პირველი წერილი კორინთელების მიმართ 3:1—23
3 ძმებო, ისე ვერ გელაპარაკეთ როგორც სულიერ ადამიანებს,+ არამედ როგორც ხორციელთ, როგორც ჩვილებს+ ქრისტეში.
2 რძით გკვებავდით და არა მყარი საკვებით, რადგან არ იყავით ამისთვის მზად და არც ახლა ხართ,+
3 ვინაიდან ჯერ კიდევ ხორციელად აზროვნებთ.+ განა ხორციელი ადამიანები+ არა ხართ და სხვებივით არ იქცევით, თუკი შურის თვალით უყურებთ და ედავებით ერთმანეთს?!
4 განა ქვეყნიური ხალხივით არ იქცევით, თუკი ამბობთ, მე პავლესი ვარ, მე კი — აპოლოსისო?!+
5 ვინ არის აპოლოსი? ვინ არის პავლე? მხოლოდ მსახურები,+ რომლებიც უფლის დავალებას ასრულებენ და რომელთა მეშვეობითაც ირწმუნეთ.
6 მე დავრგე,+ აპოლოსმა მორწყო,+ მაგრამ ღმერთმა გაზარდა.
7 ასე რომ, არც დამრგველია რამე, არც მომრწყველი, არამედ ღმერთი, რომელიც ზრდის.+
8 დამრგველიცა და მომრწყველიც ერთი საქმისთვის ირჯებიან, თუმცა თითოეული თავისი შრომისამებრ მიიღებს საზღაურს,+
9 რადგან ჩვენ ღვთის თანამშრომელნი ვართ, თქვენ კი ღვთის ნაკვეთი ხართ, რომელსაც ის ამუშავებს, ღვთის შენობა.+
10 ღვთის წყალობით, მე, როგორც ბრძენმა ხუროთმოძღვარმა, საძირკველი ჩავყარე,+ მაგრამ ვიღაც სხვა აშენებს მასზე. თითოეული დაუკვირდეს, როგორ აშენებს,
11 რადგან ვერავინ ჩაყრის სხვა საძირკველს; საძირკველი უკვე ჩაყრილია და ეს იესო ქრისტეა.+
12 ვინ რით აშენებს ამ საძირკველზე — ოქროთი, ვერცხლით, ძვირფასი ქვებით, ხით, თივითა თუ ნამჯით —
13 ცხადი გახდება; თითოეულის საქმე იმ დღეს გამოჩნდება, რადგან ცეცხლით გამოაშკარავდება,+ ცეცხლით გამოიცდება თითოეულის საქმე.
14 ვისი აშენებულიც არ დაიწვება, ჯილდოს მიიღებს,
15 ხოლო ვისი აშენებულიც დაიწვება, ის იზარალებს. თვითონ კი გადარჩება, ოღონდ იქნება, როგორც ცეცხლიდან თავდაღწეული.
16 ნუთუ არ იცით, რომ ღვთის ტაძარი+ ხართ და ღვთის სული მკვიდრობს თქვენში?!+
17 თუ ვინმე ღვთის ტაძარს გაანადგურებს, ღმერთი გაანადგურებს მას, რადგან ღვთის ტაძარი წმინდაა და ეს თქვენ ხართ.+
18 ნურავინ მოიტყუებს თავს: ვისაც ჰგონია, რომ ამ ქვეყნიერებაში* ბრძენია, უგუნური გახდეს, რათა ნამდვილად დაბრძენდეს,
19 რადგან ამ ქვეყნიერების სიბრძნე უგუნურებაა ღვთისთვის; როგორც დაწერილია: „ის ბრძენებს მათივე ცბიერებაში იჭერს“.+
20 ისიც დაწერილია: „იეჰოვამ* უწყის, რომ ამაოა ბრძენთა ნააზრევი“.+
21 ამიტომ ნურავინ იამაყებს ადამიანებით, რადგან ყოველივე თქვენ მოგცათ ღმერთმა —
22 პავლეც, აპოლოსიც, კეფაც,+ ქვეყნიერებაც, სიცოცხლეც, სიკვდილიც, აწმყოცა და მომავალიც — ყოველივე თქვენია.
23 თქვენ ქრისტესი ხართ,+ ქრისტე კი — ღვთისა.