მეფეები — წიგნი მეორე 13:1—25

  • ისრაელის მეფე იეჰოახაზი (1—9).

  • ისრაელის მეფე იეჰოაში (10—13).

  • ელისე სცდის იეჰოაშის გულმოდგინებას (14—19).

  • ელისე კვდება; მის ძვლებთან შეხებით მიცვალებული ცოცხლდება (20, 21).

  • ელისეს ბოლო წინასწარმეტყველება სრულდება (22—25).

13  იუდას მეფე ახაზიას+ ვაჟის, იეჰოაშის,+ მეფობის 23-ე წელს, იეჰუს+ ვაჟი იეჰოახაზი გამეფდა ისრაელზე და 17 წელი მეფობდა სამარიიდან.  ბოროტებას იქმოდა იეჰოვას თვალში და იმავე ცოდვას სჩადიოდა, რასაც ნებატის ვაჟი იერობოამი, რომელმაც ცოდვაში გახვია ისრაელი.+  განრისხდა იეჰოვა+ ისრაელზე;+ ხელში ჩაუგდო ისინი სირიის მეფე ხაზაელს+ და მის ვაჟ ბენ-ჰადადს+ და მთელი ის დრო მათ ხელში იყვნენ.  წყალობა სთხოვა იეჰოახაზმა იეჰოვას და იეჰოვამაც მოუსმინა მას, რადგან ხედავდა, თუ როგორ ჩაგრავდა ისრაელს სირიის მეფე.+  მოუვლინა იეჰოვამ ისრაელს მხსნელი,+ რათა დაეხსნა ისრაელი სირიის ხელიდან, და ისრაელებიც უწინდებურად მშვიდობიანად და უსაფრთხოდ ცხოვრობდნენ  (ოღონდ იმავე ცოდვას სჩადიოდნენ, რასაც იერობოამის სახლეულობა, რომელმაც ცოდვაში გახვია ისრაელი;+ ისინი მის მსგავსად იქცეოდნენ; სამარიაში უწინდებურად იდგა სათაყვანო ბოძი).+  იეჰოახაზს 50 მხედარი, 10 ეტლი და 10 000 ქვეითიღა შერჩა, რადგან სირიის მეფემ გაანადგურა მისი ლაშქარი+ და ისე გათელა, რომ კალოს მტვერს დაამსგავსა.+  იეჰოახაზის დანარჩენ საქმეებზე, იმ ყოველივეზე, რაც მან გააკეთა, და მის ძლევამოსილებაზე ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.  ბოლოს განისვენა იეჰოახაზმა თავისი მამა-პაპის გვერდით; დამარხეს იგი სამარიაში.+ მის შემდეგ მისი ვაჟი იეჰოაში გამეფდა. 10  იუდას მეფე იეჰოაშის მეფობის 37-ე წელს იეჰოახაზის ვაჟი იეჰოაში+ გამეფდა სამარიაში და 16 წელი მეფობდა ისრაელზე. 11  იეჰოაში ბოროტებას იქმოდა იეჰოვას თვალში და იმავე ცოდვას სჩადიოდა, რასაც ნებატის ვაჟი იერობოამი, რომელმაც ცოდვაში გახვია ისრაელი;+ მის გზას ადგა იგი. 12  იეჰოაშის დანარჩენ საქმეებზე, იმ ყოველივეზე, რაც მან გააკეთა, მის ძლევამოსილებასა და იუდას მეფე ამაციასთან ბრძოლაზე+ ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. 13  ბოლოს განისვენა იეჰოაშმა თავისი მამა-პაპის გვერდით.+ დამარხეს იეჰოაში სამარიაში ისრაელის მეფეთა გვერდით. მის შემდეგ ტახტზე იერობოამი+ ავიდა. 14  სასიკვდილო სენი შეეყარა ელისეს.+ სიკვდილის პირას რომ იყო, მივიდა მასთან იეჰოაში, ისრაელის მეფე, და მოსთქვამდა: „მამა, მამა! ისრაელის საომარი ეტლი და მხედრები!“+ 15  ელისემ უთხრა: „აიღე მშვილდი და ისრები!“ მანაც აიღო მშვილდი და ისრები. 16  ელისემ ისრაელის მეფეს უთხრა: „დაადე ხელი მშვილდს!“ მანაც დაადო ხელი; ელისემ ზემოდან დაადო ხელები მეფის ხელებს. 17  შემდეგ უთხრა: „გააღე ის სარკმელი, აღმოსავლეთით რომ იყურება!“ მანაც გააღო. მერე ელისემ უთხრა: „ისროლე!“ მანაც ისროლა. ბოლოს შესძახა: „იეჰოვას ხსნის ისარი, სირიაზე გამარჯვების ისარი! შეუტევ სირიას აფეკთან+ და საბოლოოდ სძლევ მას!“ 18  ელისემ კვლავ უთხრა: „აიღე ისრები!“ მეფემაც აიღო. კიდევ გაუმეორა: „მიწას დაჰკარი!“ მანაც სამჯერ დაჰკრა მიწას და გაჩერდა. 19  განურისხდა მას ღვთის კაცი: „ხუთჯერ ან ექვსჯერ უნდა დაგეკრა მიწისთვის! მაშინ საბოლოოდ სძლევდი სირიას, ახლა კი მხოლოდ სამჯერ სძლევ!“+ 20  მოკვდა ელისე და დამარხეს. წლის დასაწყისში* იმ მიწაზე მოაბელები დათარეშობდნენ ხოლმე.+ 21  ერთხელ ერთ კაცს მარხავდნენ. მათ მოთარეშეები რომ დაინახეს, ცხედარი ელისეს სამარხში ჩააგდეს და გაიქცნენ. როგორც კი მკვდარი ელისეს ძვლებს შეეხო, მაშინვე გაცოცხლდა+ და წამოდგა. 22  ჩაგრავდა სირიის მეფე ხაზაელი+ ისრაელს+ იეჰოახაზის დროს. 23  მაგრამ იეჰოვამ წყალობა გამოავლინა მათდამი+ და მოხედა ისრაელს აბრაამთან,+ ისაკთან+ და იაკობთან+ დადებული შეთანხმების გამო; არ უნდოდა მათი განადგურება და დღემდე არ მიუტოვებია ისინი. 24  მოკვდა სირიის მეფე ხაზაელი და მის შემდეგ მისი ვაჟი ბენ-ჰადადი გამეფდა. 25  უკან დაიბრუნა იეჰოახაზის ვაჟმა იეჰოაშმა ბენ-ჰადადისგან, ხაზაელის ვაჟისგან, ის ქალაქები, რომლებიც მან ბრძოლით წაართვა მამამისს, იეჰოახაზს. სამჯერ სძლია მას იეჰოაშმა+ და დაიბრუნა ისრაელის ქალაქები.

სქოლიოები

შესაძლოა იგულისხმებოდეს გაზაფხული.