მეფეები — წიგნი მეორე 25:1—30

  • ნაბუქოდონოსორი იერუსალიმს ალყაში აქცევს (1—7).

  • იერუსალიმისა და მისი ტაძრის განადგურება; მეორე გადასახლება (8—21).

  • გედალიას ზედამხედველად დანიშვნა (22—24).

  • გედალიას მკვლელობა; ხალხის ეგვიპტეში გაქცევა (25, 26).

  • ბაბილონში დატუსაღებული იეჰოიაქინის გათავისუფლება (27—30).

25  ციდკიას მეფობის მე-9 წელს, მე-10 თვის მე-10 დღეს, ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი+ მთელი თავისი ჯარით მიადგა იერუსალიმს;+ ისინი დაბანაკდნენ, კედელი შემოავლეს მას და ალყაში მოაქციეს.+  ქალაქი ალყაში იყო მოქცეული მეფე ციდკიას მეფობის მე-11 წლამდე.  მე-4 თვის მე-9 დღეს, როცა შიმშილი მძვინვარებდა+ ქალაქში და აღარ ჰქონდათ საზრდო იმ მიწის მკვიდრთ,+  გატყდა ქალაქი.+ ღამით, როცა ქალდეველები ქალაქის ირგვლივ იყვნენ, გაიქცა ყველა მეომარი ორმაგი გალავნის კარიბჭის გავლით, მეფის ბაღთან რომ არის; მეფე არაბის გზით გაემართა.+  დაედევნა ქალდეველთა ჯარი მეფეს და დაეწია მას იერიხონის ხრიოკ ველზე; მთელი ჯარი შემოეფანტა მას.  შეიპყრეს მეფე+ და მიჰგვარეს ბაბილონის მეფეს რიბლაში, სადაც განაჩენი გამოუტანეს.  თვალწინ დაუხოცეს ვაჟები ციდკიას, თავად ციდკია კი ნაბუქოდონოსორმა დააბრმავა, სპილენძის ბორკილები დაადო და ბაბილონში წაიყვანა.+  მე-5 თვის მე-7 დღეს, ბაბილონის მეფის, ნაბუქოდონოსორის, მეფობის მე-19 წელს, ნებუზარადანი,+ მცველთა უფროსი, ბაბილონის მეფის მსახური, იერუსალიმში ჩავიდა.+  გადაწვა მან იეჰოვას ტაძარი,+ მეფის სასახლე+ და ყველა სახლი იერუსალიმში,+ ცეცხლს მისცა დიდებულთა სახლებიც.+ 10  ქალდეველთა ჯარმა, მცველთა უფროსს რომ ახლდა, იერუსალიმის მთელი გალავანი დაანგრია.+ 11  მცველთა უფროსმა ნებუზარადანმა ტყვეობაში წაიყვანა ქალაქში დარჩენილები, ბაბილონის მეფის მხარეზე გადასულები და დანარჩენი ხალხი.+ 12  თუმცა იმ მიწაზე მცხოვრები ღატაკი ხალხიდან ზოგი მცველთა უფროსმა მევენახეებად და მძიმე სამუშაოების შემსრულებლებად დატოვა.+ 13  ქალდეველებმა იეჰოვას ტაძრის სპილენძის სვეტები,+ საზიდრები+ და სპილენძის დიდი აუზი*,+ იეჰოვას ტაძარში რომ იყო, დაამტვრიეს და სპილენძი ბაბილონში გაზიდეს.+ 14  თან წაიღეს ქილები, ნიჩბები, პატრუქის საქრობები, თასები და სპილენძის ყველა ნივთი, რასაც ტაძარში მსახურებისას იყენებდნენ. 15  წაიღო მცველთა უფროსმა ხალასი ოქროსა+ და ვერცხლისგან+ დამზადებული საცეცხლურები და ჯამები. 16  სპილენძის ნაკეთობები, რომლებიც მეფე სოლომონმა იეჰოვას ტაძრისთვის გააკეთა — 2 სვეტი, დიდი აუზი და საზიდრები — აუწონელი იყო.