სამუელი — წიგნი მეორე 10:1—19
-
ამონსა და სირიაზე გამარჯვება (1—19).
10 ამის შემდეგ მოკვდა ამონელთა+ მეფე და მის ნაცვლად მისი ვაჟი ხანუნი გამეფდა.+
2 დავითმა თქვა: „სიკეთით* გადავუხდი ნახაშის ვაჟს, ხანუნს, იმ სიკეთისთვის*, რაც მამამისმა გამიკეთა!“ გაუგზავნა დავითმა მას მსახურები, რომ ნუგეში ეცათ მისთვის მამამისის სიკვდილის გამო. როცა მივიდნენ დავითის მსახურები ამონელთა მიწაზე,
3 უთხრეს ამონელთა მთავრებმა ხანუნს, თავიანთ ბატონს: „გგონია, მამაშენის პატივისცემის გამო გამოგიგზავნა დავითმა ნუგეშისმცემლები?! განა ქალაქის დასაზვერად და დასაპყრობად არ გამოგიგზავნა დავითმა თავისი მსახურები?!“
4 წაიყვანა ხანუნმა დავითის მსახურები, ცალ მხარეს წვერი ჩამოჰპარსა,+ წელს ქვემოთ ტანსაცმელი შემოაჭრა და გაუშვა.
5 შეატყობინეს ეს დავითს და მანაც მაშინვე გაგზავნა ხალხი მათთან შესახვედრად, რადგან მეტისმეტად შეურაცხყოფილნი იყვნენ. მეფემ შეუთვალა, იერიხონში+ დარჩით, სანამ წვერი არ მოგეზრდებათ, და მერე დაბრუნდითო.
6 მიხვდნენ ამონელები, რომ თავი შეაძულეს დავითს. გაგზავნეს ამონელებმა კაცები და დაიქირავეს ბეთ-რეხობელი+ და ცობელი+ სირიელები, სულ 20 000 ქვეითი, აგრეთვე მააქის+ მეფე 1 000 კაცით და 12 000 კაცი იშტობიდან.+
7 გაიგო ეს დავითმა და გაგზავნა იოაბი და მთელი ლაშქარი, მათ შორის ყველაზე გულადი მეომრები.+
8 გავიდნენ ამონელები და ქალაქის კარიბჭესთან დაირაზმნენ, ხოლო რეხობელი და ცობელი სირიელები იშტობელებსა და მააქელებთან ერთად ტრიალ მინდორში განლაგდნენ.
9 როცა დაინახა იოაბმა, რომ მტერი წინიდანაც უტევდა და ზურგიდანაც, ისრაელებს შორის საუკეთესო მებრძოლები შეარჩია და სირიელებთან საბრძოლველად დარაზმა.+
10 დანარჩენები აბიშაის,+ თავის ძმას, ჩააბარა, რომ მას ამონელებთან+ საბრძოლველად დაერაზმა ისინი,
11 და უთხრა: „თუ მე გამიჭირდება სირიელებთან გამკლავება, შენ მომეშველე, ხოლო, თუ შენ გაგიჭირდება ამონელებთან ბრძოლა, მე მოგეშველები.
12 უნდა გავმაგრდეთ და ვაჟკაცურად დავდგეთ+ ჩვენი ხალხისა და ჩვენი ღვთის ქალაქების გულისთვის, და ყველაფერი იეჰოვას ნებისამებრ იქნება!“+
13 შეუტიეს იოაბმა და მისმა ხალხმა სირიელებს და უკუიქცნენ ისინი.+
14 როცა დაინახეს ამონელებმა, რომ უკუიქცნენ სირიელები, თვითონაც გაექცნენ აბიშაის და ქალაქში შეცვივდნენ. ამონელებთან ბრძოლის შემდეგ იოაბი იერუსალიმში დაბრუნდა.
15 დაინახეს სირიელებმა, რომ დამარცხდნენ ისრაელებთან და კვლავ ერთად შეიკრიბნენ.+
16 გაგზავნა ჰადადეზერმა+ კაცები მდინარესთან*+ მცხოვრები სირიელების მოსაყვანად და ისინიც მივიდნენ ხელამში; მათ ჰადადეზერის მხედართმთავარი შობაქი მოუძღოდა.
17 შეატყობინეს ეს დავითს და მანაც მაშინვე შეკრიბა მთელი ისრაელი, გადალახა იორდანე და მივიდა ხელამში. დაირაზმნენ სირიელები დავითის წინააღმდეგ და შეებრძოლნენ მას.+
18 გაექცნენ სირიელები ისრაელებს. 700 მეეტლე და 40 000 მხედარი დაუხოცა დავითმა სირიელებს და მოკლა მათი მხედართმთავარი შობაქიც.+
19 დაინახეს ჰადადეზერის მორჩილმა მეფეებმა, რომ დამარცხდნენ ისრაელებთან და მაშინვე დაუზავდნენ და დამორჩილდნენ ისრაელებს;+ მეტად აღარ გაუბედავთ სირიელებს ამონელების დახმარება.
სქოლიოები
^ ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
^ ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
^ იგულისხმება ევფრატი.