მატიანე — წიგნი პირველი 19:1—19
19 ამის შემდეგ მოკვდა ამონელთა მეფე ნახაში და მის ნაცვლად მისი ვაჟი გამეფდა.+
2 დავითმა თქვა: „სიკეთით* გადავუხდი+ ნახაშის ვაჟს, ხანუნს, იმ სიკეთისთვის*, რაც მამამისმა გამიკეთა!“ გაუგზავნა დავითმა მას მაცნეები, რომ ნუგეში ეცათ მისთვის მამამისის სიკვდილის გამო. როცა მივიდნენ დავითის მსახურები ამონელთა+ მიწაზე ხანუნის სანუგეშებლად,
3 უთხრეს ამონელთა მთავრებმა ხანუნს: „გგონია, მამაშენის პატივისცემის გამო გამოგიგზავნა დავითმა ნუგეშისმცემლები?! განა ქვეყნის დასაზვერად და დასაპყრობად არ მოვიდნენ შენთან მისი მსახურები?!“
4 წაიყვანა ხანუნმა დავითის მსახურები, გაპარსა ისინი,+ წელს ქვემოთ ტანსაცმელი შემოაჭრა და გაუშვა.
5 შეატყობინეს დავითს ამ კაცების ამბავი და მანაც მაშინვე გაგზავნა ხალხი მათთან შესახვედრად, რადგან მეტისმეტად შეურაცხყოფილნი იყვნენ. მეფემ შეუთვალა, იერიხონში+ დარჩით, სანამ წვერი არ მოგეზრდებათ, და მერე დაბრუნდითო.
6 მიხვდნენ ამონელები, რომ თავი შეაძულეს დავითს. გაგზავნეს ხანუნმა და ამონელებმა მაცნეები შუამდინარეთში, არამ-მააქასა და ცობაში და 1 000 ტალანტი* ვერცხლი გაატანეს ეტლებისა და მხედრების დასაქირავებლად.+
7 დაიქირავეს მათ 32 000 ეტლი და მააქის მეფე თავისი ხალხით. ისინიც მივიდნენ და მედების+ წინ დაბანაკდნენ. შეიკრიბნენ თავიანთი ქალაქებიდან საბრძოლველად წამოსული ამონელებიც.
8 გაიგო ეს დავითმა და გაგზავნა იოაბი+ და მთელი ლაშქარი, მათ შორის ყველაზე გულადი მეომრები.+
9 გავიდნენ ამონელები და ქალაქის შესასვლელთან დაირაზმნენ, მეფეები კი ამ დროს ტრიალ მინდორში განლაგდნენ.
10 როცა დაინახა იოაბმა, რომ მტერი წინიდანაც უტევდა და ზურგიდანაც, ისრაელებს შორის საუკეთესო მებრძოლები შეარჩია და სირიელებთან საბრძოლველად დარაზმა.+
11 დანარჩენები აბიშაის,+ თავის ძმას, ჩააბარა, რომ მას ამონელებთან საბრძოლველად დაერაზმა ისინი,
12 და უთხრა: „თუ მე გამიჭირდება სირიელებთან+ გამკლავება, შენ მომეშველე, ხოლო, თუ შენ გაგიჭირდება ამონელებთან ბრძოლა, მე მოგეშველები.
13 უნდა გავმაგრდეთ+ და ვაჟკაცურად დავდგეთ ჩვენი ხალხისა და ღვთის ქალაქების გულისთვის, და ყველაფერი იეჰოვას ნებისამებრ იქნება!“
14 შეუტიეს იოაბმა და მისმა ხალხმა სირიელებს და უკუიქცნენ ისინი.+
15 როცა დაინახეს ამონელებმა, რომ უკუიქცნენ სირიელები, თვითონაც გაექცნენ აბიშაის და ქალაქში შეცვივდნენ. ამის შემდეგ იოაბი იერუსალიმში დაბრუნდა.
16 დაინახეს სირიელებმა, რომ დამარცხდნენ ისრაელებთან და მაცნეები გაგზავნეს მდინარესთან*+ მცხოვრები სირიელების მოსაყვანად, რომლებსაც ჰადადეზერის მხედართმთავარი შოფაქი მოუძღოდა.+
17 შეატყობინეს ეს დავითს და მანაც მაშინვე შეკრიბა მთელი ისრაელი, გადალახა იორდანე, მივიდა მათთან და თავისი ჯარი მათ წინააღმდეგ საბრძოლველად დარაზმა. გავიდა დავითი სირიელებთან საბრძოლველად და ისინიც შეებრძოლნენ მას.+
18 გაექცნენ სირიელები ისრაელებს. 7 000 მეეტლე და 40 000 ქვეითი დაუხოცა დავითმა სირიელებს და მოკლა მათი მხედართმთავარი შოფაქიც.
19 დაინახეს ჰადადეზერის მსახურებმა, რომ დამარცხდნენ ისრაელებთან+ და მაშინვე დაუზავდნენ დავითს+ და მისი მორჩილები გახდნენ; მეტად აღარ უცდიათ სირიელებს ამონელების დახმარება.
სქოლიოები
^ ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
^ ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
^ ტალანტი უდრიდა 34,2 კგ-ს. იხ. დანართი ბ14.
^ იგულისხმება ევფრატი.