არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გზა ბედნიერებისკენ

მიმტევებლობა

მიმტევებლობა

„ბავშვობაში შეურაცხმყოფელი სიტყვებისა და ყვირილის მეტი არაფერი მესმოდა, — ამბობს პატრისია. — პატიება ჩემთვის უცხო იყო. დიდობაშიც კი წყენას დღეების განმავლობაში ვერ ვივიწყებდი და ამის გამო ძილიც მიკრთებოდა“. ფაქტია, ვისაც გაბრაზება და გულით წყენის ტარება სჩვევია, ბედნიერი ვერ იქნება და თავის ჯანმრთელობასაც საფრთხეს შეუქმნის. როგორც გამოკვლევები ცხადყოფს, ხშირ შემთხვევაში, ვინც არ პატიობს, . .

  • სხვებთან კარგ ურთიერთობას ვერ ინარჩუნებს, საკუთარ ნაჭუჭში იკეტება და მარტოსულად გრძნობს თავს.

  • ადვილად ნაწყენდება, კარგავს შინაგან სიმშვიდეს და ღრმა დეპრესიაშიც კი ვარდება.

  • გამუდმებით იმაზე ფიქრობს, რომ უსამართლოდ მოექცნენ, რის გამოც სიცოცხლის ხალისს კარგავს.

  • სინდისი ქენჯნის, რადგან ხვდება, რომ არასწორად იქცევა.

  • მეტ სტრესს განიცდის და თავის ჯანმრთელობასაც საფრთხეს უქმნის, რადგან ამ დროს იზრდება არტერიული წნევის მატების, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და ისეთი აშლილობების რისკი, რომელთაც ქრონიკული ტკივილები ახლავს თან. *

რას ნიშნავს მიტევება? მიტევება ნიშნავს, აპატიო მწყენინებელს, დაივიწყო წყენა, მოიშორო ბრაზი და არ იფიქრო სამაგიეროს გადახდაზე. თუმცა ეს არ ნიშნავს, დანაშაული შეიწყნარო, ნაკლებად სერიოზულად მიიჩნიო ან თავი ისე დაიჭირო, თითქოს არაფერი მომხდარა. პატიება გააზრებული გადაწყვეტილებაა, რისკენაც ადამიანს სიყვარული და სხვებთან მშვიდობიანი ურთიერთობის აღდგენის ან შენარჩუნების სურვილი უბიძგებს.

მიმტევებელი ადამიანი გაგებით ეკიდება სხვებს, რადგან ესმის, რომ სიტყვითა თუ საქმით ყველანი ვცდებით ანუ ვცოდავთ (რომაელები 3:23). სწორედ ამიტომ გვირჩევს ბიბლია: „მოუთმინეთ და მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს, თუ ვინმეს მიმართ ჩივილის მიზეზი გაქვთ“ (კოლოსელები 3:13).

ერთი რამ ცხადია: პატიებით ვავლენთ სიყვარულს, რომელიც „გამაერთიანებელი სრულყოფილი კავშირია“ (კოლოსელები 3:14). როგორც მეიოს კლინიკის ვებ-გვერდზეა ნათქვამი, მიმტევებელი ადამიანი ...

  • ხარობს სხვებთან ჯანსაღი ურთიერთობით და თანაგრძნობითა და გაგებით ეკიდება მას, ვინც აწყენინა.

  • ემოციურად სტაბილურია და ღვთის წყალობას გრძნობს.

  • ნაკლებად წუხს ან განიცდის სტრესს და მას იშვიათად უჩნდება სხვების მიმართ უარყოფითი გრძნობები.

  • ნაკლებადაა მიდრეკილი დეპრესიისკენ.

საკუთარი თავის პატიება. როგორც ერთ სამედიცინო ჟურნალშია ნათქვამი, საკუთარი თავის პატიება ხშირად ყველაზე რთულია, თუმცა ჩვენი ემოციური თუ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის — გადამწყვეტი (Disability & Rehabilitation). რა დაგეხმარებათ, აპატიოთ საკუთარ თავს?

  • ნუ მოითხოვთ სრულყოფილებას საკუთარი თავისგან. გახსოვდეთ, შეცდომებს ყველა უშვებს (ეკლესიასტე 7:20).

  • ისწავლეთ საკუთარ შეცდომებზე, რათა მომავალში აღარ გაიმეოროთ იგივე შეცდომა.

  • იყავით მომთმენი საკუთარი თავის მიმართ. ზოგიერთი მავნე ჩვევის ან სისუსტის დაძლევას დრო სჭირდება (ეფესოელები 4:23, 24).

  • ისეთ ადამიანებს დაუმეგობრდით, რომლებიც თქვენზე დადებით გავლენას ახდენენ, მხარში გიდგანან და კეთილად გეპყრობიან, თუმცა, როცა საჭიროა, სათქმელს გულახდილად გეუბნებიან (იგავები 13:20).

  • თუ ვინმეს აწყენინეთ, აღიარეთ შეცდომა და რაც შეიძლება მალე მოუბოდიშეთ. როცა შეურიგდებით, შინაგან სიმშვიდეს იგრძნობთ (მათე 5:23, 24).

ბიბლიური პრინციპებით ხელმძღვანელობას საუკეთესო შედეგები მოაქვს

სტატიის დასაწყისში მოხსენიებულმა პატრისიამ ბიბლიის შესწავლის შედეგად პატიება ისწავლა. ის აღნიშნავს: „როგორც იქნა გავთავისუფლდი ბოღმისგან, რაც მთელი ცხოვრება გულს მიღრღნიდა. ახლა აღარც მე ვიტანჯები და აღარც სხვები. ღვთისგან ბოძებული პრინციპები იმის დასტურია, რომ მას ვუყვარვართ და საუკეთესო სურს ჩვენთვის“.

რონი, რომელმაც ბიბლიური პრინციპების გათვალისწინების შედეგად შინაგანი სიმშვიდე იგრძნო, ამბობს: „სხვების ფიქრებსა და საქციელს მე ვერ გავაკონტროლებ, მაგრამ საკუთარი თავის კონტროლი ხომ შემიძლია?! თუ მშვიდობის აღდგენა მინდა, წყენა უნდა დავივიწყო. წარმოუდგენელია, ადამიანი ერთდროულად ჩრდილოეთ პოლუსზეც იყოს და სამხრეთ პოლუსზეც, ასევე წარმოუდგენელია, განაწყენებული ვიყო და, ამავდროულად, სხვებთან მშვიდობიანი ურთიერთობა მქონდეს“.

^ აბზ. 8 წყარო: Mayo Clinic and Johns Hopkins Medicine websites and the journal Social Psychiatry and Psychiatric Epidemiology.