მეფეები — წიგნი პირველი 20:1—43

  • სირიელები ახაბის წინააღმდეგ ილაშქრებენ (1—12).

  • ახაბი ამარცხებს სირიელებს (13—34).

  • წინასწარმეტყველება ახაბზე (35—43).

20  შეკრიბა სირიის+ მეფე ბენ-ჰადადმა+ თავისი ჯარი, აგრეთვე 32 მეფე თავიანთი ცხენებითა და ეტლებით; გაემართა სამარიისკენ+ და ალყა შემოარტყა+ მას, რათა შებრძოლებოდა.  შემდეგ მაცნეები გაუგზავნა ქალაქში ისრაელის მეფე ახაბს+ და დააბარა, უთხარით, ასე ამბობს-თქო ბენ-ჰადადი:  „ჩემია შენი ოქრო-ვერცხლი და რჩეულნი შენს ცოლთაგან და ვაჟთაგან!“  ისრაელის მეფემ შეუთვალა: „როგორც იტყვი, მეფე-ბატონო, მეც შენი ვარ და ის ყველაფერიც შენია, რაც მე მეკუთვნის!“+  ისევ მივიდნენ მაცნეები და გადასცეს ბენ-ჰადადის ნათქვამი: „შემოგითვალე, რომ მოგეცა ოქრო-ვერცხლი, ცოლები და ვაჟები,  მაგრამ ხვალ ამ დროს მსახურებსაც გამოვგზავნი, რომლებიც გაჩხრეკენ შენს სახლსა და შენს მსახურთა სახლებს, და წამოიღებენ ყველაფერს, რაც ძვირფასია შენთვის!“  მოუხმო ისრაელის მეფემ ქვეყნის უხუცესებს და უთხრა: „იცოდეთ, უბედურებას დაგვატეხს ეს კაცი; ცოლები, ვაჟები და ოქრო-ვერცხლი მომთხოვა და მეც უარი ვერ ვუთხარი!“  უხუცესებმა და ხალხმა უთხრეს მას: „არ დაემორჩილო, არ დასთანხმდე!“  უთხრა მან ბენ-ჰადადის მაცნეებს: „გადაეცით ჩემს მეფე-ბატონს, რომ, რაც პირველად შემომითვალა, იმას გავაკეთებ, მაგრამ ამაზე ვეღარ დავთანხმდები!“ წავიდნენ მაცნეები და მიუტანეს მას ეს ამბავი. 10  ბენ-ჰადადმა შეუთვალა: „დაე ღმერთებმა დამსაჯონ, თუ თითო მუჭა სამარიის მტვერი მაინც შეხვდეს თითოეულ მეომარს, მე რომ მახლავს!“ 11  ისრაელის მეფემ მიუგო: „უთხარით, ნუ იტრაბახებს-თქო აბჯრის ამსხმელი აბჯრის შემხსნელივით“.+ 12  ეს ნათქვამი მაშინ გადასცეს, როცა ის და მასთან მყოფი მეფეები კარვებში სვამდნენ; მან მაშინვე უბრძანა თავის მსახურებს: „დაირაზმეთ!“ ისინიც დაირაზმნენ ქალაქზე გასალაშქრებლად. 13  მივიდა ერთი წინასწარმეტყველი ახაბთან,+ ისრაელის მეფესთან, და უთხრა: «აი, რას ამბობს იეჰოვა: „ხომ ხედავ უამრავ ხალხს?! დღეს შენს ხელში ჩავყრი მათ და გაიგებ, რომ მე ვარ იეჰოვა!“»+ 14  ახაბმა ჰკითხა: „ვის გააკეთებინებს ამას?“ მან მიუგო: «აი, რა თქვა იეჰოვამ: „სამთავროთა მთავრების მსახურებს“». კვლავ ჰკითხა ახაბმა: „ვინ დაიწყებს ბრძოლას?“ მან უპასუხა: „შენ!“ 15  აღრიცხა ახაბმა სამთავროთა მთავრების მსახურები და მათმა რიცხვმა 232 შეადგინა, შემდეგ კი სხვა ისრაელები აღრიცხა და მათი რიცხვი 7 000 იყო. 16  ქალაქიდან შუადღით გავიდნენ; ამ დროს ბენ-ჰადადი და მისი მომხრე 32 მეფე კარვებში სვამდნენ და თვრებოდნენ. 