არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲨᲔᲕᲘᲛᲡᲣᲑᲣᲥᲝᲗ ᲡᲢᲠᲔᲡᲘ

რა არის სტრესი

რა არის სტრესი

სტრესი არის ორგანიზმის საპასუხო რეაქცია რთულ სიტუაციაზე. ამ დროს ტვინი ენდოკრინულ სისტემას სიგნალს უგზავნის, რომ ჭარბად გამოყოს ჰორმონები. შედეგად, ხშირდება გულისცემა და სუნთქვა, იცვლება არტერიული წნევა და იჭიმება კუნთები. სანამ ადამიანი სიტუაციას ბოლომდე გააცნობიერებს, სხეული უკვე მზადაა ბრძოლისთვის. სტრესული სიტუაციის შემდეგ განგაშის ფაზა გადაივლის და ორგანიზმი ჩვეულ მდგომარეობას უბრუნდება.

ᲓᲐᲓᲔᲑᲘᲗᲘ ᲓᲐ ᲣᲐᲠᲧᲝᲤᲘᲗᲘ ᲡᲢᲠᲔᲡᲘ

სტრესი ორგანიზმის ნორმალური რეაქციაა, რაც რთულ და სახიფათო სიტუაციებთან გამკლავებაში გვეხმარება. საპასუხო რეაქცია ტვინიდან იწყება. დადებითი სტრესი გვეხმარება, სწრაფი რეაგირება მოვახდინოთ და დაუყოვნებლივ ვიმოქმედოთ; მივაღწიოთ მიზანს და საუკეთესოდ წარმოვაჩინოთ საკუთარი შესაძლებლობები სხვადასხვა სიტუაციაში, მაგალითად გამოცდის დროს, დამსაქმებელთან გასაუბრებისა თუ სპორტული შეჯიბრების დროს.

თუმცა ხანგრძლივი, გადაჭარბებული ან ქრონიკული სტრესი საზიანოა. მაგალითად, როცა ორგანიზმი ხშირად ან მუდმივად განგაშის ფაზაში იმყოფება, ეს ჩვენს ფიზიკურ, ემოციურ და ფსიქიკურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება. ამ დროს შეიძლება ვეღარ გავაკონტროლოთ საკუთარი საქციელი, რაც სხვებთან ურთიერთობაზეც იმოქმედებს. ქრონიკული სტრესის დროს ზოგი ნარკოტიკულ საშუალებებზე, მედიკამენტებსა და ალკოჰოლზე ხდება დამოკიდებული. ზოგსაც სხვა მავნე ჩვევები უვითარდება. საბოლოოდ ადამიანს შეიძლება დეპრესია დაემართოს, ემოციური და ფიზიკური ძალები გამოეცალოს ან თავის მოკვლის სურვილიც კი გაუჩნდეს.

მართალია, სტრესი ყველაზე ერთნაირად არ მოქმედებს, მაგრამ ფაქტია, რომ ის უამრავი დაავადების გამომწვევი მიზეზი ხდება. სტრესი თითქმის ყველა ორგანოს ფუნქციონირებაზე ახდენს გავლენას.