პირველი წერილი კორინთელების მიმართ 7:1—40
7 ახლა რაც შეეხება იმას, რაზეც მომწერეთ: კაცისთვის უკეთესია, თუ არ გაეკარება ქალს.
2 მაგრამ, რაკი უზნეობა* ყველგანაა მოდებული, ყოველ მამაკაცს ჰყავდეს თავისი ცოლი+ და ყოველ ქალს — თავისი ქმარი.+
3 ქმარმა თავისი მოვალეობა შეასრულოს ცოლთან და ცოლმაც შეასრულოს თავისი მოვალეობა ქმართან.+
4 ცოლი კი არ არის თავისი სხეულის ბატონ-პატრონი, არამედ ქმარი; არც ქმარია თავისი სხეულის ბატონ-პატრონი, არამედ ცოლი.
5 ნუ მოაკლებთ ერთმანეთს ამას, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შეთანხმდებით, ისიც დროებით, რათა დრო გამოუყოთ ლოცვას, შემდეგ კი კვლავ ერთად იყოთ, რომ სატანამ არ გაცდუნოთ თქვენი თავშეუკავებლობის გამო.
6 რაც აქამდე გითხარით, რჩევაა და არა ბრძანება.
7 მე კი მსურს, რომ ყველა ჩემსავით იყოს, თუმცა ღვთისგან ყველას თავისი ძღვენი+ აქვს: ზოგს ეს და ზოგს ის.
8 დაუქორწინებლებსა და ქვრივებს კი ვეუბნები, რომ მათთვის უმჯობესია, ჩემსავით დარჩნენ,+
9 მაგრამ, თუ თავშეკავება არ ჰყოფნით, დაქორწინდნენ, რადგან უკეთესია დაქორწინდნენ, ვიდრე ვნება მოეძალოთ.+
10 დაქორწინებულებს მივუთითებ, თუმცა მე კი არა, უფალი, რომ ცოლმა არ მიატოვოს ქმარი,+
11 მაგრამ, თუ მიატოვებს, აღარ გათხოვდეს, ან ისევ ქმარს დაუბრუნდეს; ნურც ქმარი მიატოვებს ცოლს.+
12 სხვებს კი ვეუბნები მე, და არა უფალი:+ თუ ძმას ურწმუნო ცოლი ჰყავს და ის ქალი თანახმაა, მასთან იცხოვროს, ნუ მიატოვებს ცოლს;
13 ქალიც, თუ ურწმუნო ქმარი ჰყავს და ეს კაცი თანახმაა, მასთან იცხოვროს, ნუ მიატოვებს ქმარს,
14 რადგან ურწმუნო ქმარი ცოლის მეშვეობით განიწმინდება, ურწმუნო ცოლი კი — მორწმუნე ქმრის მეშვეობით. სხვა შემთხვევაში თქვენი შვილებიც უწმინდურები იქნებოდნენ, ახლა კი წმინდები არიან.
15 თუ ურწმუნო მეუღლეს წასვლა სურს, წავიდეს; ასეთ შემთხვევაში ძმა ან და ვალდებული არ არის, დარჩეს მასთან, რადგან ღმერთმა მშვიდობისკენ მოგვიწოდა.+
16 რა იცი შენ, ცოლო, იქნებ იხსნა ქმარი?!+ ანდა რა იცი შენ, ქმარო, იქნებ იხსნა ცოლი?!
17 თითოეული იმ წილს დასჯერდეს, რაც იეჰოვამ* არგუნა, და ისეთი დარჩეს, როგორიც მაშინ იყო, როცა ღმერთმა მოუწოდა.+ ასეთ მითითებას ყველა კრებას ვაძლევ.
18 წინადაცვეთილი იყო რომელიმე თქვენგანი, როცა ღმერთმა მოუწოდა?!+ ნუღარ გახდება წინადაუცვეთელი, და, თუ წინადაუცვეთელი იყო, როცა ღმერთმა მოუწოდა, ნუღარ გახდება წინადაცვეთილი.+
19 არც წინადაცვეთა ნიშნავს რამეს და არც წინადაუცვეთელობა,+ რადგან მთავარი ღვთის მცნებების დაცვაა.+
20 ვინც ვინ იყო მოწოდებისას, ისევე დარჩეს.+
21 მონა იყავი, როცა ღმერთმა მოგიწოდა? ნუ იდარდებ ამაზე,+ მაგრამ, თუ გათავისუფლების შესაძლებლობა მოგეცემა, ხელიდან ნუ გაუშვებ ამას.
22 უფლის ყოველი მოწაფე, რომელიც მონა იყო, როცა მას ღმერთმა მოუწოდა, გათავისუფლებულია და უფლის საკუთრებაა.+ ის კი, ვინც თავისუფალი იყო, როცა ღმერთმა მოუწოდა, ქრისტეს მონაა.
