მეფეები — წიგნი მეორე 4:1—44

  • ელისე სასწაულებრივად აძლევს ქვრივს ზეთს (1—7).

  • სტუმართმოყვარე შუნამელი ქალი (8—16).

  • შუნამელ ქალს ღვთის კურთხევით შვილი უჩნდება, თუმცა ბავშვი კვდება (17—31).

  • ელისე ქალს შვილს უცოცხლებს (32—37).

  • ელისე კერძს უვნებელყოფს (38—41).

  • ელისე სასწაულებრივად ამრავლებს პურს (42—44).

4  წინასწარმეტყველთა ძეების ცოლებიდან ერთმა ქალმა+ ელისეს შეღაღადა: „მკვდარია ჩემი ქმარი, შენი მსახური. შენ იცი, რომ იეჰოვას მოშიში იყო იგი.+ ახლა მევალემ მომაკითხა და ჩემი ორივე შვილი მონებად მიჰყავს“.  ელისემ ჰკითხა: „რა გაგიკეთო? მითხარი, რა გაქვს სახლში?“ მან მიუგო: „ერთი დოქი ზეთის მეტი არაფერი აბადია შენს მსახურს“.+  მან უთხრა: „წადი და ცარიელი ჭურჭელი ითხოვე მეზობლებისგან; რაც შეიძლება ბევრი შეაგროვე!  შედით სახლში, კარი ჩაიკეტეთ შენ და შენმა ვაჟებმა; გაავსეთ ყველა ჭურჭელი ზეთით და სავსე გვერდზე გადადგით!“  ქალიც წავიდა. ჩაიკეტეს კარი მან და მისმა ვაჟებმა, აწვდიდნენ მას ჭურჭელს და ისიც ავსებდა.+  ყველა ჭურჭელი რომ გაივსო, მან თავის ერთ-ერთ ვაჟს უთხრა: „კიდევ მომეცი“,+ მაგრამ ვაჟმა უპასუხა: „მეტი აღარაა“, და ზეთიც შეწყდა.+  წავიდა ქალი და ამ ამბავს ღვთის კაცს მოუყვა, მან კი უთხრა: „წადი, გაყიდე ზეთი და გადაიხადე ვალები, ხოლო მორჩენილით თავი ირჩინეთ შენ და შენმა ვაჟებმა!“  ერთ დღეს ელისე შუნემში+ წავიდა, სადაც ერთი პატივდებული ქალი ცხოვრობდა; დაჟინებით სთხოვა ქალმა, რომ მასთან პური ეჭამა.+ ელისეც, რამდენჯერაც მის სახლს ჩაუვლიდა, იმდენჯერ შეივლიდა ხოლმე იქ საჭმელად.  უთხრა ქალმა ქმარს: „ვიცი, რომ წმინდაა ეს ღვთის კაცი, ჩვენთან რომ შემოივლის ხოლმე. 10  მოვუწყოთ პატარა ოთახი ზემოთ,+ დავუდგათ საწოლი, მაგიდა, სკამი და სალამპრე, და, როცა შემოივლის, იქ დარჩეს ხოლმე“.+ 11  ერთ დღესაც მივიდა იქ და მოსასვენებლად თავის ოთახში შევიდა. 12  შემდეგ თავის მსახურს, გეხაზის,+ უთხრა: „დაუძახე შუნამელ ქალს!“+ მანაც დაუძახა ქალს. 13  ელისემ სთხოვა გეხაზის: „ასე უთხარი: რადგან შენ ჩვენი გულისთვის ასე ირჯები,+ მე რა გაგიკეთო-თქო?+ გინდა, მეფეს ან მხედართმთავარს ვთხოვო-თქო რამე შენთვის?“+ მან მიუგო: „არაფერი მჭირდება, მე ჩემს ხალხში ვცხოვრობ“. 14  მაშინ ელისემ თავის მსახურს ჰკითხა: „მაშ, რა გავაკეთოთ ამ ქალისთვის?“ გეხაზიმ მიუგო: „შვილი არა ჰყავს,+ ქმარი კი მოხუცია“. 15  ელისემ მაშინვე უთხრა: „დაუძახე!“ მანაც დაუძახა; ქალი ოთახის კართან დადგა. 16  ელისემ უთხრა ქალს: „გაისად ამ დროს ვაჟს ჩაიხუტებ!“+ მან მიუგო: „არა, ჩემო ბატონო, ღვთის კაცო, ტყუილად ნუ დააიმედებ შენს მსახურს!“ 17  დაორსულდა ქალი; ზუსტად წლის თავზე, ელისეს მიერ ნათქვამ დროს, ვაჟი გააჩინა. 18  გაიზარდა ბავშვი; ერთ დღეს მამამისს მიაკითხა, რომელიც მომკელებთან ერთად იყო. 19  ეუბნებოდა მამამისს: „ვაი, თავი, თავი!“ მამამ მსახურს უთხრა: „დედამისს წაუყვანე!“ 20  მანაც წაიყვანა იგი და დედამისს მიუყვანა. ბავშვი შუადღემდე კალთაში ეჯდა დედამისს და ხელებში ჩააკვდა.+ 21  აიყვანა მან და ღვთის კაცის საწოლზე დააწვინა,+ თვითონ კი კარი გამოიკეტა და გამოვიდა. 22  დაუძახა თავის ქმარს და სთხოვა: „გამომიგზავნე რომელიმე მსახური და ერთი ვირი, ღვთის კაცთან გავიქცევი და დავბრუნდები!