არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

Georgette Douwma/Stone via Getty Images

ᲒᲐᲜᲬᲘᲠᲣᲚᲘᲐ ᲩᲕᲔᲜᲘ ᲞᲚᲐᲜᲔᲢᲐ?

ოკეანეები

ოკეანეები

ᲝᲙᲔᲐᲜᲔᲔᲑᲘᲡ ბიოლოგიურ რესურსებს არა მხოლოდ კვების მრეწველობაში, არამედ მედიცინაშიც იყენებენ. ოკეანეები ჟანგბადის 50 პროცენტზე მეტს აწარმოებს და კლიმატის რეგულირებას უწყობს ხელს. გარდა ამისა, შთანთქავს სათბურის აირებს, რომლებიც ადამიანის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნება.

საფრთხე

კლიმატის ცვლილება საფრთხეს უქმნის მარჯნის რიფებს, მოლუსკებსა თუ ზოგადად წყალქვეშა სამყაროს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ 30 წელიწადში რიფების ყველა სახეობა, რომლებზეც წყალქვეშა სამყაროს ბინადართა სულ მცირე 25 პროცენტის სიცოცხლეა დამოკიდებული, გადაშენების სერიოზული საფრთხის წინაშე იქნება.

ექსპერტების გამოთვლებით, საკმაოდ დიდია იმ ზღვის ფრინველთა პროცენტული მაჩვენებელი, რომელთა ორგანიზმშიც პლასტიკი ხვდება. ფიქრობენ, რომ ოკეანეებში პოლიეთილენისა და პლასტიკის ნარჩენები ყოველწლიურად მილიონობით ზღვის ბინადარს უსწრაფებს სიცოცხლეს.

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა, 2022 წელს ასეთი განცხადება გააკეთა: „ჩვენ არ ვუფრთხილდებით ოკეანეებს. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ოკეანეები საგანგაშო მდგომარეობაშია“.

ჩვენი პლანეტის თვითგადარჩენის უნარი

ოკეანეებს და მათში არსებულ ცოცხალ ორგანიზმებს თვითგაწმენდის უნარი აქვთ. როგორც ერთ წიგნში იყო აღნიშნული, რომ არა ადამიანების მხრიდან გადაჭარბებული დაბინძურება, ამ უნიკალური უნარის გამო ოკეანეებს საფრთხეს ვერაფერი შეუქმნიდა (Regeneration: Ending the Climate Crisis in One Generation). დავფიქრდეთ რამდენიმე ფაქტზე:

• პაწაწინა ორგანიზმი ფიტოპლანქტონი შთანთქავს დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგს — ერთ-ერთ ძირითად აირს, რომელიც გლობალური დათბობის მიზეზი ხდება. ფიტოპლანქტონს თითქმის იმდენივე ნახშირორჟანგის შეკავება შეუძლია, რამდენიც ერთად აღებულ ხმელეთის მცენარეებს.

• მიკრობები მკვდარი თევზის ნარჩენებით იკვებებიან; თუმცა თავადაც ხდებიან წყლის სხვა ბინადართა ლუკმა. ეს თანმიმდევრული პროცესი „ოკეანეების გასუფთავებას ემსახურება“, — აღნიშნულია ერთ-ერთი ვებგვერდის სტატიაში (Smithsonian Institution Ocean Portal).

• წყლის მაღალი მჟავიანობა დიდ საფრთხეს უქმნის მარჯნის რიფებს, მოლუსკებსა თუ სხვა ცოცხალ ორგანიზმებს, თუმცა ოკეანის ბინადართა საჭმლის მომნელებელი სისტემა ისეა მოწყობილი, რომ შეუძლიათ საგრძნობლად დაწიონ წყლის მჟავიანობა.

ადამიანების მცდელობა

თუ მრავალჯერადი მოხმარების ნივთებით ვისარგებლებთ, ნაკლებად დავაბინძურებთ ოკეანეებს.

თუ ოკეანეს არ დავაბინძურებთ, მას არც გაწმენდა დასჭირდება. ამიტომ ექსპერტები მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ პლასტმასისა და პოლიეთილენით სარგებლობის ნაცვლად არჩევანი შეაჩერონ მრავალჯერადი გამოყენების ნივთებზე, იქნება ეს კონტეინერი, ჩანთა თუ სხვა.

მაგრამ ეს საკმარისი არაა! არც ისე დიდი ხნის წინ ერთმა ორგანიზაციამ, რომელიც გარემოს დაცვაზე ზრუნავს, ერთ წელიწადში 112 ქვეყნის სანაპიროებიდან თითქმის 9 000 ტონა ნაგავი შეაგროვა, რომელიც წყალმა გამორიყა. თუმცა ყოველწლიურად ოკეანეებში გაცილებით დიდი რაოდენობის ნაგავი ხვდება.

ერთ-ერთ ჟურნალში აღნიშნული იყო, რომ ოკეანეებში მჟავიანობის მატება ჯერ-ჯერობით გადაულახავი პრობლემაა. ადამიანები იმდენად დიდი რაოდენობის საწვავს მოიხმარენ და იმდენად აბინძურებენ ოკეანეებს, რომ წყლის ბინადრები ვერ ახერხებენ მათ გასუფთავებას (National Geographic).

იმედის საფუძველი — რას ამბობს ბიბლია

„სავსეა დედამიწა შენი ნაშრომით. აურაცხელი სულდგმულია უკიდეგანო და ვრცელ ზღვაში — დიდი თუ პატარა“ (ფსალმუნი 104:24, 25).

შემოქმედმა ოკეანეს და მის ბინადრებს თვითგაწმენდის უნარი უბოძა. დაფიქრდით: თუ ღმერთმა ეს ყველაფერი შექმნა, ნუთუ ვერ შეძლებს, გამოასწოროს ზიანი, რომელიც ადამიანებმა მის ნამოქმედარს მიაყენეს?! გაეცანით ამავე ჟურნალის მე-15 გვერდზე დაბეჭდილ სტატიას „ღმერთი გვპირდება, რომ დედამიწა არასოდეს განადგურდება“.