ᲛᲡᲝᲤᲚᲘᲝ ᲥᲐᲝᲡᲨᲘᲐ
4 | იმედის თვალით შეხედეთ მომავალს
ᲠᲐᲢᲝᲛ ᲐᲠᲘᲡ ᲛᲜᲘᲨᲕᲜᲔᲚᲝᲕᲐᲜᲘ:
მსოფლიოში არსებული მდგომარეობა ხალხს ფიზიკურ და ემოციურ ძალებს აცლის. ბევრი იმდენადაა დათრგუნული, რომ ყველაფრის იმედი აქვს დაკარგული. რაში გამოიხატება მათი უიმედობა?
-
ზოგს საერთოდ არ უნდა მომავალზე ფიქრი.
-
ზოგი გამოსავალს ნარკოტიკსა და ალკოჰოლში ეძებს.
-
ზოგი თვითმკვლელობაზე ფიქრობს, რადგან მათი აზრით, სიცოცხლის გაგრძელება აღარ ღირს.
რა უნდა იცოდეთ:
-
ბევრი პრობლემა დროებითია და მდგომარეობა შეიძლება მოულოდნელად უკეთესობისკენ შეიცვალოს.
-
მაშინაც კი, თუ სიტუაცია უკეთესობისკენ არ იცვლება, არსებობს გზები, რომლებიც პრობლემის ატანაში დაგეხმარებათ.
-
ბიბლია უტყუარ იმედს გვაძლევს, რომ ყოველგვარი პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ჩაჰბარდება.
რა უნდა გააკეთოთ:
ბიბლიაში ნათქვამია: „ნურასდროს დაიწყებთ წუხილს ხვალინდელ დღეზე, ვინაიდან ხვალინდელი დღე თავის სადარდებელს მოიტანს; ყოველ დღეს ისედაც თავისი გასაჭირი აქვს“ (მათე 6:34).
ზედმეტად ნუ იწუხებთ ხვალინდელ დღეზე. ამან შეიძლება იმდენად მოგიცვათ, რომ დღეს გასაკეთებელი საქმეებისთვის ძალები აღარ შეგრჩეთ.
იმაზე წუხილი, რაც შეიძლება არც კი მოხდეს, დამატებით სტრესს შეგიქმნით და მომავლის იმედს დაგიკარგავთ.
ბიბლია იმედს გვისახავს
ძველად მცხოვრებმა ფსალმუნმომღერალმა ღმერთს უთხრა: „შენი სიტყვა ლამპარია ჩემი ფეხისთვის და სინათლეა ჩემი სავალისთვის“ (ფსალმუნი 119:105). რა მხრივ ჰგავს ბიბლია ლამპარს და სინათლეს?
სიბნელეში ლამპარი გზას გვინათებს, რომ ფეხი არაფერს წამოვკრათ. მსგავსად, ბიბლიური სიბრძნე სირთულეების დროს სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში გვეხმარება.
მკაფიო სინათლის წყალობით სავალ გზასაც ვხედავთ და შორს მდებარე საგნებსაც. მსგავსად, ბიბლია მომავლის იმედს გვაძლევს, რითაც ჩვენს ცხოვრებაში სინათლის სხივი შემოაქვს.