არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მშობლები შვილებს თავიანთი მაგალითით ასწავლიან სიყვარულს

ᲜᲐᲑᲘᲯᲘ ᲪᲕᲚᲘᲚᲔᲑᲘᲡᲙᲔᲜ

ზნეობრივი ფასეულობების ჩანერგვა

ზნეობრივი ფასეულობების ჩანერგვა

ერთხელ ექსკურსიის დროს რამდენიმე მოზარდმა ბიჭმა თანატოლი ბიჭი გააუპატიურა. ისინი კანადის ერთ-ერთი პრესტიჟული სკოლის მოსწავლეები იყვნენ. ამ ინციდენტის შემდეგ ჟურნალისტი ლეონარდ სტერნი ერთ გაზეთში წერდა: „ვერც კარგი განათლება და ვერც სიმდიდრე ვერ აკავებს ახალგაზრდებს ცუდი საქციელისგან“ (Ottawa Citizen).

ლეონარდ სტერნი დასძენს: „ჩვეულებრივ, მშობლებისგან მოითხოვება, რომ შვილებს უპირველესად ზნეობრივი ფასეულობები ჩაუნერგონ. სინამდვილეში კი მშობლები იმაზე არიან ორიენტირებულები, რომ შვილებს მაღალი აკადემიური მოსწრება ჰქონდეთ, რათა მომავალში მაღალანაზღაურებადი სამუშაო იშოვონ“.

განათლების მიღება მართლაც მნიშვნელოვანია, თუმცა საუკეთესო საუნივერსიტეტო განათლებაც კი ვერ დაეხმარება ადამიანს, წინააღმდეგობა გაუწიოს არასწორ სურვილებს ან მავნე მიდრეკილებებს. მაშ, სად შეიძლება ისეთი განათლების მიღება, რომლის წყალობითაც სწორის არასწორისგან გარჩევას ვისწავლით?

ᲒᲐᲜᲐᲗᲚᲔᲑᲐ, ᲠᲝᲛᲔᲚᲘᲪ ᲒᲕᲔᲮᲛᲐᲠᲔᲑᲐ, ᲡᲬᲝᲠᲐᲓ ᲕᲘᲪᲮᲝᲕᲠᲝᲗ

ბიბლია სარკეს ჰგავს. როცა მასში ვიხედებით, საკუთარ ნაკლოვანებებს და სისუსტეებს უფრო აშკარად ვხედავთ (იაკობი 1:23—25). თუმცა ეს ყველაფერი არ არის. ბიბლიას შეუძლია დაგვეხმაროს, საჭირო ცვლილებები მოვახდინოთ და ისეთი თვისებები განვივითაროთ, რაც ნამდვილ მშვიდობას და ჰარმონიას შეუწყობს ხელს. ეს თვისებებია სიკარგე, სიკეთე, მოთმინება, თავშეკავება და სიყვარული. სიყვარულს „სრულყოფილი გამაერთიანებელი კავშირი“ ეწოდება (კოლოსელები 3:14). რატომ არის სიყვარული ასეთი გამორჩეული თვისება? ნახეთ, როგორ ახასიათებს მას ბიბლია:

  • „სიყვარული სულგრძელი და კეთილია. სიყვარულს არ შურს, სიყვარული არ ტრაბახობს, არ ყოყოჩობს, უწესოდ არ იქცევა, მხოლოდ საკუთარ თავზე არ ფიქრობს, არ ღიზიანდება და წყენას გულში არ იდებს, უმართლობით [ბოროტებით] არ ხარობს, არამედ სიმართლე ახარებს, ყველაფერს იტანს . . . და ყველაფერს ითმენს. სიყვარული არასოდეს მთავრდება“ (1 კორინთელები 13:4—8).

  • „ვისაც უყვარს, ბოროტს არ უკეთებს მოყვასს“ (რომაელები 13:10).

  • „რაც მთავარია, მთელი გულით გიყვარდეთ ერთმანეთი, რადგან სიყვარული უამრავ ცოდვას ფარავს“ (1 პეტრე 4:8).

რატომ გრძნობთ თავს თავისუფლად და დაცულად მათ შორის, ვისაც უყვარხართ? იმიტომ, რომ დარწმუნებული ხართ, მათ თქვენთვის საუკეთესო სურთ და განზრახ არასდროს მოგაყენებენ ტკივილს.

სიყვარული მსხვერპლის გასაღებადაც აღგვძრავს. სიყვარული ეხმარება ადამიანს, გაითვალისწინოს სხვები და ამისთვის ცხოვრების წესიც კი შეიცვალოს. მაგალითად, ერთ მამაკაცს, პირობითად გიორგის, ძალიან უნდოდა თავისი ახალდაბადებული შვილიშვილის გვერდით ყოფნა. მაგრამ პრობლემა ის იყო, რომ გიორგი ბევრს ეწეოდა, მის სიძეს კი არ სურდა, მას ბავშვთან მოეწია. როგორ მოიქცა გიორგი? მიუხედავად იმისა, რომ 50 წელი აქტიური მწეველი იყო, მან შვილიშვილის გამო მიატოვა ეს მავნე ჩვევა. მართლაც რამხელა ძალა აქვს სიყვარულს!

ბიბლია გვეხმარება, განვივითაროთ ისეთი თვისებები, როგორიცაა სიკარგე, სიკეთე და, რაც მთავარია, სიყვარული

სიყვარულს სწავლა სჭირდება. შვილები, ძირითადად, მშობლებისგან სწავლობენ, როგორ გამოავლინონ სიყვარული. მშობლები ზრუნავენ შვილებზე და იცავენ მათ; როცა ავად არიან, თავს ევლებიან. კარგი მშობლები დროს გამოყოფენ შვილებთან სასაუბროდ და ასწავლიან მათ. მეტიც, ისინი ცდილობენ, სწორად აღზარდონ შვილები და სწორის არასწორისგან გარჩევა ასწავლონ. რა თქმა უნდა, კარგი მშობლები კარგ მაგალითს აძლევენ შვილებს.

სამწუხაროდ, ზოგი მშობელი თავის მოვალეობას არ ასრულებს. ნიშნავს ეს იმას, რომ მათი შვილები არასდროს გახდებიან კარგი ადამიანები? სულაც არა! ბევრმა ზრდასრულმა ადამიანმა, მათ შორის ისეთებმა, რომლებიც არაჯანსაღ ოჯახურ გარემოში აღიზარდნენ, საოცარი ცვლილებები მოახდინეს საკუთარ თავში და ღირსეულ და მზრუნველ ადამიანებად ჩამოყალიბდნენ. მომდევნო სტატიიდან დავინახავთ, რომ ისეთებიც კი შეიცვალნენ, რომლებზეც ხელი ჰქონდათ ჩაქნეული.