სამუელი — წიგნი პირველი 23:1—29

  • დავითის მიერ ქალაქ კეილის ხსნა (1—12).

  • საული მისდევს დავითს (13—15).

  • იონათანი ამხნევებს დავითს (16—18).

  • დავითი ძლივს აღწევს თავს საულს (19—29).

23  შეატყობინეს დავითს, ფილისტიმელები კეილას+ ებრძვიან და კალოებს ძარცვავენო.  დაეკითხა დავითი იეჰოვას:+ „შევებრძოლო ფილისტიმელებს?“ იეჰოვამ მიუგო: „წადი, შეებრძოლე ფილისტიმელებს და იხსენი კეილა“.  უთხრა დავითს თავისმა ხალხმა: „ჩვენ აქ, იუდაშიც,+ გვეშინია და კეილაში როგორღა გავილაშქრებთ ფილისტიმელთა რაზმების წინააღმდეგ?!“+  კვლავ დაეკითხა დავითი იეჰოვას.+ პასუხად იეჰოვამ უთხრა: „ადექი და ჩადი კეილაში, რადგან ხელში ჩაგიგდებ ფილისტიმელებს!“+  ჩავიდა დავითი თავის ხალხთან ერთად კეილაში და შეებრძოლა ფილისტიმელებს; გაჟლიტეს ისინი, მათი ცხვარ-ძროხა კი წამოასხეს. ასე იხსნა დავითმა კეილის მკვიდრნი.+  როცა ახიმელექის ვაჟი აბიათარი+ დავითთან გაიქცა კეილაში, თან ეფოდი წაიღო.  შეატყობინეს საულს, კეილაშიაო დავითი, რაზეც მან თქვა: „ღმერთმა ჩამიგდო ის ხელში;+ აჰა, თვითონვე გამოიკეტა თავი კარიბჭეებიან და ურდულებიან ქალაქში“.  საომრად მოუხმო საულმა მთელ ხალხს, რომ კეილაში ჩასულიყვნენ და ალყაში მოექციათ დავითი და მისი ხალხი.  გაიგო დავითმა საულის ბოროტი განზრახვის შესახებ და უთხრა მღვდელ აბიათარს: „ეფოდი მოიტანე!“+ 10  თქვა დავითმა: „იეჰოვა, ისრაელის ღმერთო, გაიგო შენმა მსახურმა, რომ საული ჩემ გამო კეილაში ჩამოსვლას და ქალაქის განადგურებას აპირებს.+ 11  ჩაუგდებენ ჩემს თავს მას ხელში კეილის თავკაცები*? ჩამოვა საული, როგორც შენმა მსახურმა შეიტყო? გთხოვ, იეჰოვა, ისრაელის ღმერთო, ამცნე ეს შენს მსახურს!“ იეჰოვამ მიუგო: „ჩამოვა“. 12  ჰკითხა დავითმა: „ჩაგვყრიან კეილის თავკაცები მე და ჩემს ხალხს საულის ხელში?“ იეჰოვამ მიუგო: „ჩაგყრიან“. 13  აიყარნენ დავითი და მისი ხალხი, დაახლოებით 600 კაცი,+ დატოვეს კეილა და ერთი ადგილიდან მეორეზე გადადიოდნენ. შეატყობინეს საულს, რომ გაიქცა დავითი კეილიდან და ისიც აღარ დასდევნებია მას. 14  ზიფის+ უდაბნოს მთიან მხარეში მიუვალ ადგილებს აფარებდა დავითი თავს. არ ეშვებოდა საული და კვლავ დაეძებდა მას,+ მაგრამ იეჰოვა არ აგდებდა მას საულის ხელში. 15  დავითი ზიფის უდაბნოში, ხორეშში, იყო; იცოდა*, რომ საული მოსაკლავად დასდევდა. 16  ჩავიდა საულის ვაჟი იონათანი დავითთან ხორეშში, დაარწმუნა, რომ იეჰოვა არ მიატოვებდა, და ასე განამტკიცა.+ 17  უთხრა მას: „ნუ გეშინია, მამაჩემი საული ვერაფერს დაგაკლებს. შენ გახდები ისრაელის მეფე,+ მე კი მეორე კაცი ვიქნები; მამაჩემმა საულმაც იცის ეს“.+ 18  შეთანხმება დაუდეს ერთმანეთს+ იეჰოვას წინაშე; დავითი ხორეშში დარჩა, იონათანი კი შინ დაბრუნდა. 19  მივიდნენ ზიფელები საულთან გიბაში+ და უთხრეს: „ჩვენთან იმალება+ დავითი ხორეშში,+ მიუვალ ადგილებში, იეშიმონის* სამხრეთით+ ხაქილის გორაზე.+ 20  როცა ინებებ, მოდი, მეფეო, და გადმოგცემთ მას“.+ 21  საულმა მიუგო: „გაკურთხოთ იეჰოვამ, მხარში რომ ამომიდექით. 22  წადით, შეიტყვეთ მისი ზუსტი ადგილსამყოფელი და ისიც გაიგეთ, ვინ ნახა, რადგან მითხრეს, ძალიან ცბიერიაო. 23  ნახეთ ყველა ის ადგილი, სადაც იმალება ხოლმე და, როცა მის ზუსტ ადგილსამყოფელს გაიგებთ, ჩემთან დაბრუნდით. თუ მართლა ჩვენს მიწაზეა, მოვძებნი მას იუდას საგვარეულოთა შორის“. 24  საულზე ადრე წავიდნენ ისინი ზიფში;+ ამ დროს დავითი და მისი ხალხი მაონის+ უდაბნოში იყვნენ, არაბაში,+ იეშიმონის სამხრეთით. 25  საულიც წავიდა თავის ხალხთან ერთად მის საძებნელად.+ როცა ეს დავითს შეატყობინეს, მაონის უდაბნოში ერთ კლდეს შეეფარა.+ გაიგო ეს საულმა და მაონის უდაბნოსკენ გაეშურა დავითის შესაპყრობად. 26  მიადგა საული მთას; ამ დროს დავითი თავის ხალხთან ერთად მთის მეორე მხარეს იყო. დავითი სწრაფად გარბოდა,+ რომ საული არ დასწეოდა, მაგრამ მაინც ეწეოდნენ მათ საული და მისი ხალხი.+ 27  მაშინ მაცნე მივიდა საულთან და უთხრა: „სასწრაფოდ დაბრუნდი, ფილისტიმელები დაესხნენ თავს ქვეყანას!“ 28  თავი ანება საულმა დავითის დევნას+ და წავიდა ფილისტიმელებთან შესაბრძოლებლად. ამიტომაც დაერქვა იმ ადგილს „გაყრის კლდე“. 29  წავიდა იქიდან დავითი და ენ-გედის+ მიუვალ ადგილებს აფარებდა თავს.

სქოლიოები

ან შესაძლოა: „მიწათმფლობელები“.
ან შესაძლოა: „ეშინოდა“.
ან შესაძლოა: „უდაბნოს“.