მეფეები — წიგნი მეორე 7:1—20
7 თქვა ელისემ: «მოუსმინეთ იეჰოვას! აი, რას ამბობს იეჰოვა: „ხვალ ამ დროს სამარიის კარიბჭესთან 1 სეა* წმინდად დაფქული ფქვილიც 1 შეკელი* ეღირება და 2 სეა ქერიც — 1 შეკელი!“»+
2 მეფის ნდობით აღჭურვილმა პირმა ღვთის კაცს უთხრა: „წყლის კარიბჭეებიც რომ გახსნას იეჰოვამ ცაში, განა მოხდება ეს?!“+ მან მიუგო: „შენი თვალით იხილავ,+ მაგრამ ვერ შეჭამ!“+
3 კარიბჭის შესასვლელთან ოთხი კეთროვანი იჯდა;+ უთხრეს მათ ერთმანეთს: „რას ვუსხედვართ აქ და ველით სიკვდილს?!
4 ქალაქში შევალთ თუ აქ ვისხდებით, მაინც შიმშილით+ დავიხოცებით. ამიტომ, მოდი სირიელთა ბანაკში წავიდეთ! თუ ცოცხლებს დაგვტოვებენ, ხომ კარგი, თუ არადა, დავიხოცებით!“
5 ადგნენ შებინდებულზე და სირიელთა ბანაკს მიაშურეს; ბანაკს რომ მიადგნენ, კაციშვილი ვერ ნახეს.
6 იეჰოვამ სირიელებს საომარი ეტლებისა და ცხენების, დიდი ლაშქრის ხმა გააგონა.+ მათ ერთმანეთს უთხრეს, ისრაელის მეფეს ხეთელთა და ეგვიპტელთა მეფეები დაუქირავებია და ჩვენზე გამოულაშქრებიაო.
7 ადგნენ და გაიქცნენ შებინდებისას. მიატოვეს კარვები, ცხენები და ვირები; ბანაკი ხელუხლებელი დატოვეს და თავს უშველეს.
8 ბანაკში მისული კეთროვნები შევიდნენ ერთ კარავში. ჭამეს და სვეს, შემდეგ კი წამოიღეს ოქრო-ვერცხლი და ტანსაცმელი, და გადამალეს. მერე მობრუნდნენ, სხვა კარვიდანაც წამოიღეს ნადავლი და ისიც გადამალეს.
9 ბოლოს ერთმანეთს უთხრეს: „არასწორად ვიქცევით. ეს დღე სიხარულის დღეა! თუ დავაყოვნებთ და დილამდე გავჩერდებით, სასჯელი არ აგვცდება. მოდი წავიდეთ და ვაცნობოთ ეს მეფის სასახლეს!“
10 წავიდნენ, დაუძახეს ქალაქის კარიბჭის მცველებს და უთხრეს: „სირიელთა ბანაკში შევედით და კაციშვილი არ დაგვხვდა. არავის ხმა არ ისმოდა, მხოლოდ დაბმული ცხენები, ვირები და ხელუხლებელი კარვები დაგვხვდა!“
11 მაშინვე ამცნეს კარიბჭის მცველებმა ეს ამბავი მეფის სასახლეს.
12 დაუყოვნებლივ, ღამითვე, ადგა მეფე და თავის მსახურებს უთხრა: „გეტყვით, რა აქვთ სირიელებს ჩაფიქრებული: იციან, რომ მშივრები ვართ+ და ბანაკიდან გავიდნენ, რომ მინდორში ჩაგვისაფრდნენ. ამბობენ, ქალაქიდან რომ გამოვლენ, ცოცხლად შევიპყრობთ და ქალაქში შევიჭრებითო“.+
13 ერთმა მსახურმა მიუგო: „გავგზავნოთ რამდენიმე კაცი, რომ გამოიყვანონ ხუთი ცხენი ქალაქში დარჩენილი ცხენებიდან. მაინც იგივე ელით მათ, რაც ქალაქში დარჩენილებს, ეგენიც ისევე დაიხოცებიან, როგორც სხვა ისრაელები დაიხოცნენ. გავგზავნოთ და ვნახოთ!“
14 გამოიყვანეს ცხენებშებმული ორი ეტლი, გაგზავნა ისინი მეფემ სირიელთა ბანაკში და უთხრა: „წადით და ნახეთ!“
15 იორდანემდე მიჰყვნენ სირიელების კვალს და ნახეს, რომ მთელი გზა იმ ტანსაცმლითა და ნივთებით იყო მოფენილი, თავზარდაცემულ სირიელებს გზაში რომ დასცვენოდათ. დაბრუნდნენ მაცნეები და ეს ყველაფერი მეფეს მოახსენეს.
16 მაშინ გაემართნენ ისრაელები და გაძარცვეს სირიელთა ბანაკი; იეჰოვას ნათქვამისამებრ 1 სეა წმინდად დაფქული ფქვილიც 1 შეკელი გახდა და 2 სეა ქერიც — 1 შეკელი.+
17 კარიბჭე მეფეს ნდობით აღჭურვილი პირისთვის ჰქონდა ჩაბარებული, რომელიც გათელა ხალხმა კარიბჭესთან და მოკვდა, როგორც ღვთის კაცმა თქვა, როცა მეფე მასთან იყო მისული.
18 ზუსტად ისე მოხდა, როგორც ღვთის კაცს ჰქონდა ნათქვამი მეფისთვის, ხვალ ამ დროს სამარიის კარიბჭესთან 2 სეა ქერიც 1 შეკელი ეღირება და 1 სეა წმინდად დაფქული ფქვილიც — 1 შეკელიო.+
19 სწორედ მაშინ უთხრა მეფის ნდობით აღჭურვილმა პირმა ღვთის კაცს, წყლის კარიბჭეებიც რომ გახსნას იეჰოვამ ცაში, განა მოხდებაო ეს, რაზეც ღვთის კაცმა მიუგო, შენი თვალით იხილავ, მაგრამ ვერ შეჭამო.
20 ასეც მოხდა; გათელა იგი კარიბჭესთან ხალხმა და მოკვდა.
სქოლიოები
^ იმდენი, რამდენიც 7,33-ლიტრიან ჭურჭელში ჩაეტეოდა. იხ. დანართი ბ14.
^ შეკელი უდრიდა 11,4 გრ-ს. იხ. დანართი ბ14.