სამუელი — წიგნი მეორე 5:1—25
5 გავიდა დრო და მივიდა ისრაელის ყველა ტომი დავითთან ხებრონში;+ უთხრეს მას: „შენი სისხლი და ხორცი ვართ!+
2 უწინ, როცა ჯერ კიდევ საული მეფობდა ჩვენზე, შენ მიუძღოდი ისრაელს საომრად.+ იეჰოვამ გითხრა, შენ დამწყემსავო ჩემს ხალხს, ისრაელს, და შენ გახდებიო ისრაელის წინამძღოლი“.+
3 მივიდნენ ისრაელის უხუცესები მეფესთან ხებრონში და იქ მათ დავითმა შეთანხმება დაუდო იეჰოვას წინაშე.+ ამის შემდეგ მათ იგი ისრაელის მეფედ სცხეს.+
4 დავითი 30 წლისა გამეფდა და 40 წელი მეფობდა.+
5 ხებრონიდან ის 7 წელი და 6 თვე განაგებდა მხოლოდ იუდას, იერუსალიმიდან+ კი 33 წელი განაგებდა მთელ ისრაელსა და იუდას.
6 მეფე და მისი ხალხი იერუსალიმისკენ გაემართნენ იქ მცხოვრებ იებუსელებზე+ გასალაშქრებლად. დასცინეს მათ დავითს და უთხრეს, აქ ვერასდროს შემოხვალ, ბრმებიცა და კოჭლებიც კი გაგაქცევენო. ეგონათ, ვერასდროს შეაღწევდა იქ დავითი.+
7 მაგრამ მაინც დაიპყრო დავითმა სიონის ციხე-ქალაქი, რომელსაც „დავითის ქალაქი“ ეწოდა.+
8 იმ დღეს დავითმა თქვა: «ვინც იებუსელებზე მიიტანს იერიშს, წყლის გვირაბით გაიაროს და მოსრას „კოჭლები და ბრმები“, რომლებიც სძულს დავითს!» ამიტომაც ამბობენ: „ბრმა და კოჭლი სახლში ვერ შემოვაო“.
9 დასახლდა დავითი ციხე-ქალაქში და მას „დავითის ქალაქი“ დაერქვა*; დაიწყო მან მშენებლობა მილოზე*+ და ქალაქის შიგნით.+
10 უფრო და უფრო განდიდდა დავითი;+ ლაშქართა ღმერთი იეჰოვა იყო მასთან.+
11 ტვიროსის მეფე ხირამმა+ მაცნეები გაუგზავნა დავითს, აგრეთვე კედრის მორები,+ დურგლები და კალატოზები კედლების ამოსაყვანად, და მათაც დაიწყეს დავითისთვის სასახლის შენება.+
12 მიხვდა დავითი, რომ იეჰოვამ განამტკიცა მისი მეფობა ისრაელში+ და განადიდა მისი სამეფო+ თავისი ხალხის, ისრაელის გულისთვის.+
13 ხებრონიდან წამოსვლის შემდეგ დავითმა იერუსალიმშიც მოიყვანა ხარჭები+ და ცოლები, და კიდევ შეეძინა ვაჟები და ასულები.+
14 იერუსალიმში მას შეეძინა: შამუა, შობაბი, ნათანი,+ სოლომონი,+
15 იბხარი, ელიშუა, ნეფეგი, იაფია,
16 ელიშამა, ელიადა და ელიფელეტი.
17 გაიგეს ფილისტიმელებმა, რომ ისრაელის მეფედ სცხეს დავითი,+ და წავიდნენ მასთან შესაბრძოლებლად.+ როცა დავითმა ეს ამბავი შეიტყო, სამალავს შეაფარა თავი.+
18 მოვიდნენ ფილისტიმელები და რეფაიმის ველს მოედვნენ.+
19 დაეკითხა დავითი იეჰოვას:+ „შევებრძოლო ფილისტიმელებს? ჩამიგდებ მათ ხელში?“ მიუგო იეჰოვამ დავითს: „შეებრძოლე, რადგან ჩაგიგდებ მათ ხელში!“+
20 მივიდა დავითი ბაალ-ფერაციმში და გაანადგურა ისინი. მაშინ თქვა, იეჰოვამ ისე გაარღვია ჩემ წინაშე ჩემი მტრის რიგები,+ როგორც წყალი არღვევსო ზღუდეს. ამიტომაც უწოდა იმ ადგილს ბაალ-ფერაციმი*.+
21 იქ დატოვეს ფილისტიმელებმა თავიანთი კერპები, დავითმა და მისმა ხალხმა კი წაიღეს ისინი.
22 მოგვიანებით კვლავ გამოვიდნენ ფილისტიმელები და რეფაიმის ველს მოედვნენ.+
23 დაეკითხა დავითი იეჰოვას, მან კი მიუგო: „პირისპირ ნუ შეებმები, ზურგიდან მოუარე და ბაქა-ბუჩქებთან* დაესხი თავს.
24 როცა ბაქა-ბუჩქების კენწეროებიდან ისეთი ხმა შემოგესმება, თითქოს ლაშქარი მოდისო, მაშინვე შეუტიე, რადგან იეჰოვა წაგიძღვება ფილისტიმელთა ლაშქრის გასანადგურებლად“.
25 დავითიც იეჰოვას ბრძანებისამებრ მოიქცა და გებიდან+ გეზერამდე+ მუსრავდა ფილისტიმელებს.+
სქოლიოები
^ ან შესაძლოა: „დაარქვა“.
^ ებრაული სიტყვის ტრანსლიტერაცია. იხ. „ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“.
^ ნიშნავს „გარღვევის ბატონს“.
^ „ბაქა“ ებრაული სიტყვის ტრანსლიტერაციაა, რომლის მნიშვნელობაც უცნობია.