მეორე წერილი კორინთელების მიმართ 12:1—21
12 არაფერს მარგებს, მაგრამ უნდა ვიამაყო და მოგიყვეთ უფლის ზებუნებრივ ხილვებსა+ და გამოცხადებებზე.+
2 ვიცნობ ერთ კაცს, ქრისტესთან ერთობაში მყოფს, რომელიც 14 წლის წინათ — არ ვიცი, სხეულით თუ უსხეულოდ, მხოლოდ ღმერთმა იცის — მესამე ცამდე იქნა ატაცებული.
3 დიახ, ვიცნობ ასეთ კაცს, რომელიც — არ ვიცი, სხეულით თუ უსხეულოდ, მხოლოდ ღმერთმა იცის —
4 ატაცებულ იქნა სამოთხეში და მოისმინა გამოუთქმელი სიტყვები, რომელთა წარმოთქმაც ნებადართული არ არის ადამიანისთვის.
5 ასეთი კაცით ვიამაყებ, მაგრამ არა საკუთარი თავით, არამედ მხოლოდ ჩემი სისუსტეებით.
6 თუ ვიამაყებ, ეს ჩემი მხრიდან უგუნურება არ იქნება, რადგან სიმართლეს ვიტყვი. თუმცა არ ვიქცევი ასე, რათა მხოლოდ იმით შემაფასონ, რაც ვარ — რასაც ჩემში ხედავენ და რაც ჩემგან ესმით — და ამაზე მეტად არ ჩამთვალონ
7 იმის გამო, რომ განსაკუთრებული გამოცხადებები მქონდა.
რომ არ გავმედიდურებულიყავი, სხეულში ეკალი მომეცა,+ სატანის ანგელოზივით, რომ ტკივილი მომაყენოს.
8 სამჯერ შევევედრე უფალს, რომ მოეშორებინა ის,
9 მაგრამ მან მითხრა: „გეყოფა ჩემი წყალობა, რადგან, როცა სუსტი ხარ, მაშინ შეიგრძნობ სრულად ჩემს ძალას“.+ ამიტომ დიდი სიამოვნებით ვიამაყებ ჩემი სისუსტეებით, რათა ქრისტეს ძალა ჩემთვის კარავივით თავშესაფარი იყოს.
10 სიამოვნებას მანიჭებს სისუსტეები, შეურაცხყოფა, ხელმოკლეობა, დევნა და სიძნელეები ქრისტეს გულისთვის, რადგან, როცა სუსტი ვარ, მაშინ ვარ ძლიერი.+
11 თქვენ მაიძულეთ, უგუნური გავმხდარიყავი, რადგან, თქვენ რომ წარმოგეჩინეთ ღირსეულად, მე არ მომიწევდა ასე ლაპარაკი. არარაობაც რომ ვიყო, არაფრით ვარ თქვენს „ზეაღმატებულ“ მოციქულებზე ნაკლები.+
12 თქვენ თვითონ ნახეთ იმის მტკიცებულებები, რომ მოციქული ვარ — ყველაფერს ვითმენდი და ნიშნებს,+ საკვირველებებსა და სასწაულებს ვახდენდი.+
13 თუ რამეში ჩამორჩებით სხვა კრებებს, მხოლოდ იმაში, რომ თქვენთვის დახმარება არ გვითხოვია.+ მთელი გულით მაპატიეთ ეს შეცდომა.
14 აი, მესამედ გავემზადე თქვენთან მოსასვლელად, მაგრამ ტვირთად არ დაგაწვებით. მე თქვენი ნახვა მინდა და არა თქვენი ქონება;+ შვილები+ კი არ უნდა უგროვებდნენ ქონებას მშობლებს, არამედ მშობლები — შვილებს.
15 მე დიდი სიამოვნებით გავიღებ თქვენთვის ყველაფერს და მთლიანად დავიხარჯები.+ თუ მე ასე ძლიერ მიყვარხართ, განა თქვენ ნაკლებად უნდა გიყვარდეთ?!
16 როგორც არ უნდა იყოს, ტვირთად არ დაგწოლივართ,+ მაგრამ ჩემზე მაინც ამბობთ, ცბიერია და მზაკვრულად გაგვაბა მახეშიო.
17 არანაირი გამორჩენა არ მინახავს თქვენგან, როცა ძმები გამოგიგზავნეთ.
18 ტიტეს ვთხოვე თქვენთან წამოსვლა და ერთი ძმაც გამოვაყოლე. განა რამე გამორჩენა ნახა ტიტემ თქვენგან?!+ განა ჩვენ ერთნაირად არ ვმოქმედებდით და ერთნაირი განწყობა არ გვქონდა?!
19 ხომ არ გგონიათ, რომ თავს ვიცავთ თქვენ წინაშე?! ჩვენ, ქრისტესთან ერთობაში მყოფნი, უბრალოდ სიმართლეს ვამბობთ ღვთის წინაშე, და ამასაც თქვენ აღსაშენებლად ვაკეთებთ, საყვარელნო.
20 ვშიშობ, როცა მოვალ, ისეთები არ დამხვდეთ, როგორიც არ მინდა, რომ გნახოთ, მე კი ისე არ მომიწიოს მოქცევა, თქვენ რომ არ ისურვებდით. მეშინია, თქვენ შორის არ იყოს დავა, შური, რისხვა, განხეთქილება, შეურაცხმყოფელი ლაპარაკი, ჭორაობა, ყოყოჩობა და უწესრიგობა.
21 მეშინია, როცა მოვალ, არ შევრცხვე ჩემი ღვთის წინაშე და არ მომიწიოს მათზე გლოვა, ვინც ადრე შესცოდა და არ მოინანია თავისი უწმინდურება, გარყვნილება* და თავაშვებულობა*.
სქოლიოები
^ ბერძნ. „პორნია“. იხ. „სექსუალური უზნეობა“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
^ ბერძნ. „ასელგია“. იხ. „ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“.