მეორე წერილი კორინთელების მიმართ 6:1—18
6 ჩვენ, როგორც ღვთის თანამშრომელნი,+ მოგიწოდებთ: ღვთის წყალობას რომ იღებთ, მხედველობიდან არ გამოგრჩეთ მისი მიზანი,+
2 რადგან ის ამბობს: „წყალობის ჟამს მოგისმინე და ხსნის დღეს დაგეხმარე“.+ აი, ახლაა წყალობის ჟამი! აი, ახლაა ხსნის დღე!
3 ჩვენ არაფერში არ ვიძლევით დაბრკოლების საბაბს, რათა ნაკლი ვერ უპოვონ ჩვენს მსახურებას;+
4 ჩვენ ყველაფერში ღირსეულად წარვადგენთ თავს,+ როგორც ღვთის მსახურებს შეეფერებათ — ბევრს ვიტანთ, ვუძლებთ გასაჭირს, სიდუხჭირეს, სირთულეებს,+
5 ცემას, პატიმრობას,+ ბრბოს თავდასხმებს, მძიმე შრომას, უძილო ღამეებს და შიმშილს;+
6 ვცხოვრობთ სიწმინდით, ცოდნით, სულგრძელობით,+ სიკეთით,+ წმინდა სულით, უთვალთმაქცო სიყვარულით,+
7 სიმართლის ლაპარაკით, ღვთის ძალით,+ სიმართლის იარაღით+ მარჯვენა* და მარცხენა* ხელში,
8 დიდებითა და დამცირებით, ცუდი სახელითა და კარგი სახელით; მატყუარებად მიჩნეულნი, მაგრამ სიმართლის მთქმელნი;
9 უცნობებად მიჩნეულნი, მაგრამ ცნობილნი; მომაკვდავებად მიჩნეულნი, მაგრამ ცოცხლები;+ დასჯილნი, მაგრამ არა სასიკვდილოდ განწირულნი;+
10 დამწუხრებულებად მიჩნეულნი, მაგრამ ყოველთვის გახარებულნი; ღარიბებად მიჩნეულნი, მაგრამ ბევრის გამამდიდრებელნი; არაფრის მქონედ მიჩნეულნი, მაგრამ ყველაფრის მქონენი.+
11 გულღიად გელაპარაკეთ, კორინთელებო, და გულისკარიც ფართოდ გაგიღეთ.
12 ჩვენ დიდი სიყვარულით ვართ თქვენდამი გამსჭვალული,+ მაგრამ თქვენ გიჭირთ სათუთი გრძნობების გამოვლენა ჩვენდამი.
13 ამიტომ, როგორც ჩემს შვილებს, გეუბნებით: თქვენც ფართოდ გახსენით გულისკარი!+
14 ნუ შეებმებით უთანასწორო უღელში ურწმუნოებთან.+ რა კავშირი აქვს სიმართლეს უკანონობასთან+ ან რა საერთო აქვს სინათლეს სიბნელესთან?!+
15 რა თანხმობა აქვს ქრისტეს ბელიართან*+ ან რა საერთო აქვს მორწმუნეს ურწმუნოსთან?!+
16 რა კავშირი აქვს ღვთის ტაძარს კერპებთან?!+ ჩვენ ვართ ცოცხალი ღვთის ტაძარი;+ ღმერთმაც ხომ თქვა: „დავმკვიდრდები მათ შორის+ და ვივლი მათ შორის, მე ვიქნები მათი ღმერთი და ისინი იქნებიან ჩემი ხალხი!“+
17 „ამიტომ გამოდით მათგან და გამოეყავით, — ამბობს იეჰოვა*, — უწმინდურს ნუღარ მიეკარებით“,+ „და მე მიგიღებთ თქვენ“.+
18 „მე ვიქნები თქვენი მამა,+ თქვენ კი ჩემი ძეები და ასულები იქნებით,+ — ამბობს ყოვლისშემძლე ღმერთი, იეჰოვა*“.
სქოლიოები
^ შესაძლოა იგულისხმებოდეს იარაღი თავდასხმისთვის.
^ შესაძლოა იგულისხმებოდეს იარაღი თავდაცვისთვის.
^ ნაწარმოებია ებრაული სიტყვიდან, რომელიც ნიშნავს „უვარგისს“. იგულისხმება სატანა.
^ იხ. დანართი ა5.
^ იხ. დანართი ა5.