არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲞᲠᲝᲑᲚᲔᲛᲐ

ხალხი თავს ვერ გრძნობს უსაფრთხოდ

ხალხი თავს ვერ გრძნობს უსაფრთხოდ

„უპრეცედენტო ტექნოლოგიური, მეცნიერული თუ ეკონომიკური წინსვლის მიუხედავად . . . ეს თაობა მსოფლიოს [პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ეკოლოგიურ] კატასტროფამდე მიიყვანს“. (გლობალური საფრთხეების შესახებ 2018 წლის ანგარიში, „მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი“).

ᲠᲐᲢᲝᲛ ᲒᲐᲛᲝᲗᲥᲕᲐᲛᲡ ᲨᲔᲨᲤᲝᲗᲔᲑᲐᲡ ᲑᲔᲕᲠᲘ ᲡᲐᲥᲛᲔᲨᲘ ᲩᲐᲮᲔᲓᲣᲚᲘ ᲐᲓᲐᲛᲘᲐᲜᲘ, ᲠᲝᲪᲐ ᲡᲐᲙᲘᲗᲮᲘ ᲩᲕᲔᲜᲡᲐ ᲓᲐ ᲩᲕᲔᲜᲘ ᲞᲚᲐᲜᲔᲢᲘᲡ ᲛᲝᲛᲐᲕᲐᲚᲡ ᲔᲮᲔᲑᲐ? ᲛᲝᲓᲘ ᲛᲝᲙᲚᲔᲓ ᲨᲔᲕᲔᲮᲝᲗ ᲓᲦᲔᲡ ᲐᲠᲡᲔᲑᲣᲚ ᲠᲐᲛᲓᲔᲜᲘᲛᲔ ᲞᲠᲝᲑᲚᲔᲛᲐᲡ:

  • ᲙᲘᲑᲔᲠᲓᲐᲜᲐᲨᲐᲣᲚᲘ. „დროის სვლასთან ერთად ინტერნეტსივრცე უფრო და უფრო საშიში ხდება. როგორც ერთ ავსტრალიურ გაზეთში ვკითხულობთ, „ის პედოფილების, შანტაჟისტების, ტროლებისა * და ჰაკერების თავშესაფარია. პირადი მონაცემების მოპარვა ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი დანაშაულებრივი ქმედებაა მსოფლიოში . . . მეტიც, ინტერნეტსივრცე დიდ გასაქანს აძლევს ადამიანს საიმისოდ, რომ უკიდურესად საშინელი ბოროტება და სისასტიკე ჩაიდინოს“ (The Australian).

  • ᲤᲘᲜᲐᲜᲡᲣᲠᲘ ᲣᲗᲐᲜᲐᲡᲬᲝᲠᲝᲑᲐ. ოქსფამის ბოლოდროინდელი მონაცემებით, მსოფლიოში რვა ყველაზე მდიდარი ადამიანი იმდენ ქონებას ფლობს, რამდენსაც ერთად აღებული 3,6 მილიარდი ღატაკი. „უსამართლო ეკონომიკის პირობებში მდიდარი ელიტა ღარიბების ხარჯზე კიდევ უფრო მდიდრდება, ხოლო ღარიბი ხალხი კიდევ უფრო ღატაკდება, რომელთა შორისაც უმრავლესობა ქალია“. ზოგი შიშობს, რომ მზარდი ეკონომიკური უთანასწორობა მასობრივ საპროტესტო აქციებს გამოიწვევს.

  • ᲙᲝᲜᲤᲚᲘᲥᲢᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲨᲔᲕᲘᲬᲠᲝᲔᲑᲐ. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის 2018 წლის მონაცემებით, „დღეს მსოფლიოში იძულებით გადაადგილებულ პირთა უმაღლესი მაჩვენებელი ფიქსირდება“. ბოლო დროს სხვადასხვა კონფლიქტისა თუ შევიწროების გამო 68 მილიონზე მეტ ადამიანს მოუწია საკუთარი სახლის დატოვება. როგორც ანგარიშშია ნათქვამი, „ყოველ 2 წუთში 1 ადამიანი იძულებით ტოვებს სახლს“.

  • ᲔᲙᲝᲚᲝᲒᲘᲣᲠᲘ ᲡᲐᲤᲠᲗᲮᲔ. „ბიომრავალფეროვნება უპრეცედენტო მასშტაბით ნადგურდება, — ნათქვამია გლობალური საფრთხეების შესახებ 2018 წლის ანგარიშში. — წყლისა და ჰაერის დაბინძურება სულ უფრო დიდ საფრთხეს უქმნის ადამიანთა ჯანმრთელობას“. გარდა ამისა, ზოგ ქვეყანაში კატასტროფულად მცირდება მწერების რაოდენობა. ვინაიდან მწერები დიდ როლს ასრულებენ მცენარეების დამტვერვაში, მეცნიერები მოსალოდნელი „ეკოლოგიური არმაგედონის“ შესახებ იტყობინებიან. მარჯნის რიფების განადგურებაც დიდ საფრთხეს უქმნის ეკოლოგიას. მეცნიერების ვარაუდით, ბოლო 30 წლის განმავლობაში მთელ პლანეტაზე არსებული მარჯნის რიფების დაახლოებით ნახევარი განადგურდა.

შეგვიძლია რაიმე ზომები მივიღოთ, დედამიწა უფრო უსაფრთხო ადგილად რომ ვაქციოთ? ზოგიერთები თვლიან, რომ ამისათვის ადამიანებს უფრო მეტი განათლება სჭირდებათ. თუ ასეა, რა სახის განათლებაა საჭირო? ამ კითხვებს მომდევნო სტატიებში გაეცემა პასუხი.

[სქოლიო]

^ მიუთითებს ადამიანზე, რომელიც აქვეყნებს არაადეკვატურ და პროვოკაციულ ინფორმაციას ინტერნეტსივრცეში.