არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲮᲔᲚᲘᲡᲣᲤᲚᲔᲑᲐ, ᲠᲝᲛᲔᲚᲘᲪ ᲒᲐᲓᲐᲭᲠᲘᲡ ᲞᲠᲝᲑᲚᲔᲛᲐᲡ

„მშვიდობას ბოლო არ ექნება“

„მშვიდობას ბოლო არ ექნება“

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ შეიმუშავა ახალი კონცეფცია, სახელწოდებით „გლობალური მოქალაქეობა“. ეს ახალი ინიციატივა ითვალისწინებს საერთაშორისო თანამშრომლობას, ადამიანთა უფლებების პატივისცემას და ჩვენი პლანეტის დაცვას. რამ განაპირობა ახალი კონცეფციის შემუშავება? როგორც გაეროს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, მაჰერ ნასერმა, ერთ ჟურნალში აღნიშნა, „კლიმატის ცვლილება, ორგანიზებული დანაშაული, მზარდი უსამართლობა, გადაუჭრელი კონფლიქტები, ხალხის მასიურად გადაადგილება, გლობალური ტერორიზმი [და] ინფექციური დაავადებები“ მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მცხოვრებ ადამიანებზე ახდენს გავლენას (UN Chronicle).

სხვების აზრით კი პრობლემები მხოლოდ მაშინ მოგვარდება, თუ მსოფლიოს ერთი ხელისუფლება ეყოლება. ასეთებს შორის იყვნენ იტალიელი ფილოსოფოსი, პოეტი და სახელმწიფო მოღვაწე დანტე ალიგიერი (1265—1321) და ფიზიკოსი ალბერტ აინშტაინი (1879—1955). დანტეს ღრმა რწმენით, მშვიდობა ვერ დაისადგურებდა პოლიტიკურად დაყოფილ მსოფლიოში. ბიბლიაშიც წერია, რომ „გაყოფილი სამეფო დაემხობა“ (ლუკა 11:17).

მას შემდეგ მალევე, რაც მეორე მსოფლიო ომში ორი ატომური ბომბი გამოიყენეს, ალბერტ აინშტაინმა გაეროს გენერალური ასამბლეის მისამართით გაზეთში ღია წერილი გამოაქვეყნა: „საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გაერომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა იმოქმედოს და ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ შექმნას ხელისუფლება, რომელიც მთელ მსოფლიოზე იმმართველებს“.

მაგრამ არსებობს იმის გარანტია, რომ ის პოლიტიკოსები, რომლებიც შექმნიან ამგვარ ხელისუფლებას, არ იქნებიან კორუმპირებულები, არაკომპეტენტურები და მჩაგვრელები? ან რა გარანტიაა, რომ ისინი სხვა ცუდი მმართველების კვალს არ გაჰყვებიან? ეს კითხვები გვახსენებს ინგლისელი ისტორიკოსის, ლორდ ექტონის ცნობილ სიტყვებს: „ძალაუფლება რყვნის, ხოლო აბსოლუტური ძალაუფლება აბსოლუტურად რყვნის“.

მსოფლიოში რომ ნამდვილი მშვიდობა დამყარდეს, ჯერ ხალხი უნდა გაერთიანდეს. მაგრამ როგორ შეიძლება ამის მიღწევა? არის კი ეს რეალური? ბიბლია გვარწმუნებს, რომ ამ მიზნის მიღწევა სავსებით შესაძლებელია. მაგრამ როგორ? ამას კორუმპირებული პოლიტიკოსებისგან შემდგარი მთავრობა კი არა, ღვთის მიერ შექმნილი ხელისუფლება შეძლებს! მეტიც, ამ ხელისუფლების მეშვეობით ღმერთი ყველას დაანახვებს, რომ მხოლოდ მას აქვს უფლება, იმმართველოს. ამ ხელისუფლებას ბიბლიაში „ღვთის სამეფო“ ეწოდება (ლუკა 4:43).

