მეფეები — წიგნი პირველი 2:1—46
2 მოახლოვდა დავითის სიკვდილის დრო, ამიტომ თავის ვაჟს, სოლომონს, უთხრა:
2 „მე მალე მოვკვდები; გამაგრდი+ და ვაჟკაცურად იყავი!+
3 შეასრულე შენი ვალდებულება იეჰოვას, შენი ღვთის წინაშე, იარე მისი გზით და დაიცავი მოსეს კანონში ჩაწერილი მისი წესები, მცნებები, სამართალი და მითითებები*,+ რათა, რასაც ხელს მოჰკიდებ და სადაც კი წახვალ, ხელი მოგემართოს.
4 შეასრულებს იეჰოვა ჩემთვის მოცემულ დაპირებას: თუ შენი ვაჟები დაუკვირდებიან თავიანთ გზებს და ერთგულად მემსახურებიან,+ ყოველთვის იმეფებსო შენი შთამომავალი ისრაელზე.+
5 კარგად იცი, როგორ მომექცა იოაბი, ცერუიას ვაჟი, რა უყო ისრაელის ორ მხედართმთავარს: ნერის ვაჟ აბნერსა+ და იეთერის ვაჟ ამასას;+ მშვიდობიან დროს დახოცა ისინი, სისხლით+ გაისვარა წელზე სარტყელი და ფეხებზე სანდლები.
6 ბრძნულად იმოქმედე და მშვიდობით ნუ ჩაიყვან ჭაღარას სამარეში*.+
7 გალაადელი ბარზილაის+ ვაჟებს სიკეთე* არ მოაკლო; შენი სუფრიდან ჭამონ მათ, რადგან გვერდში მედგნენ,+ როცა შენს ძმას, აბესალომს,+ გავურბოდი.
8 შენ მახლობლად ცხოვრობს შიმეიც, გერას ვაჟი, ბენიამინელი, ბახურიმიდან; ის იყო, მწარედ რომ მწყევლიდა,+ როცა მახანაიმში+ მივდიოდი, მაგრამ, როცა იორდანესთან ჩამოვიდა ჩემ შესაგებებლად, იეჰოვა დავუფიცე, არ მოგკლავ-მეთქი.+
9 ნუ დატოვებ დაუსჯელს;+ ბრძენი ხარ და კარგად იცი, როგორ მოექცე, სისხლიანი ჭაღარით ჩაიყვანე სამარეში!»+
10 განისვენა დავითმა თავისი მამა-პაპის გვერდით; დამარხეს ის დავითის ქალაქში.+
11 დავითმა ისრაელზე 40 წელი იმეფა: 7 წელი ხებრონიდან+ და 33 წელი — იერუსალიმიდან.+
12 დაჯდა სოლომონი მამამისის, დავითის, ტახტზე; დიდად განმტკიცდა მისი მეფობა.+
13 მივიდა ხაგითის ვაჟი ადონია ბათშებასთან, სოლომონის დედასთან. ჰკითხა მას ბათშებამ: „სამშვიდობოდ ხარ მოსული?“ მან მიუგო: „კი, სამშვიდობოდ!“
14 შემდეგ ბათშებას უთხრა: „საქმე მაქვს შენთან“. ქალმა მიუგო: „მითხარი“.
15 მანაც განაგრძო: „შენც ხომ კარგად იცი, რომ მე მეკუთვნოდა მეფობა და მთელი ისრაელი ჩემს გამეფებას+ ელოდა, მაგრამ ჩემ ნაცვლად ჩემი ძმა გამეფდა, რადგან ასე ინება იეჰოვამ.+
16 ახლა ერთი სათხოვარი მაქვს და უარს ნუ მეტყვი“. მან მიუგო: „მითხარი“.
17 ადონიამ სთხოვა: „უთხარი მეფე სოლომონს, რომ ცოლად მომცეს შუნამელი აბიშაგი;+ შენ უარს არ გეტყვის“.
18 ბათშებამ მიუგო: „კარგი, დაველაპარაკები მეფეს“.
19 მივიდა ბათშება მეფე სოლომონთან, რომ ადონიაზე დალაპარაკებოდა. მეფე მაშინვე წამოდგა მის შესაგებებლად და პირქვე დაემხო. შემდეგ დაჯდა თავის ტახტზე და დედისთვისაც დაადგმევინა ტახტი, რომ თავის მარჯვნივ დაესვა.
20 უთხრა მას ბათშებამ: „პატარა სათხოვარი მაქვს, უარს ნუ მეტყვი“. მეფემ მიუგო: „მითხარი, დედა, არ გეტყვი უარს“.
21 მანაც უთხრა: „მიათხოვე შუნამელი აბიშაგი შენს ძმას, ადონიას“.
22 ამაზე მეფე სოლომონმა დედამისს უთხრა: „რატომ მთხოვ შუნამელ აბიშაგს ადონიასთვის? ბარემ მისი მეფობაც მთხოვე,+ ის ხომ ჩემი უფროსი ძმაა+ და აბიათარ მღვდელი და ცერუიას ვაჟი+ იოაბიც+ მას უჭერენ მხარს!“
23 იეჰოვა დაიფიცა მეფე სოლომონმა: „ღმერთმა დამსაჯოს, თუ თავისდა საუბედუროდ არ ეთხოვოს ეს ადონიას.
24 დღესვე მოკვდება ადონია,+ ვფიცავ ცოცხალ ღმერთს, იეჰოვას, რომელმაც განმამტკიცა+ და დამსვა მამაჩემის, დავითის, ტახტზე და მე და ჩემს შთამომავლებს მოგვცა სამეფო+ დაპირებისამებრ!“
25 მაშინვე გაგზავნა მეფე სოლომონმა ბენაია,+ იეჰოიადას ვაჟი; ისიც წავიდა და მოკლა ადონია.
