სამუელი — წიგნი პირველი 16:1—23

  • სამუელი დავითს ზეთს სცხებს, როგორც მომავალ მეფეს (1—13).

    • იეჰოვა გულს ხედავს (7).

  • ღვთის სული ტოვებს საულს (14—17).

  • დავითი საულის მექნარე ხდება (18—23).

16  უთხრა იეჰოვამ სამუელს: „როდემდე უნდა წუხდე საულზე?+ მე ხომ უარვყავი იგი ისრაელის მეფედ.+ აავსე რქა* ზეთით+ და წადი! ბეთლემელ იესესთან+ გგზავნი, რადგან მისი ერთ-ერთი ვაჟი ავირჩიე მეფედ“.+  სამუელმა მიუგო: „როგორ წავიდე?! გაიგებს საული და მომკლავს“.+ იეჰოვამ უთხრა: „დეკეული წაიყვანე და თქვი, იეჰოვასთვის მსხვერპლის შესაწირავად ვარ მოსული-თქო.  მოუხმე მსხვერპლთან იესეს და მე გეტყვი, რა გააკეთო; ვისზეც მიგითითებ, ის სცხე“.+  სამუელმა ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც იეჰოვამ უთხრა. ბეთლემში რომ მივიდა,+ ქალაქის უხუცესები შეშინებული შეეგებნენ და ჰკითხეს, ხომ მშვიდობააო.  მან მიუგო: „მშვიდობაა! იეჰოვასთვის მსხვერპლის შესაწირავად მოვედი. განიწმინდეთ და გამომყევით იქ, სადაც მსხვერპლს შევწირავ“. განწმინდა მან იესე და მისი ვაჟები და მიიწვია მსხვერპლშეწირვის ადგილას.  როცა ისინი მივიდნენ და შეხედა სამუელმა ელიაბს,+ თქვა, ნამდვილად ეს არისო იეჰოვას ცხებული.  მაგრამ იეჰოვამ სამუელს უთხრა: „ნუ უყურებ მის გარეგნობასა და სიმაღლეს,+ რადგან არ ამირჩევია იგი. ღმერთი ისე არ უყურებს, როგორც ადამიანი, რადგან ადამიანი გარეგნობას ხედავს, იეჰოვა კი — გულს“.+  შემდეგ იესემ აბინადაბს+ მოუხმო და სამუელს წარუდგინა. მან თქვა: „არც ეს აურჩევია იეჰოვას“.  შემდეგ შამა+ მიუყვანა იესემ. მან თქვა, არც ეს არისო იეჰოვას რჩეული. 10  ასე წარუდგინა იესემ სამუელს თავისი შვიდი ვაჟი, მაგრამ სამუელმა უთხრა იესეს, ამათგან არცერთი არ აურჩევიაო იეჰოვას. 11  ბოლოს ჰკითხა სამუელმა იესეს: „შენი ყველა ვაჟი აქ არის?“ მან მიუგო: „ერთი დარჩა, ყველაზე უმცროსი,+ ცხვარს მწყემსავს“.+ სამუელმა იესეს უთხრა: „მოაყვანინე; მის მოსვლამდე არ დავსხდებით საჭმელად“. 12  მანაც მოაყვანინა იგი. ის ლამაზთვალება, წითური პირისახისა და კარგი შესახედაობის ყმაწვილი იყო.+ იეჰოვამ სამუელს უთხრა: „ადექი და სცხე, რადგან ეს არის რჩეული!“+ 13  აიღო სამუელმა ზეთით სავსე რქა+ და სცხო მას მისი ძმების თვალწინ. იმ დღიდან ამოქმედდა დავითზე იეჰოვას სული.+ მოგვიანებით სამუელი ადგა და რამაში+ წავიდა. 14  გაშორდა საულს იეჰოვას სული+ და სულის სიმშვიდე დაუკარგა მას იეჰოვამ*.+ 15  უთხრეს მსახურებმა საულს: „ხომ ხედავ, რომ ღმერთმა სულის სიმშვიდე დაგიკარგა. 16  უბრძანოს ჩვენმა ბატონმა თავის მსახურებს, რომ მოძებნონ კარგი მექნარე,+ და როცა ღმერთი სულს აგიფორიაქებს, ის დაუკრავს და დამშვიდდები“. 17  სთხოვა საულმა თავის მსახურებს, მოეძებნათ კარგი მექნარე და მიეყვანათ მასთან. 18  ერთ-ერთმა მსახურმა მიუგო: „მინახავს, რა კარგად უკრავს ბეთლემელი იესეს ვაჟი. ის მამაცი და ძლიერი მებრძოლია.+ სიტყვა-პასუხიც კარგი აქვს და თვალტანადიცაა.+ იეჰოვაა მასთან“.+ 19  შეუთვალა საულმა მაცნეების პირით იესეს: „გამომიგზავნე შენი ვაჟი დავითი, ცხვარს რომ მწყემსავს“.+ 20  აჰკიდა იესემ ვირს პური, ერთი ტიკი ღვინო, თიკანი და თავისი ვაჟის, დავითის ხელით გაუგზავნა საულს. 21  მივიდა დავითი საულთან და ემსახურებოდა მას.+ შეიყვარა იგი საულმა და საჭურველთმტვირთველად დაიყენა. 22  შეუთვალა საულმა იესეს: „გთხოვ, დამიტოვე დავითი, რომ ჩემთან იმსახუროს, რადგან წყალობა პოვა ჩემს თვალში“. 23  როცა ღმერთი სულს უფორიაქებდა საულს, დავითი ქნარს იღებდა და უკრავდა; შვებას გრძნობდა საული და სულის სიმშვიდე უბრუნდებოდა.+

სქოლიოები

ცხოველის რქა ძველ ისრაელში ზეთის ჩასასხმელ ჭურჭლად გამოიყენებოდა.
სიტყვასიტყვით — „ბოროტმა სულმა იეჰოვასგან მოსვენება დაუკარგა“.