პირველი წერილი ტიმოთეს მიმართ 3:1—16
3 სარწმუნოა ის, რასაც ვამბობ: თუ ვინმე ზედამხედველად მსახურებისკენ ისწრაფვის,+ კარგი საქმე ნდომებია.
2 ზედამხედველი უნდა იყოს ბრალდაუდებელი, ჰყავდეს მხოლოდ ერთი ცოლი, იყოს ზომიერი, საღად მოაზროვნე,+ წესრიგიანი და სტუმართმოყვარე,+ უნდა შეეძლოს სწავლება,+
3 არ უნდა იყოს ლოთი+ და მოჩხუბარი*, არამედ იყოს კეთილგონიერი;+ არ უნდა იყოს მოდავე+ და ფულის მოყვარული.+
4 იგი კარგად უნდა უძღვებოდეს ოჯახს და შვილები მთელი შეგნებით უნდა ემორჩილებოდნენ,+
5 რადგან, თუ კაცმა ის არ იცის, ოჯახი როგორ განაგოს, ღვთის კრებაზე როგორღა იზრუნებს?!
6 არ უნდა იყოს ახალმოქცეული,+ რომ არ გაყოყოჩდეს და ეშმაკისთვის გამოტანილი განაჩენი არ დაიტეხოს თავს;
7 გარეშეებიც კარგად უნდა ახასიათებდნენ,+ რათა ვინმეს გასაკიცხი არ გახდეს და ეშმაკის მახეში არ გაებას.
8 მომსახურეც სერიოზული უნდა იყოს, არ უნდა იყოს ორპირი, ღვინოს მიძალებული, ანგარებიანი და ფულს დახარბებული,+
9 სუფთა სინდისით უნდა უერთგულოს რწმენას, ამ წმინდა საიდუმლოს.+
10 გარდა ამისა, ჯერ უნდა გამოიცადოს, გამოდგება თუ არა ამგვარი მსახურებისთვის, და თუ ბრალდაუდებელი აღმოჩნდება, იმსახუროს.+
11 ქალებიც სერიოზულები უნდა იყვნენ, არ უნდა იყვნენ ცილისმწამებლები,+ არამედ ზომიერები და ყოველმხრივ ერთგულები.+
12 მომსახურეს უნდა ჰყავდეს მხოლოდ ერთი ცოლი და კარგად უძღვებოდეს შვილებსა და ოჯახს.
13 ვინც კარგად მსახურობს, ის კარგ სახელს იძენს და შეუძლია თამამად ილაპარაკოს ქრისტე იესოსადმი რწმენაზე.
14 იმედი მაქვს, რომ მალე მოვალ შენთან, მაგრამ მაინც გწერ ამას,
15 რადგან, თუ დავყოვნდი, იცოდე, როგორ მოიქცე ღვთის სახლეულობაში,+ ცოცხალი ღვთის კრებაში, რომელიც ჭეშმარიტების სვეტი და ბურჯია.
16 ნამდვილად დიდებულია ღვთისადმი ერთგულების წმინდა საიდუმლო: „ის გამოცხადდა ხორციელი სხეულით,+ მართლად ჩაითვალა სულიერ სხეულში მყოფი,+ ეჩვენა ანგელოზებს,+ მასზე იქადაგეს ყველა ხალხში,+ ირწმუნეს ქვეყნიერებაში,+ ზეცად იქნა აყვანილი და განდიდებული“.
სქოლიოები
^ დედანში გამოყენებული ბერძნული სიტყვა აღნიშნავს როგორც ფიზიკურ, ისე სიტყვიერ შეურაცხყოფას.