სამუელი — წიგნი პირველი 30:1—31

  • ამალეკელები თავს ესხმიან ციკლაგს და წვავენ (1—6).

    • დავითი იეჰოვას ენდობა და ასე იმხნევებს თავს (6).

  • დავითი ამარცხებს ამალეკელებს (7—31).

    • დავითი იბრუნებს ტყვეებს (18, 19).

    • დავითი წესს ადგენს ნადავლის განაწილების შესახებ (23, 24).

30  მესამე დღეს, როცა დავითი და მისი ხალხი ციკლაგში+ ბრუნდებოდნენ, ქალაქი უკვე აოხრებული და გადამწვარი იყო, რადგან ამალეკელები+ დასხმოდნენ თავს ციკლაგსა და ნეგებს*.  ტყვედ წაესხათ ქალები+ და ყველა იქ მყოფი დიდიან-პატარიანად; არავინ მოეკლათ, ყველა თან წაეყვანათ და თავისი გზით წასულიყვნენ.  ქალაქში მისულმა დავითმა და მისმა ხალხმა ნახეს, რომ გადამწვარი იყო ქალაქი, მათი ცოლები, ვაჟები და ასულები კი ტყვედ წაეყვანათ.  ატირდნენ დავითი და მისი ხალხი და იქამდე მოთქვამდნენ, სანამ ძალა არ გამოელიათ.  ტყვედ ჰყავდათ წაყვანილი დავითის ორივე ცოლიც: იზრეელელი ახინოამი და ქარმელელი ნაბალის ქვრივი აბიგაილი.+  ცუდ დღეში ჩავარდა დავითი, რადგან თავიანთი ვაჟებისა და ასულების დაკარგვით გამწარებული ხალხი მას ჩაქოლვას უპირებდა, მაგრამ იეჰოვას, თავის ღმერთს, მიენდო და ასე გაიმხნევა თავი.+  სთხოვა დავითმა აბიათარ+ მღვდელს, ახიმელექის ვაჟს, რომ ეფოდი მიეტანა მისთვის.+ აბიათარმაც მიუტანა ეფოდი.  დაეკითხა დავითი იეჰოვას:+ „დავედევნო მოთარეშეთა რაზმს? დავეწევი?“ მან მიუგო: „დაედევნე, რადგან დაეწევი და დაიბრუნებ ყველაფერს!“+  მაშინვე გაუდგა გზას დავითი 600 კაცით+ და მივიდა ბესორის ხევთან. მისი ხალხიდან ზოგი იქ დარჩა. 10  დავითმა 400 კაცით განაგრძო დევნა, რადგან 200-მა კაცმა მეტისმეტი დაღლილობის გამო ვერ გადალახა ბესორის ხევი და ვეღარ გაჰყვა.+ 11  მინდორში ერთი ეგვიპტელი კაცი იპოვეს და დავითს მიუყვანეს; აჭამეს საჭმელი და წყალიც დაალევინეს, 12  ერთი ნაჭერი ლეღვის კვერი და ქიშმიშის ორი კვერიც* მისცეს. სამი დღის მშიერ-მწყურვალი ჭამის შემდეგ მოსულიერდა. 13  ჰკითხა მას დავითმა: „ვისი მსახური ხარ, სადაური ხარ?“ მან მიუგო: „ეგვიპტელი მსახური ვარ, ამალეკელი კაცის მონა. სამი დღის წინ ავად გავხდი და დამტოვა ჩემმა ბატონმა. 14  თავს დავესხით ქერეთელთა+ მიწას სამხრეთით, იუდას მიწას, ქალებ იეფუნეს ძის+ მიწას სამხრეთით და გადავწვით ციკლაგი“. 15  დავითმა ჰკითხა მას: „მიმიყვან მოთარეშეთა რაზმთან?“ მან მიუგო: „ღვთის სახელით შემომფიცე, რომ არ მომკლავ და არ ჩამაგდებ ჩემი ბატონის ხელში, და მიგიყვან იმ მოთარეშეებთან“. 16  მიიყვანა იგი იმ ადგილამდე, სადაც ისინი მთელ არემარეს მოსდებოდნენ, ჭამდნენ, სვამდნენ და ზეიმობდნენ, რადგან დიდი ნადავლი ჰქონდათ წამოღებული ფილისტიმელთა და იუდას მიწიდან. 17  დილის ბინდში შეუტია მათ დავითმა და საღამომდე ხოცა ისინი; არავინ გადარჩენილა+ აქლემებით გაქცეული 400 კაცის გარდა. 18  დაიბრუნა დავითმა ყველაფერი, რაც ამალეკელებს ჰქონდათ წაღებული+ და თავისი ორი ცოლიც დაიხსნა. 19  არავინ დაჰკლებიათ, არც დიდი და არც პატარა. გამოიხსნეს ვაჟები და ასულები და წამოიღეს ნადავლი;+ ყველაფერი დაიბრუნა დავითმა. 20  მათი ცხვარ-ძროხაც წამოასხეს და გამორეკეს თავიანთი პირუტყვის წინ, ამბობდნენ, ეს დავითის ნადავლიაო. 21  მივიდა დავითი იმ 200 კაცთან, რომლებიც მეტისმეტი დაღლილობის გამო ვერ გაჰყვნენ და ბესორის ხევთან დარჩნენ.+ გამოეგებნენ ისინი დავითსა და მის ხალხს. მიუახლოვდა დავითი და მოიკითხა ისინი. 22  დავითთან ერთად წასული ხალხიდან ბოროტი და უვარგისი კაცები ამბობდნენ: „არაფერი მივცეთ დაბრუნებული ნადავლიდან, რადგან არ წამოგვყვნენ. მხოლოდ თავიანთი ცოლ-შვილი დავუბრუნოთ და გავუშვათ“. 23  მაგრამ უთხრა მათ დავითმა: „ასე ნუ მოიქცევით, ძმებო, რადგან იეჰოვას მოცემულია ეს ყველაფერი. მან დაგვიცვა და მან ჩაგვიგდო ხელში მოთარეშეთა რაზმი.+ 24  ვინ დაგიჭერთ მხარს ამ საქმეში?! ბრძოლიდან დაბრუნებულებიც იმდენს მიიღებენ, რამდენსაც ბარგთან დარჩენილები;+ წილი ყველას შეხვდება!“+ 25  ეს წესად და კანონად დაადგინა ისრაელისთვის და იმ დღიდან მოყოლებული დღემდე ასეა. 26  როცა დავითი ციკლაგში დაბრუნდა, ნადავლის ნაწილი იუდას უხუცესებს, თავის მეგობრებს, გაუგზავნა და შეუთვალა: „მიიღეთ ეს ძღვენი იეჰოვას მტრების ნადავლიდან!“ 27  გაგზავნა მან ძღვენი ბეთელში,+ სამხრეთ რამოთში, იათირში,+ 28  აროერში, სიფმოთში, ეშთემოაში,+ 29  რაქალში, იერახმეელთა+ ქალაქებში, კენიელთა+ ქალაქებში, 30  ხორმაში,+ ბორაშანში, ათაქში, 31  ხებრონში+ და ყველა იმ ადგილას, სადაც თავის ხალხთან ერთად ხშირად დადიოდა.

სქოლიოები

იგულისხმება იუდას სამხრეთი ნაწილი.
იგულისხმება დაპრესილი და გამომშრალი ლეღვი და ქიშმიში.