არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ადამიანი დაავადებისგან რომ განიკურნოს, მის გამომწვევ მიზეზებს უნდა ებრძოლონ და არა სიმპტომებს

ᲞᲠᲝᲑᲚᲔᲛᲘᲡ ᲒᲐᲓᲐᲭᲠᲘᲡ ᲒᲖᲐ

გამომწვევი მიზეზის დადგენა

გამომწვევი მიზეზის დადგენა

დღეს არსებული პრობლემები სიმშვიდეს გვიკარგავს, თავს დაუცველად გვაგრძნობინებს და საფრთხეს უქმნის ჩვენს მომავალს. გჯერათ, რომ ადამიანები გადაჭრიან ამ პრობლემებს? დაავადებისგან რომ განიკურნოთ, გამომწვევ მიზეზებს უნდა ებრძოლოთ და არა სიმპტომებს.

სწორედ ასე მოხდა ტომის შემთხვევაში, რომელიც ავადმყოფობის გამო დაიღუპა. „როცა პირველმა სიმპტომებმა იჩინა თავი, არავის მოსვლია აზრად, დაედგინა, რა იყო გამომწვევი მიზეზი“, — წერს ექიმი, რომელსაც ტომი საავადმყოფოში სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე მიუყვანეს. როგორც ჩანს, მანამდე ტომს უბრალოდ მედიკამენტებს აძლევდნენ, თავი რომ უკეთ ეგრძნო.

ადამიანებიც ასე ცდილობენ მსოფლიო პრობლემების გადაჭრას? მაგალითად, დამნაშავეობასთან საბრძოლველად მთავრობა ადგენს კანონებს, ამონტაჟებს სათვალთვალო ვიდეოკამერებს და სამართალდამცავი ორგანოების მეშვეობით აძლიერებს უსაფრთხოების ზომებს. მართალია, ამგვარი ზომების გატარება მეტ-ნაკლებად შედეგიანია, მაგრამ ეს ვერ აღმოფხვრის პრობლემის გამომწვევ მიზეზებს, რადგან სინამდვილეში ადამიანთა ქცევას მათი აზროვნება, შეხედულებები და სურვილები განაპირობებს.

დენიელი, რომელიც სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთ გაჭირვებულ ქვეყანაში ცხოვრობს, იხსენებს: „ერთ დროს ნორმალურად ვცხოვრობდით. არ გვეშინოდა დაყაჩაღების. მაგრამ დღეს ვერც ქალაქში იცხოვრებ მშვიდად და ვერც სოფელში. ეკონომიკურმა გაჭირვებამ გამოააშკარავა ბევრი ადამიანის ნამდვილი სახე — ისინი სიხარბეს ავლენენ და სხვების ქონების ხელში ჩასაგდებად მათ სიცოცხლესაც კი ხელყოფენ“.

ერთი მამაკაცი, რომელსაც პირობითად ელიასს დავარქმევთ, ახლო აღმოსავლეთში არსებულ კონფლიქტს გაექცა, მოგვიანებით კი ბიბლიის შესწავლა დაიწყო. ის გვიყვება: „ჩემს მშობლიურ ქალაქში ახალგაზრდებს ოჯახის წევრები, პოლიტიკოსები და სასულიერო პირები გამუდმებით მოუწოდებდნენ, რომ ომში ჩაბმულიყვნენ და გმირები გამხდარიყვნენ. მოწინააღმდეგე მხარეც იმავესკენ მოუწოდებდა საკუთარ მოსახლეობას. ამ ყველაფრის შემხედვარე მივხვდი, რომ უსათუოდ იმედგაცრუებული დარჩები, თუ ადამიანურ მმართველობაზე დაამყარებ იმედს“.

ერთ უძველეს წიგნში, რომელიც სიბრძნის საგანძურია, წერია:

  • „ადამიანის გული სიყრმიდანვე ბოროტებისკენ ისწრაფვის“ (დაბადება 8:21).

  • „გული ყველაზე ვერაგი და უმართავია. ვინ შეიცნობს მას?!“ (იერემია 17:9).

  • „გულიდან მოდის: ბოროტი აზრები, მკვლელობა, მრუშობა . . . ქურდობა, ცრუმოწმეობა“ (მათე 15:19).

ადამიანები უძლურნი არიან, აღმოფხვრან ის მანკიერებები, რაც თითოეულ ჩვენგანშია ჩაბუდებული და რაც უამრავი ტკივილის მიზეზი ხდება. სინამდვილეში მდგომარეობა დღითი დღე უარესდება, რაც წინა სტატიიდანაც კარგად გამოჩნდა (2 ტიმოთე 3:1—5). სამწუხაროდ, ასეთი რეალობის წინაშე ვდგავართ მაშინ, როცა კაცობრიობა ზღვა ინფორმაციას ფლობს და კომუნიკაციის უამრავი საშუალება არსებობს. რატომ არ შეგვიძლია მსოფლიო უსაფრთხო ადგილად ვაქციოთ? იმაზე მეტს ხომ არ ვთხოვთ საკუთარ თავს, ვიდრე შეგვიძლია? ან იქნებ შეუძლებელს ვეპოტინებით?

