პირველი წერილი კორინთელების მიმართ 15:1—58
15 ახლა, ძმებო, შეგახსენებთ იმ სასიხარულო ცნობას, რომელიც გამცნეთ,+ რომელიც მიიღეთ კიდეც, და რომელსაც მტკიცედ იცავთ.
2 ჩემ მიერ ნაქადაგები ამ სასიხარულო ცნობით გადარჩებით, თუკი ჩაეჭიდებით მას, თუ არადა, გამოდის, რომ სულ ტყუილად გირწმუნიათ.
3 უპირველეს ყოვლისა, გაუწყეთ ის, რაც თავად მეუწყა, რომ ქრისტე, წმინდა წერილების თანახმად, ჩვენი ცოდვებისთვის მოკვდა,+
4 დაკრძალულ იქნა+ და, ისევ წმინდა წერილების თანახმად,+ მესამე დღეს+ აღდგა;+
5 ეჩვენა კეფას,+ შემდეგ კი — თორმეტივე+ მოციქულს.
6 შემდეგ ეჩვენა 500-ზე მეტ ძმას ერთდროულად,+ რომელთა უმრავლესობაც ცოცხალია, თუმცა ზოგმა განისვენა.
7 ამის შემდეგ იაკობს ეჩვენა,+ მერე — ყველა მოციქულს,+
8 ბოლოს კი, როგორც ნაადრევად შობილს, მეც მეჩვენა.+
9 მოციქულებს შორის უმცირესი ვარ და არც იმის ღირსი ვარ, მოციქულად ვიწოდებოდე, რადგან ღვთის კრებას ვდევნიდი.+
10 მაგრამ ღვთის წყალობით ვარ ის, ვინც ვარ. მისი წყალობა ფუჭი არ ყოფილა, რადგან ყველა მათგანზე მეტს ვშრომობდი, თუმცა ჩემით კი არა, არამედ ჩემდამი გამოვლენილი ღვთის წყალობით.
11 მაგრამ მეც და ისინიც ამას ვქადაგებთ და თქვენც ეს ირწმუნეთ.
12 თუ ვქადაგებთ, რომ ქრისტე აღდგა მკვდრეთით,+ როგორღა ამბობს ზოგიერთი თქვენგანი, არ იქნებაო მკვდრეთით აღდგომა?!
13 თუ მკვდრეთით აღდგომა არ არის, არც ქრისტე აღმდგარა,
14 ხოლო, თუ ქრისტე არ აღმდგარა, ჩვენი ქადაგებაც ფუჭი ყოფილა და თქვენი რწმენაც.
15 და, თუკი მკვდრები არ აღდგებიან, მაშინ ცრუმოწმენი გამოვდივართ,+ როცა ვამბობთ, რომ ღმერთმა აღადგინა ქრისტე,+ რომელიც თურმე არ აღუდგენია,
16 რადგან, თუ მკვდრები არ აღდგებიან, არც ქრისტე აღმდგარა;
17 და, თუ ქრისტე არ აღმდგარა, ფუჭია თქვენი რწმენა და ჯერ კიდევ არ დაუხსნიხართ მას ცოდვისგან.+
18 ისინიც დაღუპულან, ვინც განისვენეს ქრისტესთან ერთობაში.+
19 თუ მხოლოდ ამ ცხოვრებაში გვაქვს ქრისტეს იმედი, ყველაზე საცოდავები ვყოფილვართ.
20 მკვდრეთით აღდგა ქრისტე, როგორც პირველი ნაყოფი განსვენებულთა შორის.+
21 როგორც ერთმა ადამიანმა მოიტანა სიკვდილი,+ ასევე ერთი ადამიანის მეშვეობით იქნება მკვდრეთით აღდგომა;+
22 როგორც ადამის გამო კვდება ყველა,+ ისე გაცოცხლდება ყველა ქრისტეს წყალობით.+
23 თითოეული თავისი წესისა და რიგის მიხედვით იღებს სიცოცხლეს: ჯერ ქრისტე, პირველი ნაყოფი,+ შემდეგ კი ქრისტესნი — როცა ის მოსული* იქნება.+
24 დასასრულ, მას შემდეგ, რაც ის ყველა მთავრობას, ხელისუფლებასა და ძალაუფლებას მოუღებს ბოლოს, თავის ღმერთსა და მამას გადასცემს სამეფოს;+
25 მან მანამდე უნდა იმეფოს, სანამ ღმერთი მის ფეხქვეშ არ მოაქცევს ყველა მტერს.+
26 უკანასკნელი მტერი, რომელსაც ბოლო მოეღება, სიკვდილია,+
27 რადგან ღმერთმა „ყველაფერი მას დაუმორჩილა“.+ მაგრამ, როცა ის ამბობს, რომ „ყველაფერი დაუმორჩილა“,+ ცხადია, ამაში არ გულისხმობს ღმერთს, რომელმაც ეს ყველაფერი მას დაუმორჩილა.+
28 და, როცა ყოველივე ძეს დაემორჩილება, მაშინ თვით ძეც დაემორჩილება მას, ვინც ყველაფერი მას დაუმორჩილა,+ რათა ღმერთი იყოს ყველაფერი ყველასთვის.+
29 ასე რომ არ იყოს, რა უნდა ქნან მათ, ვინც სასიკვდილოდ მოინათლნენ?!+ და, თუკი მკვდრები არ აღდგებიან, მაშ, რატომღა ინათლებიან ისინი სასიკვდილოდ?!
30 ან ჩვენ რატომ ვიგდებთ თავს საფრთხეში ყოველ წუთს?!+
31 ყოველდღე სიკვდილს ჩავყურებ თვალებში. ეს ისევე სარწმუნოა, როგორც ის, რომ თქვენით ვხარობ, ძმებო, ჩვენს უფალ ქრისტე იესოში.