17  პირველები სამთავროთა მთავრების მსახურები გავიდნენ ქალაქიდან. ბენ-ჰადადმა მაშინვე თავისი ხალხი გაგზავნა, რომელთაც ამბავი მოუტანეს, სამარიიდან ხალხი გამოვიდაო. 18  მან თქვა: „ცოცხლად შეიპყარით, გინდ სამშვიდობოდ იყვნენ გამოსულები და გინდაც საბრძოლველად!“ 19  მაგრამ, როცა ქალაქიდან გამოვიდნენ სამთავროთა მთავრების მსახურები, რომელთაც უკან ჯარი მოჰყვებოდა, 20  ყველამ თავისი მოწინააღმდეგე დასცა. მაშინ უკუიქცნენ სირიელები,+ ისრაელები კი დაედევნენ მათ. სირიის მეფე ბენ-ჰადადი რამდენიმე მხედართან ერთად ცხენით გაიქცა და ასე უშველა თავს. 21  გამოვიდა ისრაელის მეფე და ანადგურებდა როგორც მხედრებს, ისე ეტლებში მყოფთ; დიდი გამარჯვება მოიპოვა მან სირიელებზე. 22  კვლავ მივიდა წინასწარმეტყველი+ ისრაელის მეფესთან და უთხრა: „წადი, ძალა მოიკრიბე და მოიფიქრე, რას გააკეთებ,+ ვინაიდან გაისად, წლის დასაწყისში* შეგებრძოლება სირიის მეფე!“+ 23  სირიის მეფეს უთხრეს მისმა მსახურებმა: „მთათა ღმერთია მათი ღმერთი, ამიტომაც გვძლიეს. თუკი ვაკეზე შევებრძოლებით, ჩვენ ვძლევთ მათ! 24  ამჯერად ასე მოიქეცი: ბრძოლაში მეფეების ნაცვლად გამგებლები წაიყვანე;+ 25  შეყარე იმდენივე მებრძოლი, რამდენიც დაკარგე, და წაიყვანე იმდენივე ცხენი და ეტლი, რამდენიც გყავდა. ვაკეზე შევებრძოლოთ და უსათუოდ ვძლევთ!“ მეფემ ყურად იღო მათი რჩევა და ასეც მოიქცა. 26  წლის დასაწყისში შეკრიბა ბენ-ჰადადმა სირიელები და აფეკს+ მიაშურა, ისრაელებს რომ შებრძოლებოდა. 27  შეიკრიბნენ ისრაელებიც, მოუმზადეს მათ საგზალი და ისინიც დაიძრნენ მათთან შესახვედრად. თხის ორი პატარა ჯოგივით მოჩანდნენ მათ წინ დაბანაკებული ისრაელები, სირიელები კი მთელ იმ მხარეს მოედვნენ.+ 28  მივიდა ჭეშმარიტი ღვთის კაცი ისრაელის მეფესთან და უთხრა, ასე ამბობსო იეჰოვა: „რადგან სირიელებმა თქვეს, იეჰოვა მთათა ღმერთია და არა ვაკისო, ხელში ჩაგიგდებ მთელ ამ ურიცხვ ხალხს+ და გაიგებთ, რომ მე იეჰოვა ვარ!“+ 29  შვიდი დღე იყვნენ დაბანაკებულები ერთმანეთის პირისპირ, მეშვიდე დღეს კი ბრძოლა გაიმართა; ისრაელებმა 100 000 ქვეითი სირიელი გაჟლიტეს ერთ დღეში. 30  გადარჩენილები ქალაქ აფეკში გაიქცნენ,+ მაგრამ მათგან 27 000 კაცს გალავანი ჩამოექცა თავზე. ბენ-ჰადადიც გაიქცა, ქალაქს მიაშურა და ერთ-ერთი სახლის შიდა ოთახში დაიმალა. 