არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲒᲐᲜᲬᲘᲠᲣᲚᲘᲐ ᲩᲕᲔᲜᲘ ᲞᲚᲐᲜᲔᲢᲐ?

ჰაერი

ჰაერი

ᲰᲐᲔᲠᲘ სიცოცხლეს გვინარჩუნებს. გარდა იმისა, რომ ვსუნთქავთ, ის მზის სახიფათო ულტრაიისფერი სხივებისგანაც გვიცავს. რომ არა ჰაერი, დედამიწაზე ტემპერატურა მკვეთრად დაეცემოდა და ძლიერი ყინვა იქნებოდა.

საფრთხე

ჰაერის დაბინძურება სერიოზულ საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული სტანდარტების მიხედვით, მსოფლიო მოსახლეობის მხოლოდ ერთი პროცენტი სუნთქავს სუფთა ჰაერს.

დაბინძურებული ჰაერი ისეთი დაავადებების მიზეზი ხდება, როგორებიცაა ფილტვის კიბო და რესპირატორული თუ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. ყოველ წელს დაახლოებით 7 მილიონი ადამიანი სწორედ დაბინძურებული ჰაერის გამო კვდება.

ჩვენი პლანეტის თვითგადარჩენის უნარი

ჩვენს პლანეტას აქვს უნარი, სუფთა ჰაერით უზრუნველყოს ყველა ცოცხალი არსება. ჰაერის გაწმენდა ბუნებრივი პროცესებით ბევრად მარტივად ხდება, როცა ადამიანები გადაჭარბებულად არ აბინძურებენ მას. დავფიქრდეთ რამდენიმე ფაქტზე:

  • ყველასთვის ცნობილია, რომ ტყეები შთანთქავენ ნახშირორჟანგს; თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ მანგროს ხეები, რომლებიც ჭარბტენიან ტერიტორიებზე ხარობენ, ამ საქმეს ბევრად უკეთ ართმევენ თავს. მანგროს ტყეები ხუთჯერ მეტ ნახშირორჟანგს შთანთქავენ, ვიდრე ტროპიკული ტყეები.

  • ახლახან ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ ზღვის დიდი მცენარეები, მაგალითად მურა წყალმცენარე, არა მხოლოდ შთანთქავს, არამედ, ასე ვთქვათ, მარხავს ატმოსფეროში არსებულ ნახშირორჟანგს. ამ წყალმცენარეს ღეროებზე ჰაერით გაჯერებული ბუშტუკები აქვს, რისი მეშვეობითაც ხანგრძლივად შეუძლია წყლის ზედაპირზე ტივტივი. რაღაც დროის შემდეგ ეს ბუშტუკები სკდება და ნახშირორჟანგით სავსე მურა წყალმცენარე ფსკერზე ეშვება. ამგვარად, ის საუკუნოდ მარხავს ნახშირორჟანგს ოკეანის ფსკერზე.

  • ჩვენს ატმოსფეროს თვითგაწმენდის უნარი რომ აქვს, კარგად გამოჩნდა კოვიდ-19 პანდემიის პერიოდში. 2020 წელს, როცა თითქმის ყველა ქარხანა გაჩერდა და ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდა, ჰაერის ხარისხი საგრძნობლად გაუმჯობესდა. ამავე წელს გამოქვეყნებული ერთ-ერთი ანგარიშის თანახმად, გამოკითხული ქვეყნების 80 პროცენტზე მეტმა აღნიშნა, რომ „ლოკდაუნის“ დაწყებიდან მალევე ჰაერი საგრძნობლად გაიწმინდა.

ადამიანების მცდელობა

ველოსიპედით გადაადგილება შეამცირებს ჰაერის დაბინძურებას.

მთავრობები ბიზნესმენებს მოუწოდებენ, ნაკლებად დააბინძურონ გარემო. მეცნიერებიც ახალ-ახალ გზებს ეძებენ, რომ დაბინძურებამ ნაკლები ზიანი მიაყენოს ეკოსისტემას. მაგალითად, მათ მიაგნეს მეთოდს, როგორ გარდაქმნან დამაბინძურებლები მიკრობების მეშვეობით არატოქსიკურ ნივთიერებებად. ისინი მოუწოდებენ ხალხს, გაუფრთხილდნენ ელექტროენერგიას და ავტომობილებით სარგებლობის ნაცვლად ფეხით ან ველოსიპედით გადაადგილდნენ.

ჰაერი რომ არ დაბინძურდეს, ზოგ ქვეყანაში მთავრობა მოსახლეობას თანამედროვე ღუმლებით უზრუნველყოფს; თუმცა ბევრს კვლავაც არ მიუწვდება ხელი მათზე.

თუმცა 2022 წელს გამოქვეყნებული საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და მსოფლიო ბანკის ანგარიშის თანახმად, ბევრად მეტის გაკეთებაა საჭირო.

ამავე ანგარიშში აღნიშნული იყო, რომ 2020 წელს მსოფლიო მოსახლეობის მესამედი საჭმლის მომზადებისას ჰაერისთვის საზიანო საწვავს იყენებდა. ფაქტია, ძალიან ცოტას თუ მიუწვდება ხელი უახლესი ტექნოლოგიებით დამზადებულ ღუმლებზე ან გარემოსთვის შედარებით უსაფრთხო საწვავზე.

იმედის საფუძველი — რას ამბობს ბიბლია

„აი, რას ამბობს ჭეშმარიტი ღმერთი იეჰოვა, ცის შემოქმედი . . . დედამიწისა და მისი ნაყოფის გამშლელი, მასზე მცხოვრებთათვის სუნთქვის ჩამდგმელი“ (ესაია 42:5).

ჰაერი, რომელსაც ვსუნთქავთ და ბუნებრივი ციკლები, რომლებიც მის გაწმენდას ემსახურება, მოსიყვარულე და ძლევამოსილი ღვთის შექმნილია. ლოგიკურია დავასკვნათ, რომ მას იმის ძალაც შესწევს, სრულად გაწმინდოს ჰაერი, რომელიც ადამიანის დაუდევრობის შედეგად ბინძურდება. გაეცანით სტატიას „ღმერთი გვპირდება, რომ დედამიწა არასოდეს განადგურდება“.