მატიანე — წიგნი პირველი 11:1—47

  • დავითს მთელი ისრაელი სცხებს მეფედ (1—3).

  • დავითი იპყრობს სიონს (4—9).

  • დავითის მამაცი მეომრები (10—47).

11  გავიდა დრო და შეიკრიბა მთელი ისრაელი დავითთან ხებრონში;+ უთხრეს მას: „შენი სისხლი და ხორცი ვართ!+  უწინ, როცა ჯერ კიდევ საული მეფობდა, შენ მიუძღოდი ისრაელს საომრად.+ იეჰოვამ, შენმა ღმერთმა, გითხრა, შენ დამწყემსავო ჩემს ხალხს, ისრაელს, და შენ გახდებიო ჩემი ხალხის, ისრაელის, წინამძღოლი“.+  მივიდნენ ისრაელის უხუცესები მეფესთან ხებრონში და იქ მათ დავითმა შეთანხმება დაუდო იეჰოვას წინაშე. ამის შემდეგ მათ იგი ისრაელის მეფედ სცხეს,+ როგორც ეს იეჰოვას ჰქონდა ნათქვამი სამუელის პირით.+  გავიდა დრო და დავითი მთელ ისრაელთან ერთად გაემართა იერუსალიმისკენ, ანუ იებუსისკენ,+ იებუსელთა+ სამკვიდროსკენ.  დასცინეს იებუსელებმა დავითს და უთხრეს, აქ ვერასდროს შემოხვალო.+ მაგრამ მაინც დაიპყრო დავითმა სიონის ციხე-ქალაქი+ და დღეს ამ ქალაქს „დავითის ქალაქი“ ეწოდება.+  თქვა დავითმა: „ვინც პირველი გაილაშქრებს იებუსელებზე, ის გახდება მხედართმთავარი!“ პირველმა ცერუიას ვაჟმა იოაბმა+ გაილაშქრა და მხედართმთავარიც ის გახდა.  დასახლდა დავითი ციხე-ქალაქში, რის გამოც ქალაქს „დავითის ქალაქი“ ეწოდა.  დაიწყო მან ქალაქის მშენებლობა, მშენებლობა მილოზე* და მის გარშემო, იოაბმა კი ქალაქის დანარჩენი ნაწილი აღადგინა.  უფრო და უფრო განდიდდა დავითი;+ ლაშქართა ღმერთი იეჰოვა იყო მასთან. 10  ეს არის ჩამონათვალი დავითის მამაც მეომართა მეთაურებისა, რომლებმაც მთელ ისრაელთან ერთად მის მეფობას დაუჭირეს მხარი, რათა გაემეფებინათ ის, როგორც იეჰოვა დაჰპირდა ისრაელს.+ 11  აი, ვინ იყვნენ დავითის მამაცი მებრძოლები: იაშობამი,+ ხაქმონელი კაცის ძე, რომელიც თავის სამეულში მეთაური იყო.+ მან ერთხელ შუბით 300 კაცი მოკლა.+ 12  შემდეგი იყო ელეაზარი,+ ახოხელი+ დოდოს ვაჟი. ის სამი მამაცი მეომრიდან ერთ-ერთი იყო. 13  ის დავითს ახლდა ფას-დამიმში,+ სადაც ფილისტიმელები საბრძოლველად შეკრებილიყვნენ. იქ იყო მიწის ნაკვეთი, რომელზეც ქერი ეთესა; უკუიქცნენ ისრაელები ფილისტიმელთაგან, 14  მაგრამ ელეაზარი შუა ნაკვეთში დადგა, არ გაატარა ფილისტიმელები და ხოცა ისინი. ასე მოაპოვებინა იეჰოვამ გამარჯვება ისრაელებს.+ 15  30 თავკაციდან სამი მივიდა კლდესთან, ადულამის გამოქვაბულში,+ სადაც დავითი იყო. იმ დროს ფილისტიმელთა ჯარი რეფაიმის ველზე იყო დაბანაკებული.+ 16  როცა დავითი სამალავს აფარებდა თავს, ფილისტიმელთა ჯარი ბეთლემში იდგა. 17  ინატრა დავითმა, ნეტავ დამალევინა წყალი იმ ჭიდან, ბეთლემის+ კარიბჭესთან რომ არისო. 18  მაშინ გაარღვია იმ სამმა ფილისტიმელთა ბანაკი და ამოიღო წყალი ჭიდან, ბეთლემის კარიბჭესთან რომ არის. წამოიღეს და მიუტანეს დავითს, მაგრამ მან უარი თქვა წყლის დალევაზე და იეჰოვას დაუღვარა. 