რატომ ვიტანჯებით, ვბერდებით და ვკვდებით?
ჩვენს შემოქმედს მამაშვილური გრძნობები აქვს ჩვენდამი, ამიტომ არ სურს, რომ ვიტანჯებოდეთ. მაშ, რატომ არის ჩვენი ცხოვრება ტკივილითა და მწუხარებით სავსე?
პირველმა მშობლებმა ტანჯვისთვის გაგვიმეტეს
„ერთი ადამიანის მეშვეობით შემოვიდა ცოდვა ქვეყნიერებაში და ცოდვის მეშვეობით — სიკვდილი, ამგვარად სიკვდილი გავრცელდა ყველა ადამიანზე“ (რომაელები 5:12).
ღმერთმა ჩვენს პირველ მშობლებს, ადამსა და ევას, სრულყოფილი გონება და სხეული უბოძა. მან ისინი დედამიწაზე, ულამაზეს ედემის ბაღში დაასახლა და უთხრა, რომ შეეძლოთ, ყველა ხის ნაყოფი ეჭამათ ერთის გარდა. თუმცა ადამმა და ევამ დაუმორჩილებლობა გამოავლინეს, იგემეს აკრძალული ხის ნაყოფი და შესცოდეს ღმერთს (დაბადება 2:15—17; 3:1—19). მან ურჩი წყვილი ედემის ბაღიდან გააძევა და ასე დამთავრდა მათი უზრუნველი ცხოვრება. გარკვეული დროის შემდეგ ადამსა და ევას შვილები ეყოლათ, რომლებმაც მშობლების ხვედრი გაიზიარეს — ისინიც დაბერდნენ და მოკვდნენ (დაბადება 3:23; 5:5). ადამისა და ევასგან მემკვიდრეობით ჩვენც გადმოგვეცა ავადმყოფობა, სიბერე და სიკვდილი.
სატანა და დემონები საწუხარს გვიმატებენ
„მთელი ქვეყნიერება ბოროტის ხელშია“ (1 იოანე 5:19).
ამ მუხლში მოხსენიებული „ბოროტი“ სატანაა. ის უხილავი სულიერი ქმნილებაა, რომელიც ეურჩა ღმერთს (იოანე 8:44; გამოცხადება 12:9). მოგვიანებით მას ანგელოზთა შორის მომხრეებიც გამოუჩნდნენ, რომლებსაც დემონები ეწოდათ. ეს ბოროტი სულები ყველაფერს აკეთებენ, რომ ადამიანები მოსიყვარულე შემოქმედს ჩამოაშორონ და ბოროტება ჩაადენინონ (ფსალმუნი 106:35—38; 1 ტიმოთე 4:1). სატანასა და მის დამქაშებს სიამოვნებას ჰგვრით ადამიანთა ტანჯვის ყურება.
ზოგჯერ ჩვენივე მიზეზით ვიტანჯებით
„კაცი, რასაც დათესავს, იმას მოიმკის“ (გალატელები 6:7).
მართალია, ცოდვილები ვართ და მთელი ქვეყნიერება ბოროტის ხელშია, მაგრამ ჩვენი ტანჯვის მიზეზი ზოგჯერ თავადვე ვხდებით. უგუნურ გადაწყვეტილებებს და არასწორ საქციელს ცუდ შედეგამდე მივყავართ, ხოლო ბრძნულ გადაწყვეტილებებსა და სწორ საქციელს — კარგ შედეგამდე. მაგალითად, მოსიყვარულე ოჯახისთავი, რომელიც პატიოსნად შრომობს, კარგ შედეგს იმკის და ოჯახის ბედნიერებას უწყობს ხელს. ამის საპირისპიროდ, ოჯახისთავი, რომელიც ზარმაცობს, აზარტული თამაშებით ერთობა ან ბევრს სვამს, საკუთარ თავსაც იმეტებს სიღატაკისთვის და ოჯახის წევრებსაც. ასე რომ, ბრძნულად მოვიქცევით, თუ ჩვენს შემოქმედს დავემორჩილებით, რომელსაც სურს, მშვიდად ვიცხოვროთ და ყოველივე საუკეთესოთი გავიხაროთ (ფსალმუნი 119:165).
ძნელად ასატან დროში ვცხოვრობთ
„ბოლო დღეებში . . . ადამიანები იქნებიან საკუთარი თავის მოყვარულები, ფულის მოყვარულები,.. მშობლების ურჩები,.. თავშეუკავებლები, სასტიკები, კარგის მოძულეები“ (2 ტიმოთე 3:1—5).
დღეს ადამიანები სწორედ ისე იქცევიან, როგორც ღვთის სიტყვაშია ნაწინასწარმეტყველები. ესეც იმაზე მოწმობს, რომ დღევანდელი ქვეყნიერების „ბოლო დღეებში“ ვცხოვრობთ. ბიბლიიდან იმასაც ვიგებთ, რომ ჩვენი დროისთვის დამახასიათებელი იქნებოდა ომები, საკვების უკმარისობა, მიწისძვრები და დაავადებები (მათე 24:3, 7, 8; ლუკა 21:10, 11). ეს ყველაფერი ადამიანთა ტანჯვისა და სიკვდილის მიზეზი ხდება.