“ 23  ქმარმა ჰკითხა: „რისთვის მიდიხარ მასთან? დღეს არც ახალმთვარობაა+ და არც შაბათი!“ მან მიუგო: „ნუ ღელავ, ყველაფერი რიგზეა!“ 24  შეკაზმა ქალმა ვირი და თავის მსახურს უთხრა: „სწრაფად წაიყვანე! არ გაჩერდე, სანამ მე არ გეტყვი!“ 25  წავიდა და ღვთის კაცთან მივიდა ქარმელის მთასთან. როგორც კი მას ღვთის კაცმა თვალი მოჰკრა, თავის მსახურს, გეხაზის, უთხრა: „ნახე, შუნამელი ქალი! 26  გაიქეცი, შეეგებე და ჰკითხე, როგორ არის, ქმარ-შვილი ხომ კარგად ჰყავს“. ქალმა მიუგო: „ყველაფერი კარგადაა!“ 27  ქარმელის მთასთან რომ მივიდა ღვთის კაცთან, ფეხებში ჩაუვარდა მას.+ მივიდა გეხაზი, რომ მოეცილებინა ის, მაგრამ ღვთის კაცმა უთხრა: „თავი დაანებე, სულგამწარებულია, იეჰოვამ კი დამიმალა და არაფერი მითხრა“. 28  ქალმა ელისეს უთხრა: „ვთხოვე ჩემს ბატონს შვილი?! ხომ გითხარი, ტყუილად ნუ დამაიმედებ-მეთქი?!“+ 29  ელისემ მაშინვე უთხრა გეხაზის: „აიკეცე კალთები,+ აიღე ჩემი ჯოხი და წადი! გზაში არავის მიესალმო, და, თუ ვინმე მოგესალმება, არაფერი უპასუხო. წადი და ჩემი ჯოხი ყმაწვილს სახეზე დაადე!“ 30  ამაზე ბავშვის დედამ მიუგო: „ცოცხალ ღმერთ იეჰოვას და შენს თავს ვფიცავ, თუკი ფეხი მოვიცვალო აქედან უშენოდ!“+ ისიც ადგა და წაჰყვა. 31  გეხაზი მათზე ადრე მივიდა და ყმაწვილს ჯოხი სახეზე დაადო, მაგრამ ბავშვს არც ხმა ამოუღია და არც განძრეულა.+ გამობრუნდა და ელისეს უთხრა, არ იღვიძებსო ყმაწვილი. 32  შევიდა ელისე სახლში; ყმაწვილი მკვდარი იწვა საწოლზე.+ 33  შევიდა ოთახში, კარი მოიხურა და ლოცვით მიმართა იეჰოვას.+ 34  გადაემხო ბავშვს, პირი პირზე დაადო, თვალები — თვალებზე და ხელისგულები — ხელისგულებზე; ბავშვს სხეული ნელ-ნელა გაუთბა.+ 35  ელისემ ოთახში გაიარ-გამოიარა, შემდეგ მივიდა და კვლავ გადაემხო ბავშვს. ბავშვმა შვიდჯერ დააცემინა და თვალები გაახილა.+ 36  მოუხმო ელისემ გეხაზის და უთხრა: „დაუძახე შუნამელ ქალს!“ მანაც დაუძახა და ისიც მივიდა. მან უთხრა: „აიყვანე შენი ვაჟი!“+ 37  მივიდა ქალი, ფეხებში ჩაუვარდა ელისეს და პირქვე დაემხო. შემდეგ აიყვანა თავისი ვაჟი და ოთახიდან გავიდა. 38  დაბრუნდა ელისე გილგალში; დიდი შიმშილობა იყო იმ მიწაზე.+ ერთხელ წინასწარმეტყველთა ძეები+ მის წინ ისხდნენ, როცა მან თავის მსახურს უთხრა:+ „დადგი დიდი ქვაბი და კერძი მოუმზადე წინასწარმეტყველთა ძეებს!“ 39  გავიდა ერთ-ერთი მათგანი ბალბის მოსაკრეფად; იპოვა ველური გოგრა და მისით მთელი კალთა გაივსო. შემდეგ დაბრუნდა და ქვაბში ჩაჭრა, ისე რომ არ იცოდა, რა იყო. 40  დაუსხეს კერძი კაცებს, რომ ეჭამათ. ჭამა რომ დაიწყეს, ყვირილი მორთეს: „საწამლავია ქვაბში, ღვთის კაცო!“, და ვეღარ ჭამდნენ. 41  მან თქვა: „ფქვილი მომიტანეთ!“ ჩაყარა ფქვილი ქვაბში და თქვა: „დაუსხით ხალხს, რომ ჭამონ!“ კერძი აღარ იყო მომწამვლელი.+ 42  მოვიდა ერთი კაცი ბაალ-შალიშიდან+ და ღვთის კაცს პირველმოწეული ქერის 20 პური+ და ერთი აბგა ახალი მარცვლეული მოუტანა.+ ელისემ თქვა: „ჩამოურიგე ხალხს, რომ ჭამონ!“ 43  მსახურმა კი ჰკითხა: „100 კაცს როგორ ვამყოფინო?“+ ელისემ მიუგო: „გაუნაწილე ხალხს, რომ ჭამონ, რადგან იეჰოვა ამბობს, შეჭამენ და მორჩებათ კიდეცო“.+ 44  მანაც გაუნაწილა; ჭამეს და მორჩათ კიდეც+ იეჰოვას ნათქვამისამებრ.

სქოლიოები