19  მან თქვა: „ღმერთმა დამიფაროს, რომ ასეთი რამ გავაკეთო! როგორ დავლიო ამ ვაჟკაცების სისხლი, რომელთაც სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდეს!+ ამ წყლის მოტანა კინაღამ სიცოცხლის ფასად დაუჯდათ!“ არ დალია მან წყალი. ეს ყველაფერი ამ სამმა ვაჟკაცმა მოიმოქმედა. 20  იოაბის+ ძმა აბიშაი+ სხვა სამეულის მეთაური გახდა. მან შუბით 300 კაცი მოკლა. მას ისეთივე სახელი ჰქონდა, როგორიც იმ სამს.+ 21  გამოირჩეოდა სამეულში, რომელსაც მეთაურობდა, მაგრამ პირველ სამს მაინც ვერ უტოლდებოდა. 22  იეჰოიადას ვაჟი ბენაია+ მამაცი ვაჟკაცი იყო, რომელმაც მრავალი საგმირო საქმე მოიმოქმედა კაბცეელში.+ მან დასცა მოაბელი არიელის ორი ვაჟი; თოვლიან დღეს ორმოში ჩავიდა და მოკლა ლომი.+ 23  მან ეგვიპტელი ბუმბერაზიც მოკლა, რომელიც სიმაღლით 5 წყრთა* იყო.+ ეგვიპტელს ხელში ლილვის* სისხო შუბი ეჭირა,+ მაგრამ ის კეტით მიეჭრა მას, შუბი ხელიდან გამოსტაცა და მისივე შუბით მოკლა.+ 24  აი, ეს საგმირო საქმეები ჩაიდინა ბენაიამ, იეჰოიადას ვაჟმა. მასაც ისეთივე სახელი ჰქონდა, როგორიც იმ სამ მამაც მეომარს. 25  ის ოცდაათში გამოირჩეოდა, თუმცა პირველ სამს ვერ უტოლდებოდა;+ დავითმა ის თავის მცველთა უფროსად დააყენა. 26  მამაცი მებრძოლები იყვნენ: იოაბის ძმა ასაჰელი,+ ბეთლემელი დოდოს ვაჟი ელხანანი,+ 27  ჰარორელი შამოთი, ფელონელი ხელეცი, 28  თეკოელი იკეშის ვაჟი ირა,+ ანათოთელი აბი-ეზერი,+ 29  ხუშელი სიბექაი,+ ახოხელი ილაი, 30  ნეტოფელი მაჰრაი,+ ხელედი,+ ნეტოფელი ბაანას ვაჟი, 31  ბენიამინელი+ ითაი, გიბელი რიბაის ვაჟი, ფირათონელი ბენაია, 32  გააშისხეველი+ ხურაი, არბათელი აბიელი, 33  ბახარუმელი აზმავეთი, შაალბონელი ელიახბა, 34  გიზონელი ჰაშემის ვაჟები, იონათანი, ჰარარელი შაგეს ვაჟი, 35  ახიამი, ჰარარელი საქარის ვაჟი, ელიფალი, ურის ვაჟი, 36  მექერათელი ხეფერი, ფელონელი ახია, 37  ქარმელელი ხეცრო, ნაარაი, ეზბაის ვაჟი, 38  იოელი, ნათანის ძმა, მიბხარი, ჰაგრის ვაჟი, 39  ამონელი ცელეკი, ბეეროთელი ნახარაი — ცერუიას ვაჟის, იოაბის, საჭურველთმტვირთველი, 40  ითრელი ირა, ითრელი გარები, 41  ხეთელი ურია,+ ზაბადი, ახლაის ვაჟი, 42  რეუბენელთა თავკაცი ადინა, რეუბენელი შიზას ვაჟი, და 30 კაცი მასთან ერთად, 43  ხანანი, მააქას ვაჟი, მითნელი იოშაფატი, 44  აშთაროთელი უზია, შამა და იეიელი, აროერელი ხოთამის ვაჟები, 45  იედიაელი, შიმრის ვაჟი, და თიცელი იოხა, მისი ძმა, 46  მახაველი ელიელი, იერიბაი და იოშავია, ელნაამის ვაჟები, და მოაბელი ითმა, 47  ელიელი, ობედი და მეცობაელი იაასიელი.

სქოლიოები

ებრაული სიტყვის ტრანსლიტერაცია. იხ. „ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“.
დაახლ. 2,25 მ. იხ. დანართი ბ14.
საქსოვი დაზგის ნაწილი, მრგვალი ხე.