არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲒᲐᲜᲬᲘᲠᲣᲚᲘᲐ ᲩᲕᲔᲜᲘ ᲞᲚᲐᲜᲔᲢᲐ?

მტკნარი წყალი

მტკნარი წყალი

ᲬᲧᲚᲘᲡ გარეშე დედამიწაზე ცხოვრება წარმოუდგენელია, განსაკუთრებით კი მტკნარი წყლის გარეშე. ცოცხალი ორგანიზმების შემადგენელი ძირითადი კომპონენტი სწორედ რომ წყალია. ტბები, მდინარეები, ჭარბტენიანი ტერიტორიები და მიწისქვეშა წყლები სასმელად ვარგისი წყლით უზრუნველყოფს როგორც ადამიანებს, ისე ცხოველებს. მტკნარი წყლის გარეშე ვერც ნიადაგს მოვრწყავდით და ვერც მოსავალს მოვიწევდით.

საფრთხე

ჩვენი პლანეტის უდიდესი ნაწილი წყლითაა დაფარული. თუმცა მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, მხოლოდ 0,5 პროცენტია ვარგისი გამოსაყენებლად. მართალია, ეს სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ დედამიწაზე სიცოცხლემ იარსებოს, მაგრამ მტკნარი წყლის უმეტესი ნაწილი ან ბინძურდება, ან გაზრდილი მოთხოვნილებისა და კლიმატური ცვლილებების გამო ხელმიუწვდომელი ხდება. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 30 წელიწადში 5 მილიარდ ადამიანს სასმელ წყალზე შეზღუდული წვდომა ექნება.

ჩვენი პლანეტის თვითგადარჩენის უნარი

დედამიწაზე მიმდინარე ბუნებრივი პროცესები ხელს უწყობს, რომ არასდროს ამოიწუროს წყლის მარაგი. გარდა ამისა, ნიადაგი, წყალქვეშა სამყარო და მზის სხივებიც კი წყლის გასუფთავებასა და გაფილტვრას ემსახურება. დავფიქრდეთ რამდენიმე ფაქტზე, რაც იმაზე მოწმობს, რომ ჩვენს პლანეტას თვითგადარჩენის უნარი აქვს.

  • კვლევებმა ცხადყო, რომ ნიადაგი წყალს დამაბინძურებლებისგან ასუფთავებს. ჭარბტენიან ტერიტორიებზე ისეთი მცენარეები ხარობს, რომლებიც წყალს აზოტის, ფოსფორისა და პესტიციდებისგან ათავისუფლებს.

  • მეცნიერებმა შეისწავლეს, როგორ ხდება ორგანული ნარჩენებისგან წყლის გასუფთავება ფიზიკური და ბიოლოგიური პროცესების შედეგად. როცა დამაბინძურებელი ნივთიერებები გამდინარე წყლებში ხვდება, ჯერ იხსნება, შემდეგ კი მიკროორგანიზმების მეშვეობით მთლიანად ნადგურდება.

  • მტკნარი წყლის მოლუსკებს შეუძლიათ რამდენიმე დღეში გაასუფთაონ წყალი მავნე ქიმიკატებისგან. საინტერესოა, რომ წყლის გამწმენდ სადგურებზე ბევრად ეფექტურად ეს პაწაწინა მოლუსკები ასრულებენ საქმეს.

  • წყლის უწყვეტი წრებრუნვა ხელს უწყობს, რომ ჩვენს პლანეტაზე წყლის მარაგი შენარჩუნდეს. ეს ციკლი და სხვა ბუნებრივი პროცესები განაპირობებს, რომ წყალი ატმოსფეროში არ გაიფანტოს ან სხვა მიზეზით არ დაიკარგოს.

ადამიანების მცდელობა

თუ ვიზრუნებთ, რომ ავტომობილიდან ზეთმა არ გაჟონოს და ტოქსიკური ნივთიერებები შესაბამისად გადამუშავდეს, მტკნარი წყლის დაბინძურებას თავიდან ავირიდებთ.

ექსპერტები გვირჩევენ, გონივრულად გამოვიყენოთ წყალი. წყლის დაბინძურება თავიდან რომ ავირიდოთ, ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ ჩვენი ავტომობილებიდან ზეთმა არ გაჟონოს. გარდა ამისა, სიფრთხილე გვმართებს, რომ საკანალიზაციო მილში არ მოხვდეს რაიმე მედიკამენტი ან ტოქსიკური ნივთიერება.

ინჟინრებმა, რომელთა მიზანიც სასმელი წყლის მარაგის გაზრდაა, მარილიანი წყლის გამტკნარების ახალ მეთოდებს მიაგნეს.

თუმცა ეს მაინცდამაინც სახარბიელო გამოსავალი არ არის, რადგან წყლის ამ მეთოდით გამტკნარებას საკმაოდ დიდი ფინანსები და რესურსი სჭირდება. 2021 წელს გაერომ წყლის მენეჯმენტის შესახებ გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც ნათქვამი იყო, რომ სასმელად ვარგისი წყლის მარაგის გასაზრდელად მეტი პროგრესია საჭირო.

იმედის საფუძველი — რას ამბობს ბიბლია

ღმერთს „მაღლა ააქვს წყლის წვეთები და ნისლი წვიმად იქცევა. შემდეგ ღრუბლებიდან იღვრება წვიმა და კაცობრიობას ესხურება“ (იობი 36:26—28).

ღმერთმა ბუნებრივი ციკლები დედამიწაზე წყლის შესანარჩუნებლად შექმნა (ეკლესიასტე 1:7).

დაფიქრდით: თუ შემოქმედმა ყველა პირობა შექმნა საიმისოდ, რომ დედამიწაზე სუფთა წყალს ეარსება, ლოგიკური არ არის გვჯეროდეს, რომ მას სურვილიც აქვს და ძალაც, საბოლოოდ გამოასწოროს ის ზიანი, რომელიც ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან რესურსს ადამიანმა მიაყენა? გაეცანით ამავე ჟურნალის მე-15 გვერდზე დაბეჭდილ სტატიას „ღმერთი გვპირდება, რომ დედამიწა არასოდეს განადგურდება“.