სამუელი — წიგნი მეორე 17:1—29

  • ხუშაი შლის ახითოფელის გეგმას (1—14).

  • დავითს აფრთხილებენ; ის გაურბის აბესალომს (15—29).

    • ბარზილაი და სხვები დავითსა და მის ხალხს ამარაგებენ (27—29).

17  ახითოფელმა აბესალომს სთხოვა: „ამომარჩევინე 12 000 კაცი და ამაღამვე დავედევნები დავითს.  დაღლილს და ძალაგამოცლილს+ დავეცემი და თავზარს დავცემ; გაიქცევა მასთან მყოფი ხალხი. მე მხოლოდ მეფეს მოვკლავ,+  მთელ ხალხს კი უკან დაგიბრუნებ. თუ მოკვდება ის კაცი, რომელსაც ეძებ, მთელი მისი ხალხი დაგიბრუნდება და მშვიდობა ჩამოვარდება“.  მოიწონეს ეს აზრი აბესალომმაც და ისრაელის უხუცესებმაც.  აბესალომმა თქვა: „მოდი, არქიელ ხუშაისაც+ მოვუხმოთ და მასაც მოვუსმინოთ, რას იტყვის“.  მივიდა ხუშაი აბესალომთან. აბესალომმა უთხრა: „აი, რა გვირჩია ახითოფელმა. მოვიქცეთ მისი რჩევისამებრ? თუ არადა, შენ გვირჩიე“.  უთხრა ხუშაიმ აბესალომს: „ამჯერად არ გამოდგება ახითოფელის რჩევა“.+  შემდეგ კი უთხრა: „კარგად იცი, რომ მამაშენი და მისი ხალხი ძლიერები+ და ბელებდაკარგული ძუ დათვებივით გამწარებულნი არიან.+ თანაც მებრძოლი კაცია მამაშენი+ და ხალხთან არ გაათევს ღამეს.  ახლა, ალბათ, რომელიმე გამოქვაბულში ან სადმე სხვაგან იმალება.+ თუ ის პირველი დაგვესხმება თავს, ვინც ამას გაიგებს, იტყვის, დამარცხდნენ აბესალომის მომხრენიო. 10  ლომგული+ ხალხიც კი დაძაბუნდება, რადგან მთელმა ისრაელმა იცის მამაშენისა და მისი ხალხის სიმამაცის ამბავი.+ 11  გირჩევ, შეკრიბო მთელი ისრაელი დანიდან ბეერ-შებამდე,+ ზღვის ქვიშასავით ურიცხვი+ ჯარი, და თავად გაუძღვე მათ საბრძოლველად. 12  მივადგებით, სადაც არ უნდა იყოს, და ისე მოვედებით იქაურობას, როგორც ნამი ედება მიწას. ვერავინ გადაგვირჩება, ვერც ის და ვერც მასთან მყოფნი. 13  რომელიმე ქალაქშიც რომ შევიდეს, მთელი ისრაელი თოკებით მივალთ ქალაქთან და ისე ჩავათრევთ ხევში, რომ მის ადგილას კენჭიც აღარ დარჩება“. 14  თქვეს აბესალომმა და მასთან მყოფმა ისრაელებმა, არქიელი ხუშაის რჩევა სჯობიაო+ ახითოფელის რჩევას. იეჰოვას გადაეწყვიტა ახითოფელის+ ჭკვიანური გეგმის ჩაშლა, რათა უბედურება დაეტეხა იეჰოვას აბესალომისთვის.+ 15  უთხრა ხუშაიმ მღვდლებს, ცადოკსა და აბიათარს,+ ესა და ეს ურჩია ახითოფელმა აბესალომსა და ისრაელის უხუცესებს, მე კი ესა და ეს ვურჩიეო. 16  შემდეგ დასძინა: „სასწრაფოდ შეუთვალეთ დავითს, რომ არ გაათიოს ეს ღამე უდაბნოში მდინარის ფონთან*, გაღმა გავიდეს, რომ არც თვითონ დაიღუპოს და არც მასთან მყოფი ხალხი“.+ 17  ენ-როგელთან+ იდგნენ იონათანი+ და ახიმააცი,+ რადგან ქალაქში გამოჩენისა ეშინოდათ. ამ დროს მათთან მოახლე მივიდა და შეატყობინა ყველაფერი. ისინიც გაემართნენ მეფე დავითის გასაფრთხილებლად. 18  დაინახა ისინი ერთმა ყმაწვილმა და ამის შესახებ აბესალომს ამცნო. ამიტომ იონათანმა და ახიმააცმა ბახურიმს+ მიაშურეს. იქ ერთი კაცის სახლში მივიდნენ, რომელსაც ეზოში ჭა ჰქონდა და შიგ ჩავიდნენ. 19  მისმა ცოლმა ჭას თავზე დააფარა და ზედ ბურღული დააყარა, ისე რომ არავის არაფერი გაუგია. 20  მივიდნენ აბესალომის მსახურები იმ ქალთან სახლში და ჰკითხეს: „სად არიან ახიმააცი და იონათანი?“ ქალმა მიუგო: „მდინარისკენ წავიდნენ“.+ ეძებეს, მაგრამ ვერ იპოვეს და იერუსალიმში დაბრუნდნენ. 21  მათი წასვლის შემდეგ ამოვიდნენ ჭიდან იონათანი და ახიმააცი, წავიდნენ და ამბავი მიუტანეს მეფე დავითს. მოუყვნენ, რა იყო ახითოფელის რჩევა და უთხრეს, ადექი და სასწრაფოდ წყალგაღმა გადიო.+ 22  მაშინვე ადგნენ დავითი და მისი ხალხი და განთიადამდე გადაკვეთეს იორდანე; არავინ დარჩენილა იორდანის გამოღმა. 23  როცა ახითოფელმა დაინახა, რომ მის რჩევას ყური არ უგდეს, შეკაზმა ვირი და შინ დაბრუნდა თავის ქალაქში.+ ბოლო მითითებები მისცა თავის სახლეულობას,+ მერე კი ადგა და თავი ჩამოიხრჩო.+ დამარხეს იგი თავისი მამა-პაპის სამარხში. 24  ამასობაში დავითი მახანაიმისკენ+ გაემართა, აბესალომმა კი მთელ ისრაელთან ერთად იორდანე გადაკვეთა. 25  აბესალომმა იოაბის+ ნაცვლად ამასა+ დანიშნა მხედართმთავრად. ამასას მამა ისრაელის შთამომავალი ითრა იყო, ხოლო დედა — ნახაშის ასული აბიგაილი,+ იოაბის დედის, ცერუიას, და. 26  აბესალომი ისრაელებთან ერთად გალაადში+ დაბანაკდა. 27  როგორც კი დავითი მახანაიმში ჩავიდა, ნახაშის ვაჟმა შობიმ ამონელთა რაბიდან,+ ამიელის ვაჟმა მაქირმა+ ლო-დებარიდან და გალაადელმა ბარზილაიმ+ როგელიმიდან 28  მოიტანეს ქვეშაგები, თასები, თიხის ჭურჭელი, ხორბალი, ქერი, ფქვილი, მოხალული მარცვლეული, ცერცვი, ოსპი, მოხალული თესლი, 29  თაფლი, კარაქი, ცხვარი და ყველი დავითისა და მასთან მყოფი ხალხისთვის,+ რადგან ამბობდნენ, დაღლილი და მშიერ-მწყურვალი იქნებაო უდაბნოდან მოსული ხალხი.+

სქოლიოები

ან შესაძლოა: „ხრიოკ ველზე“.