იცხოვრე ქრისტიანული პრინციპებით
როგორ გამოვიყენოთ მსახურებაში წიგნის „რას გვასწავლის ბიბლია?“ გამარტივებული ვერსია
2015 წელს ინგლისურ ენაზე გამოიცა წიგნის „რას გვასწავლის ბიბლია?“ გამარტივებული ვერსია, რომელიც დროთა განმავლობაში ხელმისაწვდომი გახდება ბევრ ენაზე. ბიბლიის შესასწავლად განკუთვნილი ეს ორი სახელმძღვანელო ძალიან ჰგავს ერთმანეთს — მათში ერთი და იგივე ბიბლიური საკითხები ერთი და იმავე თანმიმდევრობით არის განხილული. თუმცა გამარტივებულ ვერსიაში აზრები უფრო მარტივი ენითა და ლოგიკით არის გადმოცემული. ის განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია?“ შეიძლება რთული გასაგები იყოს. დანართების ნაცვლად გამარტივებულ ვერსიაში მოყვანილია შენიშვნები, სადაც მარტივი ენით იხსნება ძირითად ტექსტში არსებული ზოგიერთი სიტყვა, ფრაზა თუ ცნება. თავებს წამძღვარებული არა აქვს კითხვები და ბოლოშიც არ არის გასამეორებელი ჩარჩო. თავები მთავრდება ძირითად ტექსტში განხილული ბიბლიური აზრების მოკლე მიმოხილვით. ამ წიგნის შეთავაზებაც ნებისმიერ დროს შეგვიძლია იმის მიუხედავად, თუ რომელ პუბლიკაციას ვთავაზობთ იმ თვეში. როგორ შეგვიძლია ვისარგებლოთ ამ წიგნის თავისებურებებით ბიბლიის შესწავლის ჩატარებისას?
მოკლე მიმოხილვა: ჩვეულებრივ, ბიბლიის შესწავლის დროს ვკითხულობთ აბზაცებს და შესაბამისი კითხვის დასმის შემდეგ ვმსჯელობთ მათზე. ეს მეთოდი უმეტეს შემთხვევაში კვლავაც გამოსადეგია. მაგრამ, თუ შემსწავლელი კარგად არ ფლობს იმ ენას, რომელზეც შესწავლა ტარდება, ან კითხვა უჭირს, შეგვიძლია მოკლე მიმოხილვა შესწავლის ჩასატარებლად გამოვიყენოთ, ძირითადი ტექსტი კი შემსწავლელს შეუძლია თავისუფალ დროს წაიკითხოს. ამგვარად, ბიბლიური საკითხის განხილვას დაახლოებით 15 წუთში შევძლებთ. ვინაიდან მოკლე მიმოხილვა არ შეიცავს ძირითად ტექსტში მოყვანილ ბევრ აზრს, მნიშვნელოვანია, რომ მაუწყებელი კარგად მოემზადოს და შემსწავლელის მოთხოვნილებები გაითვალისწინოს. თუ შესწავლა ჩვეულებრივი მეთოდით ჩატარდება, მოკლე მიმოხილვა განხილული მასალის გასამეორებლად შეიძლება იყოს გამოყენებული.
შენიშვნები: სიტყვები, ფრაზები თუ ცნებები იმავე თანმიმდევრობით გვხვდება შენიშვნებში, როგორითაც ძირითად ტექსტში. მაუწყებელმა თავად უნდა გადაწყვიტოს, განიხილავს თუ არა შენიშვნებს შესწავლის დროს.