+ 17  თითოეული სვეტის სიმაღლე 18 წყრთა* იყო+ და თითოეულს სპილენძის ბუღაური ჰქონდა, რომელიც სიმაღლით 3 წყრთა იყო; ბუღაურის ბადეც ბროწეულებითურთ მთლიანად სპილენძისა იყო.+ ასეთივე იყო მეორე სვეტიც და მისი ბადეც. 18  წაიყვანა მცველთა უფროსმა მღვდელმთავარი სერაია,+ მეორე მღვდელი ცეფანია+ და სამი კარის მცველი.+ 19  ქალაქიდან წაიყვანა ერთი კარისკაცი, რომელიც მეომრებს ზედამხედველობდა, მეფესთან დაახლოებული ხუთი კაცი, რომლებიც ქალაქში იყვნენ, აგრეთვე მხედართმთავრის მწერალი, რომელიც იმ მიწაზე მცხოვრებ ხალხს კრებდა ჯარისთვის, და იმ მიწაზე მცხოვრები 60 კაცი, რომლებიც ქალაქში იყვნენ. 20  წაიყვანა ისინი მცველთა უფროსმა ნებუზარადანმა+ და ბაბილონის მეფეს მიჰგვარა რიბლაში.+ 21  დახოცა ისინი ბაბილონის მეფემ რიბლაში, ხამათის მიწაზე.+ ასე გადაასახლეს იუდა თავისი მიწიდან.+ 22  ხალხს, რომელიც ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა იუდას მიწაზე+ დატოვა, მან ზედამხედველად დაუნიშნა გედალია,+ შაფანის ძის,+ ახიკამის ძე.+ 23  როცა ჯარის მეთაურებმა და მათმა ხალხმა გაიგეს, რომ ბაბილონის მეფეს გედალია დაენიშნა ზედამხედველად, მაშინვე მივიდნენ გედალიასთან მიცფაში. აი ისინი: ნეთანიას ძე ისმაელი, კარეახის ძე იოხანანი, ნეტოფელი თანხუმეთის ძე სერაია, მააქათელი კაცის ძე იააზანია და მათი ხალხი.+ 24  გედალიამ მათ და მათ ხალხს შეჰფიცა: „ნუ შეგეშინდებათ ქალდეველებისთვის მსახურება, იცხოვრეთ ამ მიწაზე, ემსახურეთ ბაბილონის მეფეს და ხელი მოგემართებათ!“+ 25  მეშვიდე თვეს, ისმაელი,+ ელიშამას ძის, ნეთანიას, ძე, რომელიც სამეფო გვარს ეკუთვნოდა, ათ კაცთან ერთად მივიდა გედალიასთან; მათ მოკლეს გედალია და მასთან ერთად მიცფაში მყოფი ყველა იუდეველი და ქალდეველი.+ 26  ამის შემდეგ ყველანი, დიდიან-პატარიანად, მათ შორის ჯარის მეთაურები, ადგნენ და ქალდეველთა შიშით+ ეგვიპტეში გაიქცნენ.+ 27  იუდას მეფე იეჰოიაქინის+ გადასახლებიდან 37-ე წელს, მე-12 თვის 27-ე დღეს, ბაბილონის მეფე ევილ-მეროდაქმა თავისი გამეფების წელს საპყრობილიდან გაათავისუფლა იუდას მეფე იეჰოიაქინი.+ 28  თბილად ელაპარაკა მას და ბაბილონში მასთან მყოფ სხვა მეფეებზე მეტად აღაზევა. 29  გაიხადა იეჰოიაქინმა პატიმრის ტანსაცმელი. ის მთელი სიცოცხლე მეფის სუფრაზე ჭამდა. 30  მეფისგან მას მთელი სიცოცხლე ყოველდღიურად ეძლეოდა სარჩო.

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — „ზღვა“.
წყრთა უდრიდა 44,5 სმ-ს. იხ. დანართი ბ14.