მეორე წერილი კორინთელების მიმართ 7:1—16
7 ამიტომ, საყვარელნო, რადგან ეს დანაპირები გვაქვს,+ განვიწმინდოთ ყოველივე იმისგან, რაც ბილწავს სხეულსა და გონებას*,+ და ღვთის შიშით სრულვყოთ სიწმინდე.
2 თქვენს გულში მიგვიჩინეთ ადგილი.+ ცუდად არავის მოვქცევივართ, ზიანი არავისთვის მიგვიყენებია და გამორჩენა არავისგან გვინახავს.+
3 ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ მსჯავრი დაგდოთ, რადგან აქამდეც მითქვამს, რომ ჩვენს სიყვარულს თქვენდამი ვერაფერი შეცვლის — ვერც სიცოცხლე და ვერც სიკვდილი.
4 თქვენთან გულახდილად ვსაუბრობ. დიდად ვამაყობ თქვენით. ნუგეშცემული ვარ და უამრავი გასაჭირის მიუხედავად სიხარულით ვარ სავსე.+
5 როცა მაკედონიაში ჩავედით,+ შვება არ გვიგრძნია, ყოველმხრივ შევიწროებული ვიყავით: გარეშეები გვდევნიდნენ და შინაურების გამო მოსვენება გვქონდა დაკარგული.
6 მაგრამ ღმერთმა, რომელიც გულდამძიმებულებს ანუგეშებს,+ ტიტეს მოსვლით გვანუგეშა,
7 და არა მხოლოდ მოსვლით, არამედ იმითაც, რომ ნუგეშცემული დაბრუნდა; ტიტემ გვიამბო, როგორ გსურთ ჩემი ნახვა, როგორ დამწუხრდით და როგორ გაღელვებთ ჩემი მდგომარეობა, რამაც კიდევ უფრო გამახარა.
8 ჩემი წერილით თუ დაგანაღვლიანეთ კიდეც,+ არ ვნანობ. თავიდან ვინანე, რადგან დავინახე, რომ იმ წერილმა დაგანაღვლიანათ, თუმცა მცირე ხნით.
9 ახლა კი მიხარია, არა იმიტომ, რომ დანაღვლიანდით, არამედ იმიტომ, რომ დანაღვლიანებამ მონანიებისკენ აღგძრათ. თქვენ ღვთისმოსაწონად დანაღვლიანდით, ასე რომ, ჩვენ თქვენთვის ზიანი არ მოგვიყენებია.
10 ღვთისმოსაწონი დანაღვლიანება მონანიებისკენ გვიბიძგებს, რაც ჩვენს ხსნას ემსახურება, და სანანებელი აღარაფერი რჩება,+ ქვეყნიური დანაღვლიანება კი სიკვდილს იწვევს.
11 ხედავთ, როგორი გულმოდგინება წარმოშვა თქვენში ღვთისმოსაწონმა დანაღვლიანებამ, განწმენდის როგორი სურვილი, როგორი აღშფოთება, როგორი შიში, მონანიების როგორი წადილი, როგორი მოშურნეობა და უსამართლობის გამოსწორების როგორი სურვილი!+ ამ მხრივ თქვენ ყველაფერში სუფთად წარმოაჩინეთ თავი.
12 რაც მოგწერეთ, არც იმათ გამო მომიწერია, ვინც არასწორად მოიქცნენ და არც იმათ გამო, ვისაც არასწორად მოექცნენ,+ არამედ იმიტომ, რომ ღვთის თვალში ცხადი გამხდარიყო, რომ მთელი გულით ემორჩილებით ჩვენს ნათქვამს.
13 ამიტომაც ვართ ნუგეშცემულნი.
უფრო მეტად კი იმან გაგვახარა, რომ თქვენ მიერ გამხნევებული ტიტეს სიხარულის მოწმენი გავხდით.
14 არ შევრცხვი იმის გამო, რომ თქვენით ვამაყობდი მასთან. რაც აქამდე გვითქვამს თქვენთვის, სიმართლე იყო და ტიტესთვის თქვენზე ნათქვამიც სიმართლე გამოდგა.
15 მას კიდევ უფრო უძლიერდება სათუთი გრძნობები თქვენ მიმართ, როცა იხსენებს ყველა თქვენგანის მორჩილებას+ და იმას, როგორი შიშითა და კრძალვით მიიღეთ იგი.
16 მიხარია, რომ შემიძლია ყველაფერში გენდოთ*.
სქოლიოები
^ ბერძნ. „პნევმა“. იხ. „სული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
^ ან შესაძლოა: „შემიძლია თქვენ გამო მხნედ ვიყო“.