მატიანე — წიგნი მეორე 1:1—17
1 უფრო და უფრო მტკიცდებოდა სოლომონის, დავითის ვაჟის, მეფობა; იეჰოვა, მისი ღმერთი, იყო მასთან და დიდად აღაზევა იგი.+
2 მოუხმო სოლომონმა მთელ ისრაელს: ათასისთავებს, ასისთავებს, მოსამართლეებსა და მთელი ისრაელის თავკაცებს, საგვარეულოთა თავკაცებს.
3 გაემართა სოლომონი გაბაონში+ სათაყვანო მაღლობისკენ და მასთან ერთად მთელი ხალხი, რადგან იქ იყო ღვთის შეხვედრის კარავი, იეჰოვას მსახურმა მოსემ რომ ააგო უდაბნოში.
4 თუმცა მანამდე ღვთის კიდობანი დავითმა კირიათ-იეარიმიდან+ მისთვის გამზადებულ ადგილას გადაიტანა იმ კარავში, იერუსალიმში რომ ჰქონდა გაშლილი მისთვის.+
5 სპილენძის სამსხვერპლო,+ ბეცალელმა,+ ხურის ძის, ურის, ძემ რომ გააკეთა, იეჰოვას კარვის წინ იდგა. სოლომონი და მთელი ხალხი მის წინ ლოცულობდნენ ხოლმე.
6 სოლომონმა იეჰოვას წინაშე შესაწირავი მიიტანა; მან შეხვედრის კარვის სპილენძის სამსხვერპლოზე 1 000 პირუტყვი შესწირა დასაწვავ მსხვერპლად.+
7 იმ ღამით ღმერთი გამოეცხადა სოლომონს და უთხრა: „მთხოვე, რაც გინდა და მოგცემ!“+
8 სოლომონმა ღმერთს მიუგო: „შენ დიდი სიკეთე* უყავი მამაჩემს, დავითს,+ და მის შემდეგ მე გამამეფე.+
9 ახლა კი, ღმერთო, იეჰოვა, შეუსრულე მამაჩემს, დავითს, დანაპირები,+ რადგან შენ გამამეფე მიწის მტვერივით მრავალრიცხოვან ხალხზე.+
10 მომეცი სიბრძნე და ცოდნა,+ რომ წავუძღვე ამ ხალხს და სამართალი გავუჩინო შენს მრავალრიცხოვან ერს!“+
11 მაშინ ღმერთმა სოლომონს უთხრა: „რაკი ეს ისურვე და არ მთხოვე სიმდიდრე და ქონება, პატივი ან შენი მოძულეების სიკვდილი, არც დღეგრძელობა გითხოვია, არამედ სიბრძნე და ცოდნა მთხოვე სამართლის გასაჩენად იმ ხალხისთვის, რომელზედაც გაგამეფე,+
12 მოგცემ სიბრძნესა და ცოდნას, და, ამასთანავე, ისეთ სიმდიდრეს, ქონებასა და პატივს გიბოძებ, არცერთ მეფეს რომ არ ჰქონია შენამდე და არც შენ შემდეგ ექნება!“+
13 გაბაონის სათაყვანო მაღლობიდან,+ სადაც შეხვედრის კარავი იდგა, სოლომონი იერუსალიმში წამოვიდა, და განაგებდა ისრაელს.
14 თავს უყრიდა მეფე სოლომონი ეტლებსა და ცხენებს; 1 400 ეტლი და 12 000 ცხენი+ ჰყავდა. დააყენა მან ისინი ეტლების სადგომ ქალაქებში+ და თავისთან, იერუსალიმთან, ახლოს.+
15 მეფის წყალობით ოქრო-ვერცხლი ქვებივით მრავლად იყო იერუსალიმში,+ კედარი კი — სიკომოროსავით, შეფელაში რომ იზრდება.+
16 სოლომონისთვის ცხენები ეგვიპტიდან ჩამოჰყავდათ;+ მეფის ვაჭრები ჯოგებად ყიდულობდნენ ცხენებს განსაზღვრულ ფასად.*+
17 ეტლი 600 ვერცხლად შემოჰყავდათ ეგვიპტიდან, ცხენი კი — 150 ვერცხლად; მათვე ჩამოჰყავდათ ეტლები და ცხენები ხეთელი და სირიელი მეფეებისთვის.
სქოლიოები
^ ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
^ ან შესაძლოა: „ეგვიპტიდან და კევედან; მეფის ვაჭრები კევეში ყიდულობდნენ მათ“. კევეში შესაძლოა კილიკია იგულისხმებოდეს.