26 აბიათარ+ მღვდელს მეფემ უბრძანა: „შენს მამულში, ანათოთში,+ წადი! სიკვდილის ღირსი ხარ, მაგრამ არ მოგკლავ, რადგან უზენაესი უფლის, იეჰოვას, კიდობანი ატარე დავითის, მამაჩემის+ წინაშე და მასთან ერთად გამოიარე გაჭირვება“.+
27 ჩამოართვა სოლომონმა აბიათარს იეჰოვას მღვდლად მსახურების უფლება, რათა შესრულებულიყო იეჰოვას სიტყვა, შილოში+ ელის სახლეულობაზე+ ნათქვამი.
28 მიუვიდა ამბავი იოაბს (იოაბი ადონიას+ უჭერდა მხარს, თუმცა აბესალომს+ არ მიმხრობია) და გაიქცა იგი იეჰოვას კარავში+ და სამსხვერპლოს რქებს ჩაეჭიდა.
29 უთხრეს მეფე სოლომონს, იოაბი იეჰოვას კარავში გაიქცა და სამსხვერპლოსთან არისო. გაგზავნა სოლომონმა ბენაია, იეჰოიადას ვაჟი, მის მოსაკლავად.
30 მივიდა ბენაია იეჰოვას კარავში და უთხრა მას: „მეფემ ბრძანა, გამოვიდესო!“ მან მიუგო: „არა, აქ უნდა მოვკვდე!“ დაბრუნდა ბენაია მეფესთან და გადასცა იოაბის ნათქვამი.
31 უბრძანა მას მეფემ: „ის უყავი, რაც თვითონ გითხრა; მოკალი, დამარხე და ჩამოგვრეცხე მე და მამაჩემის სახლს იოაბის მიერ დაღვრილი უდანაშაულო სისხლი.+
32 იეჰოვა მიუზღავს მას, რადგან მამაჩემის, დავითის, უჩუმრად თავს დაესხა და მახვილით მოკლა ორი თავისზე მართალი და კარგი კაცი: ისრაელის მხედართმთავარი+ აბნერი,+ ნერის ვაჟი, და იუდას მხედართმთავარი+ ამასა,+ იეთერის ვაჟი.
33 იოაბისა და მისი შთამომავლობის კისერზე იყოს მათი სისხლი სამარადისოდ.+ დავითს, მის შთამომავლობას, მის სახლეულობასა და მის სამეფოს კი მარადიული მშვიდობა ჰქონდეთ იეჰოვასგან!“
34 წავიდა იეჰოიადას ვაჟი ბენაია და მოკლა იოაბი. დამარხეს ის თავის სახლთან, უდაბნოში.
35 მეფემ მის ნაცვლად მხედართმთავრად იეჰოიადას ვაჟი ბენაია+ დანიშნა, აბიათარის ნაცვლად კი — ცადოკ+ მღვდელი.
36 შემდეგ მეფემ შიმეის+ მოუხმო და უთხრა: „აიშენე სახლი იერუსალიმში და იქ იცხოვრე; არსად წახვიდე!
37 როგორც კი ქალაქიდან გახვალ და კედრონის ხევს+ გადაკვეთ, იცოდე, სიკვდილი არ აგცდება; შენზე იქნება შენი სისხლი!“
38 შიმეიმ მეფეს მიუგო: „სამართლიანია შენი მოთხოვნა; როგორც მეფე-ბატონმა თქვა, ისე მოიქცევა შენი მსახური“. დარჩა შიმეი იერუსალიმში და იქ ცხოვრობდა.
39 გავიდა სამი წელი და გაექცა შიმეის ორი მონა აქიშთან,+ მააქას ვაჟთან, გათის მეფესთან. აცნობეს შიმეის, შენი მონები გათში არიანო.
40 მაშინვე შეკაზმა ვირი შიმეიმ და აქიშთან წავიდა გათში მონების მოსაძებნად. როდესაც შიმეი თავის მონებთან ერთად გათიდან დაბრუნდა,
41 აცნობეს სოლომონს, იერუსალიმიდან გათში წავიდა შიმეი და უკან დაბრუნდაო.
42 დაიბარა მეფემ შიმეი და უთხრა: „ხომ დაგაფიცე იეჰოვა და გაგაფრთხილე, თუ ქალაქიდან გახვალ, სიკვდილი არ აგცდება-მეთქი?! შენ არ იყავი, რომ მიპასუხე, სამართლიანია შენი მოთხოვნა და დაგემორჩილებიო?!+
43 მაშ, რატომ არ შეასრულე იეჰოვას წინაშე დადებული ფიცი და ჩემი ბრძანება?“
44 მეფემ შიმეის უთხრა: „კარგად იცი, რა ავკაცურად მოექეცი მამაჩემ დავითს;+ იეჰოვა საკადრისს მოგიზღავს შენი ავკაცობის გამო,+
45 მეფე სოლომონი კი კურთხეული იქნება+ და მარადიულად განმტკიცდება დავითის ტახტი იეჰოვას წინაშე!“
46 შემდეგ მეფემ ბენაიას, იეჰოიადას ვაჟს, მისი მოკვლა უბრძანა; ისიც ადგა და მოკლა იგი.+
დიდად განმტკიცდა სამეფო სოლომონის მმართველობის დროს.+
სქოლიოები
^ დედანში ეს სიტყვა ნათქვამის გამეორების, შეხსენების აზრს ატარებს.
^ ებრ. „შეოლ“. იხ. „სამარე“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
^ ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).