადართულია, მაგრამ ყველაფერი როდი აღაშენებს.+
24 თითოეულმა ის კი არ აკეთოს, რაც თავისთვისაა სასარგებლო, არამედ ის, რაც სხვისთვისაა სასარგებლო.+
25 ხორცი, რომელიც ბაზარში იყიდება, ჭამეთ და ნუ გამოიძიებთ თქვენი სინდისის გამო,
26 რადგან „იეჰოვასია დედამიწა და ყოველივე მასზე არსებული“.+
27 თუ ურწმუნო დაგპატიჟებთ და მოისურვებთ მასთან წასვლას, ყველაფერი ჭამეთ, რასაც გამოგიტანენ, ნურაფერს გამოიძიებთ თქვენი სინდისის გამო,
28 მაგრამ, თუ ვინმე გეტყვით, ეს მსხვერპლშენაწირიაო, ნუ შეჭამთ, ნურც მის გამო, ვინც ეს გითხრათ, და ნურც სინდისის გამო.+
29 ვგულისხმობ არა თქვენს სინდისს, არამედ სხვისას. რატომ უნდა განისაჯოს ჩემი თავისუფლება სხვისი სინდისით?!+
30 თუ მადლიერებით ვჭამ, რატომღა უნდა გავიკიცხო იმ საჭმლის გამო, რომლისთვისაც ღმერთს მადლობას ვწირავ?!+
31 ამიტომ ჭამთ, სვამთ თუ სხვა რამეს აკეთებთ, ყველაფერი ღვთის სადიდებლად აკეთეთ.+
32 ნუ დააბრკოლებთ ნურც იუდეველებს, ნურც ბერძნებს და ნურც ღვთის კრებას,+
33 როგორც მე ვცდილობ, ყოველმხრივ ვასიამოვნო ყველას და არ ვაკეთო ის, რაც ჩემთვის არის სასარგებლო,+ არამედ ის, რაც სხვებისთვის არის სასარგებლო, რათა გადარჩნენ.+
სქოლიოები
^ სიტყვასიტყვით — „ქრისტე იყო“.
^ იხ. „სექსუალური უზნეობა“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
^ ბერძნ. „ეონ“. იგულისხმება იუდეველთა სისტემის დასასრული. იხ. „ქვეყნიერება“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
^ სიტყვასიტყვით — „გაექეცით კერპთაყვანისმცემლობას“.