31  უთხრეს მას მსახურებმა: „გაგებული გვაქვს, რომ ისრაელის მეფეები გულმოწყალენი* არიან; წელზე ჯვალოს შემოვიხვევთ, თავზე კი — თოკებს, და მივალთ ისრაელის მეფესთან. იქნებ გვაცოცხლოს!“+ 32  შემოიხვიეს წელზე ჯვალო და თავზე — თოკები, მივიდნენ ისრაელის მეფესთან და უთხრეს: „შენმა მსახურმა ბენ-ჰადადმა გთხოვა, მაცოცხლეო!“ მან მიუგო: „ცოცხალია? ჩემი ძმაა იგი!“ 33  კარგად ენიშნათ ეს იმ კაცებს, ერწმუნნენ მეფის სიტყვას და მიუგეს: „შენი ძმაა ბენ-ჰადადი!“ მანაც უთხრა მათ: „წადით და მომიყვანეთ!“ მივიდა მასთან ბენ-ჰადადი, ახაბმა კი იგი მაშინვე თავის ეტლში აიყვანა. 34  უთხრა მას ბენ-ჰადადმა: „დაგიბრუნებ იმ ქალაქებს, რომლებიც მამაჩემმა მამაშენს წაართვა. გქონდეს ქუჩები სავაჭროდ დამასკოში, როგორც მამაჩემს ჰქონდა სამარიაში“. ახაბმა მიუგო: „მაშ, დავდოთ შეთანხმება და გაგიშვებ!“ დაუდო შეთანხმება და გაუშვა. 35  იეჰოვას მითითებისამებრ, წინასწარმეტყველთა ძეებიდან*+ ერთ-ერთმა თავის ამხანაგს სთხოვა: „დამარტყი!“ მაგრამ მან არ დაარტყა. 36  მან უთხრა: „რადგან არ გაუგონე იეჰოვას, ჩემგან წასულს ლომი მოგკლავს!“ მისგან რომ წავიდა, გზად ლომი გადაეყარა და მოკლა იგი. 37  შემდეგ სხვა კაცი ნახა და სთხოვა: „დამარტყი!“ მანაც ისე დაარტყა, რომ დაასისხლიანა. 38  წავიდა ის წინასწარმეტყველი და მეფეს დახვდა გზაზე; თვალებზე სახვევი აეფარებინა, რომ ვერ ეცნოთ. 39  მეფემ რომ ჩაიარა, მან შესძახა: „შუა ბრძოლაში იყო შენი მსახური, როცა ერთმა კაცმა, ბრძოლის ველიდან გამოსულმა, ტყვე მომაბარა და მითხრა, უყარაულეო; თუ გაგექცევა, საკუთარი სიცოცხლით ზღავ მის სიცოცხლეს+ ან 1 ტალანტ* ვერცხლს გადაიხდიო. 40  შენი მსახური იბრძოდა და ვერ შენიშნა მისი წასვლა“. ისრაელის მეფემ უთხრა: „თავადვე გამოგიტანია განაჩენი საკუთარი თავისთვის!“ 41  მან მაშინვე მოიხსნა თვალებიდან სახვევი და იცნო ისრაელის მეფემ წინასწარმეტყველი.+ 42  მან უთხრა: «აი, რა თქვა იეჰოვამ: „რადგან გაუშვი კაცი, რომელზეც გითხარი, არ აცოცხლო-მეთქი,+ საკუთარი სიცოცხლით ზღავ მის სიცოცხლეს,+ ხოლო შენი ხალხით — მის ხალხს!“»+ 43  შინ, სამარიაში,+ წავიდა ისრაელის მეფე; დაღვრემილი და დამწუხრებული.

სქოლიოები

იგულისხმება მომდევნო წლის გაზაფხული.
ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
„წინასწარმეტყველთა ძეებში“ შესაძლოა იგულისხმებოდეს წინასწარმეტყველთა ჯგუფი, რომლებიც ერთად მსახურობდნენ ან რომლებსაც თავიანთი დავალების შესასრულებლად ამზადებდნენ.
ტალანტი უდრიდა 34,2 კგ-ს. იხ. დანართი ბ14.