„მათმა სიყვარულმა გული გაგვითბო“
შაბათს, 2015 წლის 25 აპრილს ინდოეთის ჩრდილოეთით მდებარე მაღალმთიან ქვეყანას, ნეპალს, 7,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაატყდა. სტიქიის ეპიცენტრი დედაქალაქ კატმანდუდან ჩრდილო-დასავლეთით დაახლოებით 80 კმ-ში დაფიქსირდა. საუბედუროდ, ამ დამანგრეველ სტიქიას 8 500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ნახევარ მილიონზე მეტი სახლი მიწასთან გასწორდა. ასეთი გამანადგურებელი სტიქია ნეპალს ჯერ არ ახსოვს. ამ ქვეყანაში 2 200 იეჰოვას მოწმეა; მათგან უმეტესობა სწორედ სტიქიის ეპიცენტრში ცხოვრობდა. სამწუხაროდ, ერთი მოწმე და მისი ორი შვილი დაიღუპნენ.
„მიწისძვრა ქვეყანას სწორედ მაშინ დაატყდა თავს, როცა სტიქიის ზონაში არსებული კრებების უმეტესობას შეხვედრები უტარდებოდა. ამ დროს სახლებში რომ ვყოფილიყავით, მსხვერპლი გაცილებით მეტი იქნებოდა“, — ამბობს ერთი იეჰოვას მოწმე, სახელად მიშელი. რატომ გადარჩნენ სამეფო დარბაზებში შეკრებილი მოწმეები? უმთავრესად იმიტომ, რომ ეს შენობები მტკიცედ იყო ნაგები.
„მიზეზი ყველასთვის ცხადი გახდა!“
ნეპალში სამეფო დარბაზები მყარადაა ნაგები, რათა ძლიერ მიწისძვრებს გაუძლონ. მენ ბაჰადური, რომელმაც ერთ-ერთი სამეფო დარბაზის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა, აღნიშნავს: „მშენებლობის დროს ხშირად გვეკითხებოდნენ, რატომ ვყრიდით ამხელა საძირკველს ასეთი პატარა შენობისთვის. მაგრამ ამჯერად მიზეზი ყველასთვის ცხადი გახდა!“. მიწისძვრის შემდეგ ძმებს ნებართვა მისცეს, რომ სამეფო დარბაზები დროებით თავშესაფრებად ექციათ. მიუხედავად იმ დიდი შოკისა, რაც მათ მიიღეს, იეჰოვას მოწმეები და მათი მეზობლები დარბაზებში თავს უსაფრთხოდ გრძნობდნენ.
იეჰოვას მოწმეთა კრების უხუცესებმა მალევე დაიწყეს იმ და-ძმების ძებნა, რომლებიც მოისაკლისეს. „უხუცესები საკუთარ თავზე მეტად და-ძმებზე ზრუნავდნენ. მათმა სიყვარულმა გული გაგვითბო“, — აღნიშნავს ბაბიტა, რომელიც იეჰოვას მოწმეა. მიწისძვრის მეორე დღეს იმ კომიტეტის სამმა წარმომადგენელმა, რომელიც იეჰოვას მოწმეების საქმიანობას ხელმძღვანელობს ნეპალში, და სარაიონო ზედამხედველებმა დაიწყეს კრებების მონახულება, რათა გაცნობოდნენ და-ძმების საჭიროებებს და მხარში ამოდგომოდნენ ადგილობრივ უხუცესებს.
მიწისძვრიდან ექვსი დღის შემდეგ ნეპალს იეჰოვას მოწმეთა მსოფლიო მთავარი სამმართველოს (აშშ) წარმომადგენელი გარი ბრუქსი მეუღლესთან, რუბისთან, ერთად ეწვია. რეუბენი, რომელიც იეჰოვას მოწმეების საქმიანობას ხელმძღვანელობს ნეპალში, იხსენებს: „ვინაიდან მიწისძვრის შემდეგ კატმანდუში ქაოსი და არეულობა იყო, დარწმუნებულები არ ვიყავით, რამდენად შეძლებდა ძმა ბრუქსი ჩამოსვლას. მაგრამ მას გადაწყვეტილი ჰქონდა, აუცილებლად ჩამოსულიყო და ასეც მოიქცა. ადგილობრივი და-ძმები ძალიან მადლიერნი იყვნენ ამისთვის“.
„და-ძმებთან ასეთი სიახლოვე არასოდეს გვიგრძნია!“
სილა, რომელიც იეჰოვას მოწმეების ოფისში მსახურობს ნეპალში, ამბობს: „როგორც კი სატელეფონო კავშირი აღდგა, ოფისში ზარი ზარზე შემოდიოდა. ჩვენი ამბით დაინტერესებული თანამორწმუნეები მთელი მსოფლიოდან გვირეკავდნენ. მართალია, ზოგი იმ ენაზე გველაპარაკებოდა, რომელიც არ გვესმოდა, მაგრამ ვგრძნობდით, რომ ისინი სიყვარულსა და მზადყოფნის სულს ავლენდნენ“.
მიწისძვრიდან რამდენიმე დღეში ადგილობრივმა მოწმეებმა პროდუქტები სამეფო დარბაზში მიიტანეს, რათა საჭიროებისამებრ გაენაწილებინათ.
გარდა ამისა, შეიქმნა სტიქიით დაზარალებულთა დახმარების კომიტეტი და მალევე დაიწყეს დახმარების გამოგზავნა სხვადასხვა ქვეყნიდან, ძირითადად კი ბანგლადეშიდან, ინდოეთიდან და იაპონიიდან. რამდენიმე დღეში ევროპიდან ნეპალში ჩავიდა მოწმეებისგან შემდგარი მედპერსონალთა ჯგუფი, რომელიც ერთ-ერთ დარბაზში განთავსდა. ისინი დაუყოვნებლივ შეუდგნენ საქმეს და ხალხს არა მხოლოდ სამედიცინო, არამედ ემოციურ დახმარებასაც უწევდნენ.მრავალი მადლიერი ადამიანის სათქმელს ერთი ქალი, სახელად უტარა, ასე გამოთქვამს: „მიწისძვრამ ყველას თავზარი დაგვცა. მაგრამ ამ უბედურებამ ჩვენი სულიერი ოჯახი კიდევ უფრო გააერთიანა. და-ძმებთან ასეთი სიახლოვე არასოდეს გვიგრძნია!“. დიახ, ამ საშინელმა სტიქიამ ვერ შეურყია იეჰოვას მოწმეებს ვერც თავისი ღმერთისადმი, იეჰოვასადმი, სიყვარული და ვერც თანამორწმუნეებისადმი. პირიქით, ამან უფრო გააღრმავა მათ შორის ეს გრძნობა.