სამუელი — წიგნი მეორე 21:1—22

  • გაბაონელების შურისძიება საულის სახლეულობაზე (1—14).

  • ბრძოლები ფილისტიმელების წინააღმდეგ (15—22).

21  ზედიზედ სამი წელი შიმშილობა+ იყო დავითის დროს; დაეკითხა დავითი იეჰოვას. იეჰოვამ უთხრა: „სისხლის ღვრაშია დამნაშავე საული და მისი სახლეულობა, რადგან დახოცა მან გაბაონელები“.+  მოუხმო მეფემ გაბაონელებს+ და ელაპარაკა (გაბაონელები არ იყვნენ ისრაელები, ისინი ის ამორეველები+ იყვნენ, რომელთათვისაც ისრაელებს ფიცით ჰქონდათ აღთქმული, ცოცხლებს დაგტოვებთო.+ მაგრამ საული ვერ ეგუებოდა, რომ ისინი ისრაელებთან და იუდეველებთან ერთად ცხოვრობდნენ და მათ გაწყვეტას ცდილობდა).  ჰკითხა დავითმა გაბაონელებს: „რა გაგიკეთოთ, რით გამოვისყიდო დანაშაული, რომ დალოცოთ იეჰოვას სამკვიდრო?“  გაბაონელებმა მიუგეს: „ვერც ოქრო და ვერც ვერცხლი ვერ გამოისყიდის+ საულისა და მისი სახლეულობის დანაშაულს, არც ვინმეს მოკვლის უფლება გვაქვს ისრაელში!“ მან უთხრა: „რასაც მეტყვით, იმას გავაკეთებ!“  მიუგეს მათ მეფეს: „ვინც გვანადგურებდა და ვისაც ჩვენი გადაშენება ჰქონდა განზრახული ისრაელში,+  მისი ვაჟებიდან გადმოგვეცით შვიდი კაცი. დავხოცავთ და მათ გვამებს იეჰოვას წინაშე ჩამოვკიდებთ+ გიბაში,+ საიდანაც იეჰოვას რჩეული საული იყო“.+ მეფეც დასთანხმდა მათ და უთხრა, გადმოგცემთო.  შეებრალა მეფეს მეფიბოშეთი,+ საულის ვაჟის, იონათანის, ვაჟი, იმ ფიცის გამო, რომელიც დავითსა და საულის ვაჟ იონათანს+ ჰქონდათ დადებული იეჰოვას წინაშე.  წამოიყვანა მეფემ არმონი და მეფიბოშეთი, აიას ასულ რიცფას+ ორი ვაჟი, რომლებიც მან საულს გაუჩინა, და საულის ასულის, მიქალის*,+ ხუთი ვაჟი, რომლებიც მან მეჰოლათელ ბარზილაის ვაჟს, ადრიელს,+ გაუჩინა.  გადასცა ისინი გაბაონელებს და მათაც ჩამოკიდეს მათი გვამები მთაზე იეჰოვას წინაშე.+ შვიდივე ერთად მოკლეს მკის დასაწყისში; მაშინ ქერის მკა იწყებოდა. 10  რიცფამ,+ აიას ასულმა, აიღო ჯვალო, დაიფინა კლდეზე და დარაჯობდა ცხედრებს მკის დაწყებიდან მანამდე, სანამ არ გაწვიმდა; დღისით ცის ფრინველებს არ აკარებდა, ღამით კი — მინდვრის მხეცებს. 11  შეატყობინეს დავითს, რაც საულის ხარჭამ, აიას ასულმა რიცფამ, გააკეთა. 12  წავიდა დავითი და წამოიღო საულისა და მისი ვაჟის, იონათანის, ძვლები იაბეშ-გალაადელი+ თავკაცებისგან*, რომლებმაც მათი ცხედრები ბეთ-შანის მოედნიდან მოიპარეს. ცხედრები იქ ფილისტიმელებმა ჩამოკიდეს მას შემდეგ, რაც გილბოაში+ მოკლეს საული. 13  წამოიღო იქიდან საულისა და მისი ვაჟის, იონათანის, ძვლები; შეაგროვეს სიკვდილით დასჯილთა ძვლებიც.+ 14  საულისა და მისი ვაჟის, იონათანის, ძვლები ბენიამინის მიწაზე ცელაში,+ მამამისის, კიშის,+ სამარხში დამარხეს. მას შემდეგ, რაც ყველაფერი მეფის ბრძანებისამებრ გააკეთეს, ღმერთმა შეისმინა მათი ვედრება და შეიწყალა ქვეყანა.+ 15  კვლავ გამოვიდნენ ფილისტიმელები ისრაელების წინააღმდეგ.+ წავიდნენ დავითი და მისი მსახურები და შეებრძოლნენ ფილისტიმელებს, მაგრამ დაიქანცა დავითი. 16  იშბი-ბენობმა, ერთ-ერთმა რეფაიმმა,+ რომელიც 300-შეკელიანი*+ სპილენძის შუბითა და ახალი მახვილით იყო შეიარაღებული, დავითის მოკვლა განიზრახა, 17  მაგრამ მიეშველა+ მას ცერუიას ვაჟი აბიშაი+ და მოკლა ფილისტიმელი. დააფიცა დავითს მისმა ხალხმა: „აღარ გამოხვიდე საბრძოლველად,+ რომ არ ჩააქრო ისრაელის ლამპარი!“+ 18  ამის შემდეგ კვლავ გაჩაღდა ბრძოლა ისრაელებსა და ფილისტიმელებს+ შორის გობში; მაშინ ხუშელმა სიბექაიმ+ მოკლა საფი, ერთ-ერთი რეფაიმი.+ 19  კიდევ ერთი ბრძოლა გაჩაღდა გობში ფილისტიმელებსა+ და ისრაელებს შორის; მაშინ ბეთლემელი იაარე-ორეგიმის ვაჟმა ელხანანმა მოკლა გათელი გოლიათი, რომლის შუბის ტარი ლილვის* სისხო იყო.+ 20  კვლავ გაიმართა ომი გათში. იქ იყო ერთი ბუმბერაზი, რომელსაც ხელ-ფეხზე ექვს-ექვსი თითი ჰქონდა — სულ 24. ისიც რეფაიმი იყო.+ 21  დასცინოდა ის ისრაელს,+ ამიტომ იონათანმა, დავითის ძმის, შიმეის,+ ვაჟმა, მოკლა იგი. 22  ეს ოთხი რეფაიმი ცხოვრობდა გათში, რომლებიც დავითმა და მისმა მსახურებმა დახოცეს.+

სქოლიოები

ან შესაძლოა: „მერაბის“.
ან შესაძლოა: „მიწათმფლობელებისგან“.
დაახლ. 3,5 კგ. იხ. დანართი ბ14.
საქსოვი დაზგის ნაწილი, მრგვალი ხე.