23 დიდ ფასად ხართ ნაყიდნი,+ ამიტომ ნუღარ დაემონებით ადამიანებს.
24 ძმებო, ვინც ვინ იყავით მაშინ, როცა ღმერთმა მოგიწოდათ, ისევე დარჩით მის წინაშე.
25 დაუქორწინებლების* შესახებ არ მიმიღია ბრძანება უფლისგან, მაგრამ გეტყვით ჩემს აზრს,+ რადგან მეც შემიწყალა უფალმა და სარწმუნოა ის, რასაც ვამბობ.
26 ახლა ისეთი დროა, ვფიქრობ, ჯობია, კაცი ისე დარჩეს, როგორც არის.
27 თუ ცოლიანი ხარ, ნუ მიატოვებ მას,+ და, თუ უცოლო ხარ, ცოლს ნუღარ ეძებ.
28 თუმცა, რომც დაქორწინდე, არ შესცოდავ; თუ დაუქორწინებელი* დაქორწინდება, არ შესცოდავს, მაგრამ ასეთებს მეტი საზრუნავი* ექნებათ, მე კი არ მემეტებით.
29 იმასაც გეტყვით, ძმებო, რომ დრო ცოტაღა დარჩა.+ ამიტომ ამიერიდან ცოლიანები იყვნენ, როგორც უცოლოები,
30 მტირალნი — როგორც არამტირალნი, მოხარულნი — როგორც არამოხარულნი, მყიდველნი — როგორც უქონელნი,
31 ქვეყნიერებით მოსარგებლენი — როგორც მისით არასრულად მოსარგებლენი, რადგან ცვალებადია ეს ქვეყნიერება*.
32 მე კი მინდა, რომ საზრუნავმა არ დაგამძიმოთ. უცოლოს უფლისა აფიქრებს — როგორ ასიამოვნოს უფალს,
33 ცოლიანს კი ქვეყნიური საქმეები აფიქრებს+ — როგორ ასიამოვნოს ცოლს;
34 ამგვარად, ორ რამეზე უწევს ფიქრი*. ასევე უქმრო ქალსა და დაუქორწინებელს* უფლისა აფიქრებთ,+ რათა წმინდები იყვნენ სხეულითაც და სულითაც, გათხოვილ ქალს კი ქვეყნიური საქმეები აფიქრებს — როგორ ასიამოვნოს ქმარს.
35 ამას თქვენივე სასარგებლოდ გეუბნებით, არა იმისთვის, რომ შეგზღუდოთ*, არამედ იმისთვის, რომ სათანადოდ მოიქცეთ და უფალს მოუცდენლად ემსახუროთ მთელი გულით.
36 თუ ვინმე ფიქრობს, რომ დაუქორწინებლობის გამო უმართებულოდ იქცევა და სიყმაწვილის ასაკსაც გადასცდა*, მაშინ როგორც სურს, ისე მოიქცეს — დაქორწინდეს, არ შესცოდავს.+
37 ის კი, ვინც არ გრძნობს დაქორწინების საჭიროებას, არამედ იმორჩილებს საკუთარ ნება-სურვილს და დაუქორწინებლად დარჩენა მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, კარგად იქცევა.+
38 ამგვარად, ვინც ქორწინდება, კარგად იქცევა, მაგრამ ვინც არ ქორწინდება — უკეთესად.+
39 ცოლი ქმართან ღვთის კანონით არის შეკრული მთელი იმ დროის განმავლობაში, სანამ ქმარი ცოცხალი ჰყავს,+ მაგრამ, თუ ქმარი მოუკვდება, ქალი თავისუფალია, გაჰყვეს ვისაც უნდა, ოღონდ უფალში.+
40 მაგრამ, ჩემი აზრით, უფრო ბედნიერი იქნება, თუკი ისე დარჩება, როგორც არის. ვფიქრობ, მეც მაქვს ღვთის სული.
სქოლიოები
^ ბერძნ. „პორნია“. იხ. „სექსუალური უზნეობა“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
^ იხ. დანართი ა5.
^ სიტყვასიტყვით — „ქალწულების“.
^ სიტყვასიტყვით — „ქალწული“.
^ სიტყვასიტყვით — „ხორციელი გასაჭირი“.
^ სიტყვასიტყვით — „ქვეყნიერების სცენა“.
^ სიტყვასიტყვით — „ქალწულს“.
^ სიტყვასიტყვით — „გაყოფილია“.
^ სიტყვასიტყვით — „მარყუჟი მოგდოთ“.
^ იგულისხმება ახალგაზრდული ასაკისთვის დამახასიათებელი მოზღვავებული სექსუალური სურვილების დაცხრომა.