„ᲛᲝᲕᲘᲓᲔᲡ ᲨᲔᲜᲘ ᲡᲐᲛᲔᲤᲝ“

იესო ქრისტემ ლოცვის ნიმუშში სწორედ ღვთის სამეფო მოიხსენია: „მოვიდეს შენი სამეფო. შესრულდეს შენი ნება . . . დედამიწაზე“ (მათე 6:9, 10). დიახ, ღვთის სამეფო დედამიწაზე ღვთის ნებას შეასრულებს და არა ძალაუფლებას მოწყურებული ეგოისტი ადამიანების ნებას.

ღვთის სამეფოს აგრეთვე „ზეციერი სამეფოც“ ეწოდება, რადგან ის დედამიწაზე იმმართველებს ზეციდან და არა დედამიწიდან (მათე 5:3). უბრალოდ დაფიქრდით: ამ ხელისუფლებას არ სჭირდება ფინანსური მხარდაჭერა. რამხელა შვებაა ასეთი ხელისუფლების ქვეშევრდომობა!

სიტყვა „სამეფო“ იმაზე მიუთითებს, რომ ეს არის სამეფო ხელისუფლება. მას ჰყავს მეფე, იესო ქრისტე, რომელსაც ღმერთმა მისცა ეს უფლებამოსილება. იესოს შესახებ ბიბლიაში ვკითხულობთ:

  • „მას მიენდობა მმართველობა . . . მისი მმართველობა განივრცობა და მშვიდობას ბოლო არ ექნება“ (ესაია 9:6, 7).

  • „მას მიეცა ძალაუფლება, დიდება და სამეფო, რათა ყველანი — ხალხები, ერები და სხვადასხვა ენაზე მოსაუბრენი — მისი მსახურები ყოფილიყვნენ. მისი მმართველობა . . . არ დასრულდება“ (დანიელი 7:14).

  • „ქვეყნიერების სამეფო ჩვენი უფლისა [ღვთისა] და მისი ცხებულის სამეფო გახდა“ (გამოცხადება 11:15).

როგორც იესომ აღნიშნა ლოცვის ნიმუშში, ღვთის სამეფო დედამიწაზე ღვთის ნებას შეასრულებს. მისი მმართველობის დროს ადამიანები ისწავლიან, როგორ იზრუნონ ჩვენს პლანეტაზე ისე, რომ დედამიწამ დაიბრუნოს თავდაპირველი სახე და კვლავაც ჩქეფდეს მასზე სიცოცხლე.

რაც ყველაზე მთავარია, ღვთის სამეფოს ქვეშევრდომები საუკეთესო განათლებას მიიღებენ. ყველა ისწავლის ერთი და იმავე ნორმებით ცხოვრებას. აღარ იარსებებს განხეთქილება და აღარ დაიქსაქსება საზოგადოება. ესაიას 11:9-ში ვკითხულობთ: „ზიანს აღარავის მიაყენებენ და აღარაფერს მოსპობენ . . . რადგან დედამიწა იეჰოვას ცოდნით აივსება, როგორც ზღვაა წყლით სავსე“.

ის, რისი მიღწევაც გაეროს უნდოდა, რეალობად იქცევა — დედამიწის მოსახლეობა მართლაც გაერთიანდება და ერთმანეთთან მშვიდობა ექნებათ. ფსალმუნის 37:11-ში ნათქვამია: „გაიხარებენ დიდი მშვიდობით“. დროის სვლასთან ერთად დავიწყებას მიეცემა ისეთი სიტყვები, როგორიცაა: დანაშაული, დაბინძურება, სიღარიბე, ომი. როდის დადგება ეს სანატრელი დრო? როდის დაიწყებს ღვთის სამეფო მმართველობას დედამიწაზე? როგორ განახორციელებს თავის მმართველობას და პირადად თქვენ რა სიკეთეს მოგიტანთ? ამას შემდეგი სტატიიდან გაიგებთ.