არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

აჩუქეთ ერთმანეთს ღიმილი!

აჩუქეთ ერთმანეთს ღიმილი!

რა გრძნობა გეუფლებათ, როცა ვინმე თბილად გიღიმით? ალბათ, გულში სითბო გეღვრებათ და სურვილი გიჩნდებათ, თქვენც იმავეთი უპასუხოთ. დიახ, ღიმილი გადამდებია. როცა ვინმე, იქნება ეს მეგობარი თუ სრულიად უცხო ადამიანი, გიღიმით, ეს თქვენში დადებით ემოციებს იწვევს. ერთი ქალი, სახელად მაგდალენა, იხსენებს: „ჩემს მეუღლეს, ჯორჯს, ძალიან თბილი ღიმილი ჰქონდა. საკმარისი იყო, მისთვის თვალებში შემეხედა, რომ მაშინვე სიმშვიდე მეუფლებოდა“.

როცა ვინმე თბილად და გულწრფელად გვიღიმის, ეს კარგ განწყობაზე გვაყენებს, სიხარულს გვანიჭებს და სასიამოვნო გრძნობებს აღგვიძრავს. ერთ ონლაინ ჟურნალში გამოქვეყნდა სტატია, სადაც ეწერა: „როგორც ჩანს, ღიმილი ჩვენი ბუნების განუყოფელი ნაწილია“ (Observer). იმავე სტატიაში აღნიშნული იყო, რომ ახალშობილებსაც კი შეუძლიათ „მიხვდნენ, რა ემოციაა აღბეჭდილი სხვების სახეზე. როცა სხვები გვიღიმიან, ვხვდებით, როგორ არიან ისინი ჩვენ მიმართ განწყობილი და, შესაბამისად, გვინდება, ჩვენც იმავეთი ვუპასუხოთ“.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევრებმა დაკვირვება მოახდინეს ხანდაზმულ პაციენტებზე. მათ აინტერესებდათ, რა რეაქცია ექნებოდათ ხანდაზმულებს მედპერსონალის სახის გამომეტყველებასა თუ მიმიკებზე. დაკვირვებამ ცხადყო, რომ ის მოხუცები, რომლებსაც თბილი, თანამგრძნობი და მომღიმარი მომვლელები ჰყავდათ, ბევრად უკეთ გრძნობდნენ თავს, ვიდრე ისინი, რომელთა მომვლელებიც მათ მიმართ არანაირ სითბოს და ყურადღებას არ ავლენდნენ.

როცა იღიმით, ამით არა მარტო სხვებს, არამედ საკუთარ თავსაც რგებთ, რადგან, როგორც კვლევებმაც აჩვენა, ამ დროს უფრო თავდაჯერებული და ბედნიერი ხართ და სტრესსაც ნაკლებად განიცდით. ის ადამიანები კი, რომლებსაც მუდამ სახე ჩამოსტირით, თავს გაცილებით ცუდად გრძნობენ.

„მათი მომღიმარი სახის დანახვაზე განწყობა მიმაღლდებოდა“

სტატიის დასაწყისში მოხსენიებული მაგდალენა იეჰოვას მოწმე იყო. იგი მეორე მსოფლიო ომის დროს ოჯახის წევრებთან ერთად რავენსბრიუკის (გერმანია) საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნეს იმის გამო, რომ არ იზიარებდა ნაცისტურ იდეოლოგიას. მაგდალენა გვიყვება: „ზოგჯერ მცველები ერთმანეთთან ლაპარაკს გვიკრძალავდნენ, მაგრამ, საბედნიეროდ, შეგვეძლო ჩვენი გრძნობები უსიტყვოდ გამოგვეხატა. დედაჩემისა და ჩემი დის მომღიმარი სახის დანახვაზე განწყობა მიმაღლდებოდა, რაც ერთიორად მიძლიერებდა იმის სურვილს, რომ ბოლომდე ჩემს პოზიციაზე დავრჩენილიყავი“.

ცხოვრებისეული საზრუნავი ზოგჯერ იმდენად გვფიტავს, რომ შეიძლება ყოველთვის არ ვიყოთ ღიმილის ხასიათზე. მაგრამ ერთი რამ გახსოვდეთ: ის, თუ როგორი განწყობა გექნებათ, დიდადაა დამოკიდებული იმაზე, თუ რაზე ფიქრობთ (იგავები 15:15; ფილიპელები 4:8, 9). ასე რომ, შეიძლება ადვილი არ იყოს, მაგრამ ყველანაირად ეცადეთ, დადებითზე იფიქროთ. * ამ მხრივ ბევრს დიდი დახმარება გაუწია ბიბლიის კითხვამ და ლოცვამ (მათე 5:3; ფილიპელები 4:6, 7). სიტყვები „ბედნიერება“ და „სიხარული“ ან მათგან ნაწარმოები მსგავსი სიტყვები ბიბლიაში ასობით ადგილას გვხვდება. კარგი იქნება, თუ ყოველდღე ბიბლიიდან ერთ ან ორ გვერდს წაიკითხავთ. ეს დაგეხმარებათ, აიმაღლოთ განწყობა და უფრო ხშირად გაიღიმოთ.

ნუ დაელოდებით სხვებს, თავად გაუღიმეთ მათ და ცოტათი მაინც გაულამაზეთ თუნდაც ერთი ჩვეულებრივი დღე! ღიმილი არის ღვთის საჩუქარი, რომლის გაცემაც კი არ გაგაღარიბებთ, არამედ პირიქით, გაგამდიდრებთ თქვენც და თქვენ ირგვლივ მყოფთაც.

^ აბზ. 8 იხილეთ 2013 წლის ნოემბრის „გამოიღვიძეთ!“-ში მოცემული სტატია «გაქვთ „მუდამ ლხინი“?».