სამუელი — წიგნი პირველი 13:1—23

  • საული ჯარს კრებს (1—4).

  • საულის კადნიერება (5—9).

  • სამუელი კიცხავს საულს (10—14).

  • შეუიარაღებელი ისრაელები (15—23).

13  საული იყო ...* წლისა, როცა გამეფდა.+ იგი ორი წლის გამეფებული იყო ისრაელზე,  როცა ამოირჩია ისრაელთაგან 3 000 კაცი. 2 000 კაცი საულთან იყო მიქმაშსა და ბეთელის მთიან მხარეში, 1 000 კაცი კი — იონათანთან+ ბენიამინის გიბაში.+ ვინც არ აურჩევია, შინ გაუშვა.  შეუტია იონათანმა გებაში+ ჩაყენებულ ფილისტიმელთა+ ჯარს და დაამარცხა; გაიგეს ეს ფილისტიმელებმა. საულმა ბრძანა, რომ მთელი ისრაელის გასაგონად აეხმიანებინათ საყვირები+ და გამოეცხადებინათ: „ისმინონ ებრაელებმა!“  გააგებინეს მთელ ისრაელს, რომ გაანადგურა საულმა ფილისტიმელთა ჯარი და მოიძულეს ისრაელი ფილისტიმელებმა. შეიკრიბა ხალხი, რომ საულთან მისულიყო გილგალში.+  ფილისტიმელებიც შეიკრიბნენ ისრაელთან საბრძოლველად; გამოიყვანეს 30 000 საომარი ეტლი, 6 000 მხედარი და ზღვის ქვიშასავით ურიცხვი ხალხი+ და ბეთ-ავენის აღმოსავლეთით, მიქმაშში, დაბანაკდნენ.+  დაინახეს ისრაელებმა, რომ შავ დღეში ჩაცვივდნენ. ხალხი გამოქვაბულებში, კლდეებსა და კლდის ნაპრალებში, ჯურღმულებსა და ჭებში იმალებოდა.+  ზოგი ებრაელი იორდანის გაღმაც გადავიდა გადისა და გალაადის+ მიწაზე, საული კი ისევ გილგალში იყო და ყველა მასთან მყოფი შიშისგან კანკალებდა.  შვიდი დღე იცდიდა იგი სამუელის მიერ დათქმულ დრომდე, მაგრამ არ მისულა სამუელი გილგალში, მას კი ხალხი ეფანტებოდა.  ბოლოს საულმა თქვა: „მომიტანეთ დასაწვავი მსხვერპლი და სამშვიდობო მსხვერპლი“, და შესწირა დასაწვავი მსხვერპლი.+ 10  დაამთავრა თუ არა დასაწვავი მსხვერპლის შეწირვა, სამუელიც მივიდა. გავიდა საული მის შესახვედრად და მოსაკითხად. 11  უთხრა მას სამუელმა: „ეს რა ჩაიდინე?!“ საულმა მიუგო: „დავინახე, რომ ხალხი მეფანტებოდა,+ შენც არ მოხვედი დათქმულ დროს, ფილისტიმელები კი მიქმაშში+ იკრიბებოდნენ. 12  ვთქვი, დამესხმებიან ფილისტიმელები გილგალში, მე კი იეჰოვას გული ჯერ არ მომილბია-მეთქი. იძულებული გავხდი, შემეწირა დასაწვავი მსხვერპლი“. 13  მიუგო სამუელმა საულს: „უგუნურად მოიქეცი! არ შეასრულე შენი ღვთის, იეჰოვას, მიერ მოცემული მითითება.+ რომ შეგესრულებინა, იეჰოვა სამარადისოდ განამტკიცებდა შენს სამეფოს და იმმართველებდი ისრაელზე. 14  ახლა კი შეირყევა შენი სამეფო.+ იეჰოვა მოძებნის თავისთვის მოსაწონ კაცს+ და დანიშნავს მას იეჰოვა თავისი ხალხის წინამძღოლად,+ რადგან შენ არ შეასრულე იეჰოვას მითითება!“+ 15  ადგა სამუელი და გილგალიდან ბენიამინის გიბაში წავიდა. აღრიცხა საულმა მასთან დარჩენილი ხალხი და 600-მდე კაცი გამოვიდა.+ 16  საული, მისი ვაჟი იონათანი და მათთან დარჩენილები ბენიამინის გებაში+ გაჩერდნენ, ფილისტიმელები კი მიქმაშში+ იყვნენ დაბანაკებულნი. 17  ფილისტიმელთა ბანაკიდან სათარეშოდ სამი რაზმი გამოდიოდა; ერთი რაზმი ოფრისკენ, შუალის მიწისკენ, დაადგებოდა ხოლმე გზას, 18  მეორე — ბეთ-ხორონისკენ,+ მესამე კი — საზღვრისკენ, რომელიც ცებოიმის ველს გადაჰყურებს, უდაბნოს მიმართულებით. 19  მთელი ისრაელის მიწაზე ერთი მჭედელიც არ იყო, რადგან ფილისტიმელები ებრაელებს მახვილებისა და შუბების კეთების ნებას არ რთავდნენ. 20  ისრაელები ფილისტიმელებთან ჩადიოდნენ და მათ ალესვინებდნენ სახნისებს, თოხებს, ცულებსა და ნამგლებს. 21  თითო ფიმი* ღირდა სახნისის, თოხისა და ფიწლის გალესვა და სახრის შეკეთება. 22  ბრძოლის დროს საულთან და იონათანთან+ მყოფთაგან არავის ეჭირა ხელში მახვილი და შუბი თავად საულისა და მისი ვაჟის, იონათანის გარდა. 23  იმ დროისთვის ფილისტიმელთა საგუშაგო რაზმი მიქმაშის+ ვიწრო ხევისკენ იყო წასული.

სქოლიოები

ებრაულ ტექსტში რიცხვი არ გვხვდება.
ძველი წონის ერთეული, დაახლ. 8 გრ ვერცხლი.