ᲨᲔᲣᲫᲚᲔᲑᲔᲚᲡ ᲮᲝᲛ ᲐᲠ ᲕᲔᲞᲝᲢᲘᲜᲔᲑᲘᲗ?

სასწაულიც რომ მოვახდინოთ და ადამიანთა გულებიდან მანკიერებები აღმოვფხვრათ, მაინც ვერ შევძლებთ მსოფლიო ყველასთვის უსაფრთხო ადგილად ვაქციოთ. მიზეზი ისაა, რომ ჩვენი შესაძლებლობები შეზღუდულია.

სინამდვილეში „ადამიანის ნებაზე არ არის მისი გზა; კაცს საკუთარი ცხოვრების წარმართვა არ შეუძლია“ (იერემია 10:23). ჩვენ არ ვართ შექმნილი იმისთვის, რომ საკუთარი თავი ვმართოთ, სხვების მართვაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი! როგორც წყალში ან კოსმოსში ცხოვრებისთვის არა ვართ შექმნილნი, ისევე არა ვართ შექმნილნი იმისთვის, რომ ჩვენნაირი ადამიანები ვმართოთ.

როგორც წყალში ცხოვრებისთვის არ ვართ შექმნილნი, ისევე არ ვართ შექმნილნი იმისთვის, რომ ჩვენნაირი ადამიანები ვმართოთ

მაგალითად, მოსწონთ ადამიანებს, როცა კარნახობენ, როგორ და რა ფასეულობებით იცხოვრონ? ან ვის უხარია, როცა ვიღაც მიუთითებს, როგორი შეხედულება უნდა ჰქონდეს ცხოვრებისეულ საკითხებზე, მაგალითად აბორტზე ან შვილების აღზრდაზე? ეს მხოლოდ რამდენიმე საკითხია, რაც საზოგადოების დაყოფას იწვევს. მართალია, შეიძლება ადვილი არ იყოს იმის გათვალისწინება, რასაც ბიბლია ამბობს, მაგრამ ამ უძველესი წიგნიდან ყოველთვის საღი აზრი გამოსჭვივის. ჩვენ არც უნარი გვაქვს და არც მორალური უფლება, ვმართოთ ჩვენნაირი მოკვდავნი. მაშ, სად არის საშველი?

გონივრულია, საშველად შემოქმედს მივმართოთ. ბოლოს და ბოლოს მან არ შეგვქმნა?! რასაც არ უნდა ამბობდნენ სხვები, ფაქტი ერთია — ღმერთს არ დავვიწყებივართ! ის რომ ნამდვილად ზრუნავს ჩვენზე, ამას მისი სიტყვა, ბიბლია ადასტურებს. როცა ვწვდებით ამ უნიკალური წიგნის არსს, საკუთარ თავს უკეთ ვეცნობით და ვხვდებით, რატომ აღმოვჩნდით ასეთ სავალალო მდგომარეობაში. იმასაც კარგად ვაანალიზებთ, რომ „ხალხებმა და მთავრობებმა ვერც ვერაფერი ისწავლეს ისტორიიდან და ვერც დამოკიდებულება თუ საქციელი შეიცვალეს“, როგორც ეს ერთმა გერმანელმა ფილოსოფოსმა დაწერა.

ᲑᲘᲑᲚᲘᲣᲠᲘ ᲡᲘᲑᲠᲫᲜᲔ ᲒᲕᲘᲪᲐᲕᲡ!

იესომ, ღვთის ძემ, ერთხელ თქვა: „სიბრძნე საქმეებით მტკიცდება“ (ლუკა 7:35). ამას ადასტურებს ფსალმუნის 146:3-ში ჩაწერილი სიტყვებიც: „იმედს ნუ დაამყარებთ მმართველებზე, ნურც სხვა ადამიანებზე, რომელთაც არ შეუძლიათ ხსნა“. ამ რჩევის გათვალისწინება დაგვიცავს, რადგან არ გვექნება ფუჭი და არარეალური მოლოდინი. კენეთი ჩრდილოეთ ამერიკაში ისეთ ქალაქში ცხოვრობს, სადაც ძალადობა ჩვეულებრივი რამაა. ის ამბობს: „პოლიტიკოსები ერთიმეორეზე უკეთეს დაპირებებს იძლევიან, მაგრამ შესრულება არ შეუძლიათ. მათი გამუდმებული მარცხი შეგვახსენებს, რომ ბიბლიაში სრული ჭეშმარიტება წერია“.

სტატიის დასაწყისში მოხსენიებული დენიელი აღნიშნავს: „დღითი დღე ვრწმუნდები, რომ ადამიანებს არა აქვთ მართვის უნარი . . . ვერც საბანკო ანგარიშები და ვერც ვერანაირი საპენსიო სისტემა ვერ მოგვცემს უზრუნველი ცხოვრების გარანტიას. ამის იმედად მყოფი ბევრი ადამიანი მინახავს იმედგაცრუებული“.

ბიბლია არა მარტო ფუჭი იმედებით გამოწვეული გულგატეხილობისგან გვიცავს, არამედ ნამდვილ იმედსაც გვაძლევს. სწორედ ამ იმედზე ვისაუბრებთ შემდეგ სტატიებში.