32 თუ სხვებივით მიბრძოლია მხეცებთან ეფესოში,+ რას მარგებს ეს*? თუ მკვდრები არ აღდგებიან, მაშ, „ვჭამოთ და ვსვათ, რადგან ხვალ დავიხოცებით“.+
33 ნუ მოტყუვდებით! ცუდი საზოგადოება ხრწნის კარგ ჩვევებს*.+
34 გონს მოდით და ის აკეთეთ, რაც სწორია, და ნუღარ სცოდავთ. ზოგიერთი თქვენგანი არ იცნობს ღმერთს. ამას თქვენ შესარცხვენად ვამბობ!
35 მაგრამ ვიღაც იკითხავს: „როგორ აღდგებიან მკვდრები? როგორი სხეული ექნებათ?“+
36 უგუნურო! რასაც დათესავ, არ გაცოცხლდება, თუ არ მოკვდა.
37 როცა თესავ, იმას* კი არ თესავ, რაც წარმოიქმნება, არამედ მხოლოდ მარცვალს, ხორბლისა იქნება თუ სხვა რამის.
38 ღმერთი კი მას ისე ზრდის, როგორც ნებავს, და თითოეული მარცვლის აღმონაცენი ერთმანეთისგან განსხვავდება.
39 ყველას სხვადასხვანაირი სხეული აქვს: ადამიანს — სხვანაირი, პირუტყვს — სხვანაირი, ფრინველს — სხვანაირი და თევზს — სხვანაირი.
40 არის ზეციერი სხეული+ და არის მიწიერი სხეული;+ ზეციერი სხეულის დიდებულება სხვანაირია, მიწიერისა კი — სხვანაირი.
41 მზის დიდებულება სხვანაირია, მთვარისა კი — სხვანაირი.+ სხვანაირია ვარსკვლავების დიდებულებაც და ვარსკვლავებიც განსხვავდებიან ერთმანეთისგან დიდებულებით.
42 ასევეა მკვდრეთით აღდგომაც. რაც იმარხება*, ხრწნადია, ხოლო, რაც აღდგება — უხრწნელი;+
43 იმარხება დამცირებული და აღდგება განდიდებული;+ იმარხება სუსტი და აღდგება ძლიერი;+
44 იმარხება ხორციელი სხეული და აღდგება სულიერი სხეული. თუ ხორციელი სხეული არსებობს, არსებობს სულიერიც.
45 დაწერილია კიდეც: „პირველი კაცი ადამი ცოცხალ სულად* იქცა“,+ უკანასკნელი ადამი კი — მაცოცხლებელ სულად*.+
46 მაგრამ ჯერ სულიერი სხეული არ არის; ჯერ ხორციელი სხეულია, შემდეგ კი — სულიერი.
47 პირველი კაცი მიწისგანაა და მტვრისგანაა შექმნილი,+ მეორე კაცი კი ზეციდანაა.+
48 როგორიც მტვრისგან შექმნილი კაცი იყო, ისეთივე არიან სხვებიც, მტვრისგან შექმნილნი, ზეცაში მყოფნი კი მისი მსგავსნი არიან, ვინც ზეციდან ჩამოვიდა.+
49 როგორც მტვრისგან შექმნილის ანარეკლი ვართ,+ ისევე ვიქნებით ზეციერის ანარეკლი.+
50 მაგრამ გეუბნებით, ძმებო, რომ ხორციელი სხეული* ღვთის სამეფოს ვერ დაიმკვიდრებს და ხრწნადი სხეული ვერ ეზიარება უხრწნელობას.
51 წმინდა საიდუმლოს გეუბნებით: ყველა არ განვისვენებთ*, მაგრამ ყველანი შევიცვლებით,+
52 უცბად, თვალის დახამხამებაში, უკანასკნელი საყვირის ხმაზე; გაისმება საყვირის ხმა,+ მკვდრები უხრწნელი სხეულით აღდგებიან და ჩვენ შევიცვლებით,
53 ვინაიდან ხრწნადი უხრწნელით უნდა შეიცვალოს+ და მოკვდავი — უკვდავით.+
54 როცა ხრწნადი უხრწნელით შეიცვლება და მოკვდავი — უკვდავით, მაშინ შესრულდება დაწერილი: „სამუდამოდ შთაინთქა სიკვდილი“.+
55 „სიკვდილო, სად არის შენი გამარჯვება?! სიკვდილო, სად არის შენი ნესტარი?!“+
56 სიკვდილის ნესტარი ცოდვაა,+ ცოდვას კი ძალას კანონი სძენს.+
57 მაგრამ მადლობა ღმერთს, რადგან ის გვამარჯვებინებს ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მეშვეობით!+
58 ამიტომ, ჩემო საყვარელო ძმებო, იყავით მტკიცენი,+ ურყევნი და ყოველთვის ბევრი იშრომეთ უფლისთვის,+ რადგან იცით, რომ ფუჭად არ შრომობთ+ მისთვის.
სქოლიოები
^ ბერძნ. „პარუსია“. იხ. „ქრისტეს მოსვლა“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
^ ან შესაძლოა: „თუ ადამიანურად ვიმსჯელებ, რას მარგებს ის, რომ მხეცებთან მიბრძოლია ეფესოში?“
^ სხვაგვარად — „ფასეულობებს“.
^ სიტყვასიტყვით — „სხეულს“.
^ სიტყვასიტყვით — „ითესება“.
^ ბერძნ. „ფსიქე“. იხ. „სული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
^ ბერძნ. „პნევმა“. იხ. „სული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
^ სიტყვასიტყვით — „ხორცი და სისხლი“.
^ სიტყვასიტყვით — „მივიძინებთ“.